„ორმეტრიანი, 140 კილო კაცი ისეთ მდგომარეობაშია, ვერ ლაპარაკობს – წარმოდგენაც არ აქვს, ვინ არის შაქარაშვილი“ – დაკავებულის ადვოკატი

-„ბრალის ფორმულირება უცნაურია, ედავებიან ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას. ბრალს არ ეთანხმება და არ აღიარებს, რადგან ეს ბრალი რეალობასთან შეუთავსებელია. ყველა მოწმე ცალსახად ამბობს, რომ ეს ადამიანი არაფერ შუაში არ არის, ხელი არ დაუკარებია არავისთვის და ზედმეტი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს არავის მიმართ, ეს ყველაფერი საქმეში მტკიცებულების სახით არის.

ვერცხლისფერი “მერსედესის” მარკის ავტომობილის საჭესთან იჯდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, მას მცხეთიდან თანაკლასელების ჩამოყვანა სთხოვეს და ამ მოტივით ჩაიყვანეს იქ და მერე უკვე შეეჩეხა ამ კონფლიქტურ სიტუაციას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაბადების დღეზე არ იმყოფებოდა, მას ჯერ დაურეკეს და მერე “ნახალოვკაში” თავისივე თანაკლასელებმა და კიდევ უცნობებმა მიაკითხეს და უთხრეს, რომ მათი მეგობრები მცხეთიდან იყვნენ ჩამოსაყვანი. იქ მოსულს დაძაბულობა დახვდა, ეს მანქანიდან გადმოვიდა და არსებული სიტუაციიდან 10-15 მეტრში იდგა. ის მხოლოდ ხიდის ეპიზოდს შეესწრო. ე.წ. ოქროს მოწმემ ამოცნობისას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე თქვა, ეს ის ბიჭია, რომელიც მანქანიდან პირველი გადმოვიდა და გვერდით დადგა, არანაირი შეხება მას არ ჰქონია ჩვენთან, არც მოგვკარებიაო.

გაოგნებული ვიყავი რომ შევხვდი, ორმეტრიანი, 140 კილო კაცი ისეთ მდგომარეობაშია, ვერ ლაპარაკობს, სრული კოლაფსი აქვს, ცუდადაა, შოკირებულია, რომ დააკავეს. მას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის შაქარაშვილი. ამომცნობმა მოწმემაც თქვა, ესენი რომ მოვიდნენ, გიორგი შაქარაშვილი ჩვენთან ერთად არ იყოო.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი ბრალს არ აღიარებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმი ცუდ მდგომარეობაშია. ტატიაშვილი არ ელოდა დაკავებას, რადგან მას არანაირი ბრალი არ მიუძღვის. ბრალდებულს წარმოდგენაც არ აქვს, თუ ვინაა გიორგი შაქარაშვილი“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” სპორტსმენის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ.

კომენტარები