“ბავშვობაში სულ ნატვრის თვალზე ვოცნებობდი…” – ბლიც-ინტერვიუ მერაბ კოსტავას ქალიშვილთან, თამთა კოსტავასთან:
“თვალსაზრისი” გთავაზობთ ჟურნალისტ ლანა ბიბილურიძის ექსკლუზიურ ბლიც-ინტერვიუს, მერაბ კოსტავას ქალიშვილთან, თამთა კოსტავასთან:
– როგორ ბრძანდებით თამთა? თქვენ ცხოვრობდით ამერიკაში და დაბრუნდით საქართველოში. როგორი ცხოვრება დაგხვდათ აქ?
– ცამეტი წლის ვიყავი, როცა ამერიკაში წავედი და ოცი წლის შემდეგ დავბრუნდი. როცა ჩამოვედი მეგონა საქათმეში მოვხვდი. მიწევდა რეგიონებში სიარული – ბერებთან კვეთებულებზე. რეგიონის ცხოვრებას რომ ვხედავდი ვგიჟდებოდი.
– რას წერენ, რას ამბობენ ჩვენზე ამერიკაში? გვიცნობენ ქართველებს?
– მე პატარა ვიყავი როცა ამერიკაში ჩავედი და მაშინ იცნობდნენ შევარდნაძეს, სტალინს.. ახლა ყველაფერი ცნობილია და მეტი ინფორმაცია აქვთ. განსაკუთრებით, მიშამ ომი რომ წამოიწყო, ერთი ამბავი ატყდა და ყველამ გაიგო ვინ იყვნენ ქართველები. ასე ამბობდნენ ამერიკელები: ქართველებს მგონი მესამე მსოფლიო ომის დაწყება უნდათო..
– გაიხსენეთ მამასთან შეხვედრის უკანასკნელი დღე…
– მამაჩემი უნდა წასულიყო რეგიონში. ჯერ სპორტის სასახლესთან იყო მიტინგი. ვთხოვდი მეც წამოვალ მეთქი. მამამ თქვა საბავშვო საქმეზე არ მივდივარო და არ წამიყვანა.
– როგორ გაიხსენებდით ემიგრაციას? –
– ამერიკაში ვსწავლობდი სკოლაში, უნივერსიტეტში. მყავდნენ უცხოელი მეგობრები: ჩინელები, ტიბეტელები, ლათინები, ინდიელები, ზანგები.. კარგად მახსენდება ის დრო.
– თქვენ ხატავთ. პირველი გამოფენა როგორ გახსენდებათ?
– პირველი გამოფენა საქართველოში სისაურების გალერეაში მქონდა, ასევე ამერიკაშიც მქონდა გამოფენა. ამერიკის სამხატვრო ინსტიტუტში ხშირად ვაწყობდით სტუდენტები გამოფენას.
– საქართველოს დახატვა რომ გთხოვოთ, როგორ დახატავდით?
– ქართლის დედას აბსტრაქტულად.. ხალხს დავხატავდი პასტელის ფერებით.
– უკან რომ მოიხედავთ, რაიმეს ნანობთ?
– გურიკო რომ შემიყვარდა, მაგას ვნანობ.
– რას დაატარებთ გულით?
– მუსლიმანებს.. მაგალითად კადაფზე შემტკივა გული. კადაფი რომ მოკლეს ვტიროდი. მას საკუთარი ხალხი ძალიან უყვარდა. არაფატს რომ დაარტყეს ერთი ამბავი ავტეხე ამერიკაში.
– ჩვენი ეპოქა როგორ ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში?
– მჯერა საქართველოს კარგი მომავალი ექნება. იმიტომ რომ გვყავს წმინდანები და ისინი ზრუნავენ ჩვენ კარგ ცხოვრებაზე.
– რომელი წმინდანი გიყვართ განსაკუთრებით?
– ბერი გაბრიელი. პატრიარქი ძალიან საყვარელი ადამიანია. მიყვარს.
– ამბობენ ცხოვრება თეატრია. ადამიანები კი მსახიობები არიანო. თქვენ რა როლი გერგოთ ცხოვრებისეულ თეატრში?
– არ შემიძლია მსახიობობა. ერთადერთი – თეატრში წავიკითხავდი პოეზიას.
– გიყვართ პოეზია?თქვენი საყვარელი პოეტი?
– გალაკტიონი…
– რა არის სამშობლო თქვენთვის?
– წმინდანები, ჩვენი ქართველი ერისკაცები, ხალხთან რომ არიან დაკავშირებული.
– ბავშვობის მძაფრი მოგონება – რა გახსენდებათ?
– მერაბის გარდაცვალება.
– მამის ნივთებიდან რაიმე გიყვართ გამორჩეულად?
– ბავშვობაში სულ ნატვრის თვალზე ვოცნებობდი. მამას ჰქონდა დიდი კრისტალი, არ ვიცი მთიდან წამოიღო თუ აჩუქეს. კრისტალი ჰგავდა ნატვრის თვალს.. განსაკუთრებით მომწონდა.
– რისთვის გჭირდებოდათ ნატვრის თვალი?
– მინდოდა მეპოვნა თამარ მეფის საფლავი.
– ყველაზე კარგი რჩევა, რაც მამას მოუცია…
– ქალს დაემსგავსე, ბიჭივით ნუ დარბიხარო (იცინის)
– მამა რომ ცოცხალი იყოს, რას ეტყოდით ან გეტყოდათ?
– მე მინდა, მამაჩემთან მქონდეს ღრმა სულიერი ურთიერთობა. ეს არამხოლოდ ცოცხალთან, გარდაცვლილთანაც შეიძლება..
– ზვიად გამსახურდია ხშირად იყო თქვენი სტუმარი?
– მაშინ ბავშვი ვიყავი, ბევრი რამ არ მახსოვს.. ხშირად მივდიოდი ზვიადთან, მანანასთან უფრო.
– დღევანდელ საქართველოში ვის დააჯილდოვებდით ღირსების ორდენით?
– მოჭადრაკე ქალებს. ძალიან ძლიერი ტვინი აქვთ. ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი.
– რას ჰკითხავდით უფალს?
– თუ შემიძლია შემდეგ ცხოვრებაში უბიწოდ შობილი ვიყო?
– წინა ცხოვრებაში ვინ იყავით?
– ბიჭი ვიყავი, მუსლიმანი.
– ქრისტიანობა, ჩვენი რელიგია გწამთ?
– ქრისტე თუ ებრაელია, მაშინ ქრისტიანობა მიუღებელია. თუ სხვა ტომებიდან მოდიოდა, მაშინ მისაღებია.
– მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია რომ ოცნებობდა ისეთი საქართველო გვაქვს?
– დამოუკიდებლები ვართ ყოველ შემთხვევაში. დიდ ბრძოლებს გავდივართ მსოფლიო ძალებთან.
– რას ფიქრობთ გენდერულ თანასწორობაზე?
– ჩვენ ქალები დაჩაგრულები არ ვართ, კაცებთან შედარებით. მეფეც ხომ გვყავდა ქართველი. ჩვენი ქვეყანა ისეა მოწყობილი სამუშაოები არაა კაცების. ქალებს აქვთ სამუშაო და აღებული აქვთ ფუნქციები. კაცები დაჩაგრულები არიან.
– აფხაზეთის დასაბრუნებლად ომია საჭირო თუ მოლაპარაკება?
– ომით ვერ დავიბრუნებთ აფხაზეთს, მოლაპარაკებაა საჭირო. რუსეთთან თუ მოგვიწევს ომი წავაგებთ.
– თქვენ იცნობდით ჯაბა იოსელიანს. როგორი პიროვნება იყო?
– ძალიან მიყვარდა.
– მერაბ კოსტავას სუსტი და ძლიერი მხარეები..
– გაუტეხელი იყო, სიტყვის პატრონი, არავის იმეტებდა გასაწირად. არავის გაწირავდა. მისთვის უსარგებლო ადამიანები არ არსებობდნენ. ყველაში დადებითს ეძებდა.
– ყველაზე მეტად ვისი პრობლემები გაწუხებთ?
– პენსიონერები, ინვალიდები, ომის ვეტერანები,მეშახტეები, მრავალშვილიანები, თუნდაც ერთი შვილი ჰყავდეს მშობელს, მასაც სჭირდება დახმარება.
– რომ არა მხატვარი,ვინ იქნებოდით?
– წონის გამო ვერ გეტყვით, მაგრამ ბალერინა.
– მამაკაცის იდეალი…
– ის , ვინც შემიყვარდება, მინდა იყოს სამხედრო პირი. თუნდაც ერთი ფეხი ჰქონდეს, მაინც სამხედრო პირი მომწონს. ამერიკაში არის უილიამ კუპერი და მისნაირი მომწონს.
– მერაბისნაირი არა?
– მე სამხედრო პირი მინდა.
– 9 აპრილის შემართება ისევ იქნება საქართველოში?
– ეგ გზა გავიარეთ უკვე მთლიანად. ტანკები აღარ გვინდა რუსთაველზე. სისხლის ღვრა აღარ გვინდა. საჭიროა გონიერი ტვინები, რომ არ იღვრებოდეს სისხლი და კეთდებოდეს საქმე.
– დღეს როგორ ცხოვრობს ეროვნული გმირის შვილი?
– როგორც საქართველო ცხოვრობს ისე..
ესაუბრა ლანა ბიბილურიძე

ყურადღება:
ინტერვიუ ექსკლუზიურია, ჩაწერილია სპეციალურად “თვალსაზრისისთვის.” გადაბეჭდვის შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (“საინფორმაციო სააგენტო “თვალსაზრისი”) და ავტორის (ლანა ბიბილურიძე) მითითება!