ოთო კახიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, ხორაცას საქმეში გიორგი მენაბდის როლს განმარტავს და დასკვნიდან ამონაწერს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთო კახიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, ხორაცას საქმეში გიორგი მენაბდის როლს განმარტავს და დასკვნიდან ამონაწერს ასაჯაროვებს:

-„ფარდულში ასევე იმყოფებოდა გ.მ., რომელიც დავით სარალიძესთან ჩხუბის დროს დაიჭრა ზურგის არეში. გ.მ.-ს უშუალო ფიზიკური შეხება ჰქონდა დავით სარალიძესთან – მის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე აღმოჩნდა სარალიძის სისხლი.

გამოძიებას არ დაუმუშავებია ვერსია, რომელიც გაარკვევდა გ.მ.-ს როლს დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, თუმცა კი არსებობს ჩვენება, რომ მას ხელში ეჭირა რაღაც საგანი.

მოწმეთა ჩვენებებით გამოძიებას პირველივე დღეებში ჰქონდა ინფორმაცია, რომ ფარდულში დავით სარალიძესთან უშუალო შეხება ჰქონდა სულ რამდენიმე პირს, მათ შორის გ.მ-ს.

გამოძიებისთვის ასევე ცნობილი გახლდათ, რომ გ.მ.-ს ტანსაცმელზე შეიძლება ყოფილიყო სისხლი. აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა დამუშავებულიყო ვერსია, რომელიც დაადგენდა, მონაწილეობდა თუ არა გ.მ. დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში.

გამოძიებას არ ჩაუტარებია სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც დაადასტურებდა ან გამორიცხავდა ამ ვერსიას, კერძოდ;

ა) არ გაჩხრიკეს გ.მ.-ს საცხოვრებელი ბინა;

ბ) არ ამოიღეს მისი ფეხსაცმელი;

გ) არ გაჩხრიკეს თ.ქ.-ს საცხოვრებელი ბინა, სადაც გაირეცხა გ.მ.-ს სისხლიანი ტანსაცმელი;

ე) გ.მ.-ს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს არასრულყოფილად – არ დაადგინეს ხორავას ქუჩა N4-იდან გაქცევის მარშრუტი და არ მიიყვანეს გ.მ. ხორავას N26-ში;

ვ) გ.მ.-ს მობილური ტელეფონი არ ამოიღეს 21 დეკემბრამდე, ამოღების შემდეგ კი მასში საქმისთვის საჭირო მტკიცებულებები აღარ იყო;

ზ) არ განახორციელეს გ.მ.-ს ფარული სატელეფონო მიყურადება;

თ) არ ამოიღეს გ.მ.-სა და თ.ქ.-ს კომპიუტერები;

ი) არ ამოიღეს გ.მ.-ს კომუნიკაცია მესამე პირებთან, მათ შორის, არც გ.ჯ.-სა და გ.მ.-ს 1 დეკემბრის მიმოწერა საქმის გასარჩევად წასვლამდე.

გამოძიების არდაწყება გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე

2017 წლის 2 დეკემბერს დაიკითხა გ.მ., რომელმაც განაცხადა, რომ ჩხუბის დროს მას ზურგის არეში მიაყენეს დაზიანება (კერძოდ, გულმკერდის უკან, ხერხემლის ხაზიდან 1.5 სმ-ით მარცხნივ, დაახლოებით, მე-8-9 ნეკნების მიმდებარედ). მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია მყისიერად გახდა ცნობილი გამოძიებისთვის, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა მხოლოდ 12 დეკემბერს, ასევე, არ დაიწყო გამოძიება გ.მ.-ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით და არ ჩატარდა შესაბამისი მოქმედებები დამნაშავის გამოსავლენად.”

არც ერთი მოხელე, გამომძიებელი თუ პროკურორი, რომელიც ამ საქმეს აყალბებდა, ფიგურანტებს ხელს აფარებდა, საგამოძიებო მოქმედებებს არ ატარებდა და ხელს უწყობდა მტკიცებულებების განადგურებას – დღემდე არ მიუციათ პასუხისგებაში,“ – წერს ოთო კახიძე.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გიორგი მენაბდე დააკავეს.

კომენტარები