ნუ ეტყვი სიბერეს სამდურავს-ცოდვაა! ნურც სახის ნაოჭი გაშინებს სარკეში…
ნუ ეტყვი სიბერეს სამდურავს-ცოდვაა!
ნურც სახის ნაოჭი გაშინებს სარკეში…
სიცოცხლე ძალიან,ძალიან ცოტაა-
სინანულს არ მისცე უფლება თარეშის!
სიძულვილს ნუ ეტყვი დათოვლილ ჭაღარას,
დღეს ხარ და ხვალ იქნებ…ვინ იცის,აღარა…
გულით ხომ ბავშვი ხარ,ისევე პატარა-
წლებია ჭაღარა…ფერია,განა რა?..
ნუ წუხხარ,აბა იმ მთებმა სულ რაღა ქნან,
ზაფხულში სიცივემ რომ გამოაყარა?!
ნუ ჩივი,ზოგი ხის ნაყოფი ვეღარ მწიფს,
რადგანაც უდროოდ ქარმა ჩამოყარა…
პატივი მიაგე თვალებთან ნაწვიმარს,
გვალვისგან მიწაც ხომ მრავალგზის დამსკდარა…
არ ვიცით ცხოვრება,ვის როდის გაწირავს-
ილოცე,შუბლზე თუ ხაზები გაკმარა!..
ნუ ეტყვი სიბერეს ხმას ცივს და დამცინავს,
თვალებში დარდი და ნაღველი ჩამდგარა…
დაცინვა სიბერის არასდროს გაბედო,
გახსოვდეს,სანამდე ღმერთი არ გამწყრალა…
………………
ნუ ეტყვი სიბერეს სამდურავს-ცოდვაა!
ნურც სახის ნაოჭი გაშინებს სარკეში…
სიცოცხლე ძალიან,ძალიან ცოტაა-
სინანულს არ მისცე უფლება თარეშის!..
ია ნანეიშვილი