ოკუპირებული გალის რაიონსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელი გამშვები პუნქტი ჩაკეტილია

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებული გალის რაიონსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელი ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა.
ხიდის ჩაკეტვის მოთხოვნით რაულ ხაჯიმბას ე.წ. პარლამენტმა 25 ივნისს მიმართა. აფხაზური მედიასაშუალებების ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ე.წ. „დეპუტატმა“ დიმიტრი დბარმა სხდომაზე ამ მოთხოვნის მიზეზად დაასახელა საქართველოს პარლამენტში “ევროპული საქართველოს” წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადება, რომლითაც თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე რუსეთის დელეგაციის წევრებს მიმართა:
“ვხოცავდი თქვენიანებს, ვხოცავდი აფხაზეთში, ვხოცავდი და დავხოცავ”. დიმიტრი დბარი ასევე ე.წ. გენერალურ პროკურატურას მიმართავს აკაკი ბობოხიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის მუხლით და სრული სიმკაცრით აგოს პასუხი ამ განცხადების გამო. დეპუტატი ითხოვს ასევე, რომ რუსეთმა საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადოს “ევროპული საქართველოს” წევრი.
საზღვრის ჩაკეტვით გალელ ახალგაზრდებს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობაში ხელი შეეშლებათ – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.
მისი თქმით, ამ საკითხზე პარტნიორების დახმარებით კომუნიკაცია მეორე მხარესთან ყველა ფორმალური და არაფორმალური არხით ხორციელდება. ამას გარდა განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობენ სქემაზე, რათა გალელმა აბიტურიენტებმა შეძლოს საგამოცდო ცენტრებში მისვლა.
„ჩვენთვის ახლა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ ადამიანების ინტერესებზე ზრუნვა, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან ამ უკანონო შეზღუდვით. შესაბამისად, ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ვართ ჩართული, რომ ეს შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები