„ოპოზიციის გარეშე პარლამენტი მაინც იმუშავებს – ყველა, ვინც ამას აკეთებს, არის მიხეილ სააკაშვილზე ჩამოკიდებული – თუ აღიარებ იმ კაცს ლიდერად, კი ბატონო“ – დავით ზურაბიშვილი

-„დეჟავიუ მაქვს 2008 წელზე. 2008 წელს, როდესაც არჩევნების შემდეგ მაშინდელი ოპოზიციის დიდმა ნაწილმა პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა, ვიღაცები შევიდნენ. არ გამოვრიცხავ, ახლაც ასე მოხდეს, შეიძლება, ერთი-ორმა თქვას, – „მე შევალ“. სხვათა შორის მოიგებს, ვინც ასე მოიქცევა, არ წააგებს. მაშინდელმა პარლამენტმა არაფერი წააგო, იყო უსახური პარლამენტი ისტორიაში, რაც მახსოვს. ოპოზიცია კი გამარგინალდა ქუჩაში. არ მიკვირს, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ აკეთებს ამას. არის შიში, – მოღალატეებად, ბიძინა ივანიშვილთან შეკრულებად არ გამოცხადდნენ. ეს ფეხებზე უნდა დაიკიდო, თუ გინდა, დამოუკიდებელი პოლიტიკოსი იყო და არ იყო მიხეილ სააკაშვილს აკიდებული. ყველა, ვინც ამას აკეთებს, არის მიხეილ სააკაშვილზე ჩამოკიდებული, რადგან ლიდერი არის სააკაშვილი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27 პროცენტი მიიღო, რეალურად პოლარიზებული არჩევნები ჩატარდა, უმრალესობამ ხმა ორ პარტიას მისცა, იმ ერთი პარტიის ლიდერი ვინც არის, ის არის მთავარი მოთამაშე. ეს არის 2X2=4. თუ აღიარებ იმ კაცს ლიდერად, კი ბატონო. თუ არ აღიარებ, შენი თამაში გინდა, დამოუკიდებლად გინდა გამოვკვეთო შენი სახე, მაშინ პარლამენტში არ შესვლის აყოლა, წავა „ნაცმოძრაობის“ მომენტისკენ. ეს წაგებული თამაში. „ოცნების“ ოცნებაა, – გააფორმოს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირებად და ამას უკეთებენ ახლა. ოპოზიცია, რასაც აკეთებს, არის, რომ ყველა დადგა სააკაშვილის გვერდით.

ოპოზიციის გარეშე პარლამენტი მაინც იმუშავებს, განსაკუთრებული არაფერი მოხდება. დავუშვათ მოხდა, – პარლამენტში არცერთი არ შევიდა. ეს ნიშნავს, – პარლამენტში „ქართლი ოცნების“ 91 წარმომადგენელი იქნება და გააგრძელებენ საპარლამენტო მუშაობას. რაში იქნება შეზღუდული ვერ ვიგებ, რადგან კონსტიტუციის ცვლილებას ისინი არ აპირებენ, რა ცვლილებაც უნდოდათ, უკვე განხორციელებულია. კარგიც არის, – ვერ შეძლებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. განვიხილავ ვარიანტს, – დავუშვათ, ვერავინ მოისყიდა, ვერ „იჩალიჩა“ ვერაფერი, რომ 10 კიდევ კაცი შეიყვანოს, ჩემი აზრით არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება. გააგრძელებს მუშაობას. შექმნის ფსევდო ოპოზიციას, 6 კაცს გამოყოფს, იტყვის, – თქვენ იქნებით ოპოზიცია. საპარლამენტო ცხოვრება იქნება. ოპოზიციის პოზიცია გაუმართლებელია და ეს წაგებული თამაშია“, – განაცხადა  ექსპერტმა, დავით ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

მანდატებზე უარი დღეს ოფიციალურად თქვეს „პატრიოტთა ალიანსმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ლელომ“ და „ნაციონალუმა მოძრაობამ“.

 

კომენტარები