„ორი სხვა და სხვა რამაა, როცა გაბრალებენ და როცა გამხელენ. ამ შემთხვევაში არის დაბრალება“ – გიორგი ლომია

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, გიორგი ლომიამ ბრიფინგი გამართა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქმედებას გამოეხმაურა. უწყებამ პოლიტიკური პარტიის ფინანსური საქმიანობის შესწავლა დაიწყო.

-„ორი სხვა და სხვა რამაა, როცა გაბრალებენ და როცა გამხელენ. ამ შემთხვევაში არის დაბრალება. არ შეიძლება ბრალდების მოტივი გახდეს ფარატინა ქაღალდი, რომელიც პრინტერზეა ამობეჭდილი და არანაირი „პატრიოტთა ალიანსი“ არ ფიგურირებს. ამ ფარატინა ქაღალდის საფუძველზე ან პროკურატურაში შეიტანო სარჩელი, ან მოსთხოვო აუდიტის სამსახურს გამოიძიოს ეს საკითხი, არის აბსურდი“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

გამოძიების დაწყებას ითხოვს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე. „არის კონკრეტული ფაქტები, რასაც არ სჭირდება გამოძიება. რა ხდებოდა აფხაზეთში? ვის შეხვდნენ? რატომ და რითი გადმოვიდნენ“, – განაცხადა გოცირიძემ.

ამ საკითხზე  კომენტარი გააკეთა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა:

– „ის ფაქტი რომ სისხლის სამართლებრივი გამოძიება ჯერ კიდევ არ დაწყებულა, ეს უკვე მეტყველებს ყველაფერზე. ამით „ქართული ოცნების“ მთავრობამ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“ არის ერთ სულ და ერთ ხორც“.

„პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ განვითარებულ მოვლენებს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა:

-„ნაცმოძრაობა და „პატრიოტთა ალიანსი“ არის ერთი ბნელი მედლის ორი მხარე. ისინი ერთად აკეთებდნენ წლების განმავლობაში რუსულ საქმეს საქართველოში. ეს არის მათთვის საერთო. ეს აერთიანებთ მათ, სწორედ ამის გამო სხედან ერთ მაგიდასთან. ვგულისხმობ „ნაცმოძრაობას“, მათ სატელიტებს და „პატრიოტთა ალიანსს“ და ბურჯანაძეს. დაუშვებელია ზოგადად ჯერ შავი ფულის ტრიალი „ქართულ პოლიტიკაში“ და მეორე, მითუმეტეს დაუშვებელია რუსული ფული ქართულ პოლიტიკაში“

რამდენად კანონიერად ფინანსდება პატრიოტთა ალიანსი, – სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური პარტიის ფინანსური საქმიანობის შესწავლა დაიწყო. ირმა ინაშვილის პარტიას მაკონტროლებელმა ორგანომ ოფიციალური წერილით უკვე მიმართა. მოკვლევის პერიოდში აუდიტის სამსახური დეტალურად შეისწავლის პარტიის შემოსავლებსა და ხარჯებს და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში საგამოძიებო უწყებას აცნობებს.

31 აგვისტოს, პროკურატურამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შესული განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა.

ერთი კვირის წინ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, „პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების შესწავლის მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

კომენტარები