ირაკლი კუპრაძე: „ოქრო ბიჭი სანდრო აღარ არის. ხელიდან გამოგლიჯა უახლოეს ადამიანებს თამაშდამოკიდებულებამ“
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორის, სანდრო ბერაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე წერს:
„ოქრო ბიჭი სანდრო აღარ არის. ხელიდან გამოგლიჯა უახლოეს ადამიანებს თამაშდამოკიდებულებამ.
სიკეთე და მხიარულება ბიჭი“.
საქართველოს პირველი არხის ოპერატორის სანდრო ბერაძის ცხედარს ცხვარიჭამიაში მიაგნეს.
სანდრო ბერაძეს ოჯახი 25 ოქტომბრის შემდეგ ეძებდა. სამძებრო სამუშაოებში პოლიცია, სამაშველო სამსახური და ოჯახი მონაწილეობდა.
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს გამომძიებლებმა ტყეში, რეინჯერების მიერ დაყენებული ე.წ. ფოტოხაფანგით მიაგნეს.
ფოტოკამერამ სანდრო ბერაძე თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 25 ოქტომბერს 18 საათსა და 46 წუთზე დააფიქსირა.
დაკარგული ბიჭის მობილურის სიხშირე ანძების მიხედვით ბოლოს ცხვარიჭამიის ტყეში დაფიქსირდა.
ოჯახის წევრები ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზად ფინანსურ პრობლემებს ასახელებენ. სანდრო აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული, რის გამოც ბოლო სატელეფონო საუბრისას, დედას ბოდიში მოუხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს.