ორი გვამი მინდას რეალური ისტორია ანუ როგორ დაიგეგმა გია კრიალაშვილის მკვლელობა

საქართველოში მთავარ პოლიტიკურ მოვლენად იქცა გასაიდუმლოებული სპეცოპერაცია თბილისის გარეუბანში. გვიან ღამით, მუხროვანის სამხედრო ამბოხიდან 2 კვირის თავზე, პოლიციამ მოკლა ამბოხის ერთ-ერთი მოთავე, პოლკოვნიკი გია კრიალაშვილი.
მაშინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილის საყოველთაოდ მოთხოვნილი ორი გვამიდან ერთი სწორედ გია კრიალაშვილი აღმოჩნდა.
რუსებთან მებრძოლი, პატრიოტი, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული გია კრიალაშვილი, მაშინდელი მთავრობის მორიგი ახირების მსხვერპლი გახდა და თან მრავალგზის მცდელობით, იგი დეზერტირად და რუსეთის აგენტად შეერაცხათ.
რთული და მძიმეა დღემდე ვანო მერაბიშვილოს მკაცრი და მტკიცე ფრაზის მოსმენა “ორი გვამი მჭირდება, ორი გვამი მომიტანეთ, მორჩა!”
ალბათ მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ ეს კადრები დღის სინათლეს იხილავდა.
დღეს ვანო მერაბიშვილი თავისუფალია, თავისუფალია და პოლიტიკური ამბიციები ისევ უსაზღვრო აქვს. მაშინ როცა უდანაშაულოდ გაწირული პოლკოვნიკის შვილები, დედა და და ოჯახის სხვა წევრები სამართლის ძიებაში დღემდე უამრავ უსამართლობას აწყდებიან.

მაშინ ორმხრივ სროლაში მძიმედ დაჭრეს ოფიცრები კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე. რამდენიმე წლის შემდეგ ლევან ამირიძე ერთ-ერთ გამომცემლობასთან ინტერვიუში მომხდარის შესახებ ყვებოდა:
“ჩვენ მაშინ მოვახერხეთ და დავტოვეთ მუხროვანის ტერიტორია და წიწამურის მთებიდან გადავედით მამკოდას ტყეში. გამოცხადდა ძებნა, მეტიც პრეზიდენტმა გასცა ლიკვიდაციის ბრძანება. კობამ ნახა თავისი ახლობელი და სთხოვა, რომ გავეყვანეთ უსაფრთხო ადგილას. როგორც მერე გაირკვა, ეს პიროვნება შსს-ს მიერ ყოფილა დამუშავებული. ავღმოჩნდით პოლიციის ალყაში, მანქანაში ჩაგვცხრილეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გია ადგილზე მოკლეს, ჩამოგვყარეს მანქანიდან და თქვენ წარმოიდგინეთ, დაჭრილები ვეგდეთ ქუჩაში და ამ დროს კობას ხელი და ფეხი დაუცხრილეს“, – ამბობდა ლევან ამირიძე

2009 წლის 5 მაისს მუხროვანის სამხედრო ნაწილში არშემდგარი ამბოხის მონაწილეთა სასამართლო პროცესი 2010 წლის 11 იანვარს დასრულდა. სასამარლომ 41 ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, დაკითხა 100-ზე მეტი მოწმე. სხვადასხვა მუხლით პატიმრობა სულ 19 მსჯავრდებულს მიუსაჯეს. მუხროვანის საქმის 3 მთავარ განსასჯელს ბრალი ამბოხის ორგანიზებასა და დაუმორჩილებლობაში წაუყენეს.
სასამრთლომ კობა ოთანაძეს 29, ლევან ამირიძეს 28, ხოლო შოთა გორგიაშვილს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ და სასამართლოზე დუმილის უფლებით სარგებლობდნენ. შესაბამისად, სასამართლომ გადაწყვეტილება მხოლოდ შსს-ს მიერ მოპოვებული ოპერატიული ცნობებით და დაკითხული მოწმეების ჩვენებების საფუძველზე მიიღო.

“არანაირი მუხროვანის ამბოხი არ ყოფილა. იმ დღეს მე და გია კრიალაშვილმა ლევან ამირიძე მუხროვანში ავიყვანეთ. მიზეზი ის იყო, რომ წინა დღეს ლევანის ოფიცრები და შტაბის უფროსი დაიჭირეს. ვიცოდით, თანამშრომლებს ეს უნდა გაეპროტესტებინათ. სიტუაციის გარკვევასა და უკან დაბრუნებას ვაპირებდით. ლევანს აინტერესებდა, რისთვის დაიჭირეს ბიჭები. ვერაფრის გარკვევა ვერ შევძელით. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და მათ „თამაშს“ წამოვეგეთ.
მუხროვანში ვიყავით, როცა გავიგეთ, რომ ტერიტორიას ალყა შემოარტყეს და გამოაცხადეს, თითქოს, ამბოხი იყო. ჩვენ ბიჭები გავაფრთხილეთ, რომ პროვოკაციას არ უნდა აჰყოლოდნენ და იარაღისთვის ხელი არ ეხლოთ. ტელევიზიებს ჩვენამდე მოსვლის უფლებას არ აძლევდნენ. ბუნებრივია, არ მოგვეცა განცხადების გაკეთების საშუალება. მივხვდით, იქაურობას უნდა გავცლოდით და მერე უნდა გვემტკიცებინა ჩვენი სიმართლე”-იხსენებს კობა ოთანაძე

პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და – ლია კრიალაშვილი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მისი ძმის საქმეზე არ გასამართლებულა და ციხიდან არ უნდა გათავისუფლებულიყო.

“ვანო მერაბიშვილი, ჩემი აზრით, არ უნდა გამოვიდეს ციხიდან. მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და არ გასამართლებულა, თუნდაც ჩემი ძმის საქმეზე. ჩემი ძმის საქმე უკვე 7 წელია პროკურატურაში დევს და ამაზე მერაბიშვილი არ გასამართლებულა, ამიტომ მივიჩნევ, რომ მას ახალი ბრალი უნდა წარედგინოს. როდემდე შეიძლება საქმეების თაროზე შემოდება.”-აცხადება ლია კრიალაშვილი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე.

კომენტარები