„ოჯახის წევრები უნდა იცავდნენ ეკლესიურ წესებს: ხშირად ზიარება, ყოველ წელს სახლის კურთხევა, აუცილებელია გარდაცვლილ ახლობელთა და წინაპართა სულებისათვის სპეციალურად მათთვის განკუთვნილ დღეებში ლოცვა…“ – ილია მეორე

-„ოჯახის წევრები უნდა იცავდნენ ეკლესიურ წესებს: უნდა მარხულობდნენ, სახლში ყოველდღიურად უნდა ლოცულობდნენ, აუცილებელია შაბათ-კვირას და დღესასწაულის დღეებში ეკლესიაში სიარული, სინანულითა და აღსარების საიდუმლოს მადლით ცოდვათაგან სულის განწმენდა, ხშირად ზიარება, ყოველ წელს სახლის კურთხევა, აუცილებელია გარდაცვლილ ახლობელთა და წინაპართა სულებისათვის სპეციალურად მათთვის განკუთვნილ დღეებში ლოცვა… ასეთი ოჯახი, როგორც ამბობს წმინდა მოციქული პავლე, იქცევა „სახლის ეკლესიად“ და დაივანებს იქ უფალი და დაიცავს მას მშვიდობით, სიყვარულითა და კეთილდღეობით.

მაგრამ სამწუხაროდ, ოჯახში უფროსები ხშირად არასწორად იქცევიან. ისინი კერპებივით ეთაყვანებიან თავიანთ შვილებს, რაც ღვთის საწინააღმდეგოა; განსაკუთრებულად ზრუნავენ მათ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ აღზრდაზე, ცდილობენ აუცილებლად მისცენ საშუალო და უმაღლესი განათლება, ყველაზე მთავარი კი ავიწყდებათ, ავიწყდებათ სულიერი აღზრდა, ავიწყდებათ ბავშვებში იმ მორალური თვისებების ჩამოყალიბება, რომელიც უნდა ახასიათებდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს.

საბოლოოდ შედეგიც სამწუხაროა: შვილები ნელ-ნელა კარგავენ მშობლების სიყვარულს, თანდათან შორდებიან მათ, ყურადღებას აღარ აქცევენ ანდა უპატრონოთა თავშესაფარში აბარებენ. იმაზე კი აღარ ფიქრობენ, რომ იგივე ხვედრი, ანდა უფრო უარესი, თვითონ მათ ელით.

„პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“, – გვასწავლის მეხუთე მცნება.

მშობლების პატივისცემა და მათი რჩევის გათვალისწინება არის საფუძველი ქალიშვილისა თუ ვაჟის მომავალი ოჯახის სიმტკიცისა და ბედნიერებისა. უპატივცემულობა კი – მიზეზი ოჯახის უბედურებისა და დარღვევისა“.
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლედან 1991 წელი.

კომენტარები