„ოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილია“ – სუს-ი

ოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილია, – ამ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს:

-„ოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილია.

მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი.

უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“.

კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხესთან ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

35 წლამდე მამაკაცი ქვემო ჭალის მკვიდრია. დაკავების ფაქტს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

კომენტარები