„ნუ გაგიტყდებათ გული, ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, ღმერთი მოგვცემს მადლსა და ძალას და ჩვენ კიდევ ვნახავთ სიხარულს!“ – ილია მეორე

-„ნუ გაგიტყდებათ გული, ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, ღმერთი მოგვცემს მადლსა და ძალას და ჩვენ კიდევ ვნახავთ სიხარულს!“

ჩვენ ვცხოვრობთ ამქვეყნად და ხშირად ვერ ვგრძნობთ, ვერ ვხედავთ იმას, რა არის მიზანი ჩვენი ცხოვრებისა, რას ვაკეთებთ. ზოგი ცხოვრობს თავისთვის, ზოგი ცხოვრობს სხვებისთვის. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვისთვის. მე მინახავს ასეთი ადამიანები, მაგრამ ცოტაა. ადამიანი მაინც თავის თავზე ფიქრობს. ჩვენი დიდი პოეტი ამბობს: „რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია“.

ადამიანის ცხოვრება იმდენად რთულია, რომ ვერ გაიგებ, როდის ცხოვრობ შენთვის და როდის – სხვისთვის.

თქვენ იცით, პატრიარქობამდე აფხაზეთის მიტროპოლიტი ვიყავი. იმ დროს აფხაზეთის უდაბნოში ცხოვრობდა ორი მონაზონი. იქ ბევრი ცხოვრობდა, მაგრამ ესენი ერთად იყვნენ. ისინი მიამბობდნენ: „ერთხელ მოვიხედეთ და კოჭლობით დათვი მოდის ჩვენკენ, შევედით კელიაში, შეგვეშინდა, მოვიდა და გვაჩვენებს ფეხს. თურმე ლურსმანი თუ პატარა რკინა შერჭობია და ვერ იღებდა. ჩვენ პატარაზე გავაღეთ კარი და გაზით ამოვიღეთ ეს ლურსმანიო“. წავიდა და ერთი-ორი საათის შემდეგ მოაქვს სიმინდის ფუჩეჩი, გლეხების ბოსტონში გადასულა, მოუკრეფავს ეს ფუჩეჩი და მოუტანა ამ მონაზვნებს. ასე დამეგობრდნენ ეს დათვი და მონაზვნები. ძირითადად, ბერძნები ცხოვრობდნენ იქ. ერთმა ბერძენმა მოკლა ეს დათვი, ალბათ არ იცოდა, რომ ის მოშინაურებული იყო.

საოცარი ცხოვრება ჰქონდათ ამ ბერებს უდაბნოში. ერთი მონაზონი იყო, დედა ნატალია. მე ვეკითხები: „დედა ნატალია, როგორ ხარ?!“ – ის მპასუხობდა: „მე ვარ დედოფალი, უდაბნოს დედოფალიო“. გამოუთხრია მიწა, იქ შემძვრალა და ის იყო მისი სასახლე; თავისი თავი მიაჩნდა დედოფლად. აი, ამაზე ბევრი მიფიქრია და მინდა, რომ თქვენც იფიქროთ, რა არის მიზანი ადამიანის ცხოვრებისა?! როდის არის ადამიანი კმაყოფილი, ბედნიერი და როდის არ არის?!

ხშირად ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი აქვს, მდიდარია, მაგრამ ბედნიერი არ არის. აი, ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გული გაგვითბეს, გულში შევიდეს უფალი. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მისაღწევია.

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ ნუ გაგიტყდებათ გული, ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, – არის! ღმერთი მოგვცემს მადლსა და ძალას და ჩვენ კიდევ ვნახავთ სიხარულს. სიხარული სიყვარულის შედეგია. სიყვარული თუ აქვს ადამიანს, სიხარულიც ექნება. ღმერთი არის სიყვარული.

ღმერთი იყოს თქვენთან და ჩვენთან. ღმერთმა ინებოს ჩვენი სულიერი გადარჩენა. გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა.

ჩვენთან არს ღმერთი!“

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე.
10 მაისი, 2020 წელი

კომენტარები