„ორჯერ ვაქცინირებული პირებისთვის კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვები მოიხსნება“ – ამირან გამყრელიძე განმარტავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, Facebook ლაივის დროს განაცხადა.

-„ვისაც ვაქცინის 2 დოზა ექნება გაკეთებული, შესაძლოა, კომენდანტის საათი და პანდემიის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვები მოიხსნას. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მომავალ კვირაში აპირებს, საკოორდინაციო საბჭოში ინიციატივით შევიდეს, – ადამიანებს ვაქცინის 2 დოზის მიღების შემთხვევაში შეღავათები ჰქონდეთ. რამდენიმე ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს გარე სივრცეში პირბადის გარეშე შეუძლიათ ყოფნა, მათთვის არ მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა.

„მაზე ჩვენ ვმუშაობთ, რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის, –  კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი… რამდენიმე ინიციატივაზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, სწრაფად და სრულად აიცრას.

ამაზე ვფიქრობთ, ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, მომავალი კვირის განმავლობაში, უკვე, დაახლოებით, 15 მაისამდე დაგვიგროვდება 14 000-მდე სრულად, ორჯერადად აცრილი მოქალაქე. ადამიანებს მეტი სტიმული და შეღავათი უნდა ჰქონდეთ ქვეყნისგან და შესაბამისად ეს გახმოვანდება. მეტი სტიმულია საჭირო, მოსახლეობა რომ აიცრან. პანდემია აცრის გარეშე არ დასრულდება! რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო სწრაფად დაესმება წერტილი ეპიდემიას“.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ  „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

კომენტარები