ნუნუ მიცკევიჩი: „ჩვენ ვიზრუნეთ ამ აბიტურიენტებზე, ისინი დაიშვებიან იზოლირებულად გამოცდაზე, დაწერენ ტესტებს“

-„განათლების სამინისტროს არ სურდა ხისტი ყოფილიყო, რეკომენდაციების გასაჯაროების დროც ამიტომ გაიწელა.

მაღალი ტემპერატურით აბიტურიენტების გამოცხადების ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა.

პისიარ ტესტირებით არც ერთთან არ დადასტურდა კორონავირუსი, ჩვენ  იმდენად მოქნილები და იმდენად მორგებული ვართ თითოეული აბიტურიენტის ინტერესზე, – არც ერთი აბიტურიენტი მაღალი სიცხის გამო არ მოიხსენება გამოცდიდან და მთლიანად ვიღებთ პასუხისმგებლობას, თუ ეს არ იქნება კოვიდთან დაკავშირებული შემთხვევა და არ დადასტურდება პისიარ-ტესტირებით.

მოწყობილია სარეზერვო სივრცეები, რომელიც იმ აბიტურიენტებისთვის მომზადდა, რომელთაც 37,5-მდე სიცხე დაუფიქსირდებათ.

ამასთან, გამოიყო სივრცე, სადაც უკვე სხვა ტიპის ფიზიკური ბარიერია სამი მხრიდან შემოსაზღვრული და აბსოლუტურად იზოლირებულად განთავსებიან ის პაციენტები, რომლებსაც არა აქვთ პისიარ-ტესტირება ჩატარებული და აღმოაჩნდებათ 37,5-ზე მაღალი ტემპერატურა.  ჩვენ ვიზრუნეთ ამ აბიტურიენტებზე, ისინი დაიშვებიან იზოლირებულად გამოცდაზე, დაწერენ ტესტებს და გამოცდის შემდეგ მოხდება მათი პისიარ-ტესტით გადამოწმება.

თუ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდება, მას უკვე ჯანდაცვის სამინისტრო გადაიბარებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საკმაოდ მშვიდად და მოწესრიგებულად მიმდინარეობს. აბიტურიენტებმა გაითავისეს და გაიზიარეს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოწოდებული იყო, მათ მაღალ თვითშეგნებაზე და პასუხისმგებლობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რადგან არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც მათ საგამოცდო პროცესის მიმართ პრეტენზია გამოთქვეს და ისინი მხოლოდ და მხოლოდ დადებით გამოხმაურებას გვიზიარებენ“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა „დღის ქრონიკაში“.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შეტანილი ცვლილებებით, აბიტურიენტებს, რომელთაც ცხელების გამო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაუშვებენ, მოგვიანებით  პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით ტესტირების შედეგად  კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ, გამოცდაში მონაწილეობის უფლება მიეცემათ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, აბიტურიენტები შესაბამის გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა ტარდება რამდენიმე დღეს/რამდენიმე სესიად და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია.

„2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზნებისათვის, ცენტრი უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების მონაწილეობას შესაბამის გამოცდაზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციების („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის“) შესაბამისად არ დაიშვნენ გამოცდაზე და რომელთაც პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) მეთოდით ტესტირების შედეგად არ დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსი“, – აღნიშნულია მიხეილ ჩხენკელის ბრძანებაში.

დოკუმენტი 8 ივლისს „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა და მაშინვე ამოქმედდა.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ორი დღის მონაცემებით, მაღალი ტემპერატურის გამო, გამოცდებიდან 2 აბიტურიენტი მოიხსნა. აპლიკანტები  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საგამოცდო პროცესს გამოეთიშნენ.  PCR ტესტირება ჩაუტარდათ, პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

-„ტესტის პასუხების შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება,  ეს პირები საგამოცდო პროცესს დაუბრუნდებიან. ორ აბიტურიენტს  ჩაუტარდათ PCR ტესტირება, საბედნიეროდ მათ კოვიდ ინფექცია არ აღმოაჩნდათ. სამინისტროსთან ერთად ყველაფერი გავაკეთეთ, რომ  ეს აბიტურიენტები ჩავრთოთ საგამოცდო პროცესში. ამიტომ ვფიქრობ,  მათ წელს ამის პრობლემა არ ექნებათ და საბოლოოდ ისინი გამოცდებს არ გამოეთიშებიან“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ.

მისი თქმით, 2 აბიტურიენტი დაგვიანების, ასევე 2, ტემპერატურის გამო გამოცდაზე არ დაიშვა. იყო სამი სახის სექტორი, საგამოცდო, სპეცსაჭიროების სტუდენტისთვის და ერთი სარეზერვო. იქ განვათავსებდით იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებოდათ, თუმცა რეკომენდაციიდან გამომდინარე ექიმის შემოწმების შემდეგ მათი დაშვება სექტორებში შეგვეძლო. სარეზერვო სექტორში, სადაც სიცხიანი აბიტურიენტები დაიშვა, განთავსდა მხოლოდ 4 აბიტურიენტი.

2020 წლის ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციის თანახმად, აპლიკანტს, რომელსაც გამოცდის დღეს დაუფიქსირდება 37,5-ზე მაღალი ტემპერატურა, თან უნდა ჰქონდეს PCR ტესტირების უარყოფითი შედეგი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გამოცდიდან იხსნება. ტესტის პასუხი ვალიდური 72 საათის მანძილზეა, ამ დროის გასვლის შემდეგ თუ გამოცდები დასრულებული არ აქვს, აპლიკანტმა ტესტი განმეორებით უნდა ჩაიტაროს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება.

საგამოცდო ცენტრების ტექნიკურად არის აღჭურვილი.

გამოცდები ჩატარდება ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

საგამოცდო ცენტრები და სექტორები ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებითაა მოწყობილი.

საგამოცდო ცენტრში პირბადით მისულ აბიტურიენტს, მაგიდასთან დაჯდომამდე ჯერ თერმოსკრინინგის და დეზობარიერის გავლა მოუწევს. პირბადის მოხსნა კი მხოლოდ გამოცდის დაწყების შემდეგ შეეძლება. ორმეტრიანი დაშორებით განთავსებულ თითოეულ მაგიდაზე დამონტაჟებული ექნება დამცავი ფარი. სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში, ტემპერატურის მიხედვით, იმოქმედებს სპეციალური წესები და საჭიროების შემთხვევაში აბიტურიენტს იზოლირებულ სივრცეში გადაიყვანენ. 37,5 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მას გამოცდიდან მოხსნიან.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი :

6 ივლისი -11 ივლისი – ქართული ენა და ლიტერატურა (I სესია)

12 ივლისი – ისტორია (I სესია) (II სესია)

13 ივლისი – ისტორია (I სესია)  (II სესია)

14 ივლისი – მათემატიკა (I სესია)

15 ივლისი – მათემატიკა (I სესია)

16 ივლისი – ბიოლოგია (I სესია)

17 ივლისი – (I სესია) რუსული ენა, ინგლისური ენა; (II სესია) ინგლისური ენა,

ფრანგული ენა

18 ივლისი – (I სესია) რუსული ენა, ინგლისური ენა; (II სესია) ინგლისური ენა;

19 ივლისი – (I სესია) გერმანული ენა; ინგლისური ენა; (II სესია) ინგლისური ენა;

20 ივლისი – ზოგადი უნარები (I სესია) (II სესია)

21 ივლისი – ზოგადი უნარები, ლიტერატურა (I სესია)

22 ივლისი – ფიზიკა, სახვითი ხელოვნება (I სესია)

23 ივლისი -გეოგრაფია (I სესია)

24 ივლისი – ქიმია (I სესია)

25 ივლისი -სამოქალაქო განათლება; სტუდენტთა საგრანტო კონკურსი (I სესია)

საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი:

1 აგვისტო (პირველი სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;

2 აგვისტო (პირველი სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა;

3 აგვისტო (პირველი და მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;

4 აგვისტო (პირველი და მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით 25 ივლისს ერთ სესიად (პირველი სესია) ჩატარდება.

გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 35 წუთია.2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 3600-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.

2020 წლის 30 აპრილს დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია.

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

კომენტარები