ონის 13 სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს:

-„რაჭაში 13 სოფელს, მათ შორის, გლოლასა და შოვს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.

ელექტროგადამცემი ხაზების აღსადგენად სამუშაოები კიდევ სამ სოფელში გრძელდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებულიწყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას”, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიის ზონაში მუშაობას განაგრძობენ.

რაჭაში, სტიქიის ზონაში, მეექვსე დღეა, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის სალიკვიდაციო-აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ონის მუნიციპალიტეტში მდინარის კალაპოტში დასაბრუნებლად სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე საავტომობილო მოძრაობისთვის დროებითი გადასასვლელები ეწყობა.

ინტენსიური სამუშაოების შედეგად, დღეს უკვე შესაძლებელია სოფელ ჟამიერეთთან მისასვლელი გზით სარგებლობა. გზის ამ დაზიანებულ მონაკვეთზე მოეწყო მილები და ყრილი, რამაც ავტომობილების მიმოსვლა შესაძლებელი გახადა.

დროებითი გადასასვლელი მოეწყო ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის დაზიანებულ 127-ე და 128-ე კმ-ზე, რითაც შესაძლებელი გახდა სამუშაოების დაწყება 129-ე კმ-ზე ჩაშლილი გზის დროებით აღსადგენად. სოფელ ხიდეშლებთან დამაკავშირებელ გზაზე, მძიმე ტექნიკის გამოყენებით, უკვე ატანილია სარმისხიდის ორი ნაწილი. დარჩენილი სამი ნაწილის ატანის შემდეგ დაიწყება ხიდის მონტაჟის სამუშაოები.

დილიდან განახლდა სოფელ ლანგვანთაში დაზიანებულ ხიდზე, სარმის ხიდის ორი სექციის სამონტაჟო სამუშაოები. უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა რვა სოფელთან. ჯერჯერობით, ხუთი სოფელი რჩება სამანქანო გზის გარეშე და მიმდინარეობს სამუშაოები დროებითი გზების მოსაწყობად. სოფლების ნაწილთან კავშირი დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით ხორციელდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სპეციალისტები სტიქიის ზონაში ქალაქონის წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის აღდგენისა და ძველი სათავო ნაგებობისწმენდის სამუშაოებს განაგრძობენ“.

კომენტარები