ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ არანაკლებ 800 მეტრზე მდებარე დასახლებას მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა კომიტეტში განსახილველად წარმოადგინა კანონპროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ არანაკლებ 800 მეტრზე მდებარე დასახლებას მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.

კრიტერიუმების განხილვის გარეშე, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება 80% და მეტი მაღალმთიანი დასახლებების მქონე მუნიციპალიტეტების დანარჩენ დასახლებებსაც, რომელიც 800 მეტრ და მეტ ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე მდებარეობს. ასევე, 2000-ზე ან მეტი ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე მდებარე დასახლებაში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად ნაცვლად 9 თვის ფაქტობრივად ცხოვრების პირობისა განისაზღვრება 6 თვით ფაქტობრივად ცხოვრების მოთხოვნა.

მომხსენებლის განცხადებით:

„კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ სოფლების მოსახლეობისათვის ოკუპაციის ზოლთან ცხოვრება რთულია, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით. გარდა ამისა მიმდინარეობს სოფლების სასოფლო-სამეურნეო და სახნავ-სათესი მიწების მიტაცება ოკუპანტების მიერ. არსებული მძიმე პირობებში ცხოვრების შესამსუბუქებლად მთის განვითარების ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით 800 მეტრზე და მეტზე მდებარე დასახლებებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიასთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ მდებარეობს მიენიჭოს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე“.

ამ დროისათვის, საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს ქვეყნის 1,737 დასახლებას და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 246 ათასზე მეტი მოქალაქე.

კომენტარები