ოპოზიციამ არჩილ თალაკვაძეს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა საბჭოთა ჰიმნით შეაწყვეტინა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ოპოზიციამ არჩილ თალაკვაძეს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა რამდენიმე წუთით შეაწყვეტინა.

პარლამენტის თავმჯდომარე ოკუპაციაზე ლაპარაკობდა, როდესაც მმართველი გუნდის ოპონენტებმა პარლამენტის სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა სასესიო დარბაზი მანდატურების დახმარებით დატოვა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა:

„ყველაზე შესაფერისი, რაც ამ დროს დარბაზში შეიძლებოდა გაჟღერებულიყო, ეს საბჭოთა კავშირის ჰიმნია და ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

პერფორმანსი მმართველ ძალას ხელს არ შეუშლის, რომ დღევანდელი სხდომა ჩაატარონ, მაგრამ ოპოზიცია ელოდება, რომ ამ ყველაფერზე პასუხს არჩევნებში მიიღებენ“.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რომ სხდომათა დარბაზში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ და რა გზავნილი იყო ეს უცხოელი დიპლომატებისთვის, ნადირაშვილმა უპასუხა:

„ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა კარგად იციან, რაც ამ ქვეყანაში ხდება და ამის გამოხატულებაა ის წერილები, რომლებიც დღეში რამდენიმე მოდის“. “გზავნილი, რომ საქართველოში თითქმის, საბჭოთა კავშირია, ისედაც მისულია ყველა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორამდე”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 

 

კომენტარები