„ოქროს სიასთან“ დაკავშირებულ ცვლილებებზე შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

„ოქროს სიასთან“ დაკავშირებულ ცვლილებებზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ ხორბალზე იმპორტის გადასახდელების გადახდის 45-დღიანი ვადა შენარჩუნდება.
„გაცნობებთ, რომ 2019 წლის 31 მაისს ცვლილება შევიდა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში.
ცვლილების თანახმად, იმპორტის გადასახდელების გადახდის ხუთდღიანი ვადა, ასევე, გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა), წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა) და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა).
„ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ, სეს ესნ-ის 1001 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ხორბალზე კვლავ იმოქმედებს იმპორტის გადასახდელების გადახდის 45-დღიანი ვადა.
ზემოაღნიშნული ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ ამოქმედდება ბრძანების გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს, 2019 წლის 12 ივნისს, ხოლო სხვა შემთხვევაში – ბრძანების გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, 2019 წლის 2 ივლისს”, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე განმარტებით, ამ ცვლილების ძალაში შესვლამდე რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელები გადაიხდება დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი წესით განსაზღვრულ ვადაში.

კომენტარები