ოკუპირებული ცხინვალის „სასამართლომ“ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ-მა უზენაესმა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ზაზა გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ზაზა გახელაძის ოჯახის ინფორმაციით, განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება. მათი ადვოკატი ამ ზომას მიმართავს, თუმცა მასთან კონტაქტი ჯერ არ ჰქონიათ.

ოჯახს იმედი ჰქონდა,  გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ იქნებოდა, რადგან ოკუპანტების ჩვენებები ამის იმედს აძლევდათ.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, ის ფეხში დაიჭრა. დე-ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. ზაზა გახელაძეს გასული წლის 24 დეკემბერს წინასწარი პატიმრობის ვადა მეორედ, ორი თვით გაუხანგრძლივდა. დაკავების ფაქტი დაადასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

-„მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი.

უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“.

საქართველოს ხელისუფლებამ, ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დროს, ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

კომენტარები