ოკუპირებული ცხინვალის საპყრობილეში მყოფ ზაზა გახელაძეს მამა, მეუღლე და შვილები შეხვდნენ. შეხვედრა ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“

ოკუპირებული ცხინვალის საპყრობილეში მყოფ ზაზა გახელაძეს მამა, მეუღლე და შვილები შეხვდნენ. შეხვედრა ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ დახმარებით მოხერხდა.

-„ამდენი თვის განმავლობაში გვინდოდა ზაზას ნახვა, ამის უფლებას არ გვაძლევდნენ.„წითელმა ჯვარმა“ შეძლო, შეეთანხმებინა შეხვედრა. პაემნების ოთახში შევხვდით. შეხვედრისთვის ორ საათზე მეტი დრო მოგვცეს. ჯანმრთელობის მხრივ ნორმალურადა არის, ჭრილობა აღარ აწუხებს. გვითხრა, რომ ციხეში ეთნიკური ნიშნით ზეწოლა არ ხდება. გასაჩივრებაზე უარი იმიტომ თქვა, ამ თორმეტწლიანი განაჩენის შეცვლის იმედი მაინც არ ჰქონდა.

მითხრა, აქ პატიმარი კი არ ვარ, სათამაშო ვარ, რომელიც ოსებს სჭირდებათ, ახსენეს მსგავსი რაღაცები, – თქვენები ერთ პატიმარს მაინც რატომ ვერ ელევიან, რომ გაგცვალონო, არ დააკონკრეტა, ეს სიტყვები ვინ უთხრა, ან რომელ პატიმარს გულისხმობდნენ.  საკანში ტელევიზორიც აქვს, ახალ ამბებს ეცნობა, ძალიან უიმედოდ არის. დამშვიდობება გაგვიჭირდა, მაგრამ რას ვიზამდით”, – განაცხადა ირმა ბუთხუზმა.

5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯეს.

33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

კომენტარები