ოჯახური ძალადობის ფაქტები – „კარგია, რომ ქალბატონები ბედავენ უკვე და რეკავენ პოლიციაში“ – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტში
გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა:

-„კარგია, რომ ქალბატონები ბედავენ უკვე და რეკავენ პოლიციაში ოჯახური
ძალადობის ფაქტების შემთხვევაში. ამ მიმართულებით პრევენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა:

დამზადდა ვიდეო რგოლები, დაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, რომ მიემართათ პოლიციისთვის. ასევე, 112-მა აამოქმედა SOS ღილაკი. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე შეტყობინებების რაოდენობა გაზრდილია. მინდა, ორი სიტყვით აგიხსნათ,  რამ გამოიწვია ეს ზრდა.

ეს მნიშვნელოვანი და მთავარი თემა იყო. პოლიციისთვის მიმართვა ბარიერი იყო.
ხშირი იყო, როდესაც, ვთქვათ, – რეკავდა  მეზობელი, – ხმაურია, იქნებ
მოაკითხოთ. ადგილზე გვხვდებოდა ნაცემი ადამიანი, ამ შემთხვევაში მეუღლე ან
ბავშვი. იყო შემთხვევა, როცა, მაგალითად, ნათესავი რეკავდა, ითხოვდა, იქნებ
დროზე მიხვიდეთ, რადგან ძალიან ცუდი მდგომარეობააო.

ხშირ შემთხვევაში გვხვდებოდა ნაცემი ქალბატონი, თუმცა იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მამაკაცი დაგვხვდა ნაცემი. ხშირ შემთხვევაში ქალბატონებსა და ბავშვებზე არის ხოლმე ზეწოლა. როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამ მიმართულებით პრევენციაზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. დავამზადეთ ვიდეო რგოლები, დავგზავნეთ SMS-ები ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, -მოემართათ პოლიციისთვის.

112-მა აამოქმედა ასევე SOS ღილაკი, რადგან, როცა იყო შემთხვევა,  ვერ რეკავდნენ და იყო SOS ღილაკის საშუალებით  გამოეძახებინათ პოლიცია.

სხვათა შორის, ბევრმა გამოიყენა. SOS ღილაკის პროგრამა 112-მა შექმნა და დაახლოებით 1400- მოქალაქეს ჰქონდა გადმოწერილი. ჩვენი აქტივობებით კიდევ დამატებით 5000-მა ადამიანმა გადმოიწერა. ჩვენი მიზანი ეს იყო.  რა თქმა უნდა, ცუდია, რომ იზრდება ერთის მხრივ ოჯახში ძალადობის შემთხვევები, თუმცა, მეორეს მხრივ, კარგია, – ქალბატონები ბედავენ უკვე და რეკავენ.

ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევაა უკვე. შემიძლია, მაგალითები მოგიყვანოთ:

2017 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის მიმართ 2878 საქმეზე.  ამის შემდეგ იზრდებოდა და უკვე 2019 წელს, სრული წელი რომ ავიღოთ, – 10 266 საქმეზეა ასული. თითქმის გაოთხმაგებულია მომართვიანობა. მე არ ვამბობ,  ძალადობამ იმატა, პირიქით, – გამოაშკარავდა ეს ძალადობა. უკვე ბევრი რეკავს და ძალიან ბევრი ადამიანი იქნა პასუხისგებაში მიცემული. მიმდინარე წელსაც უკვე  9570 შემთხვევაა, ერთი თვის, დეკემბრის გამოკლებით. სხვათაშორის, ძალიან ნაკლები შემთხვევა იყო ეთნიკურად აზერბაიჯანული სომხური მოსახლეობით დასახლებული რაიონების სოფლების მიმართულებით. ასევე, ქართული ოჯახებიდან ძალიან ნაკლებად იყო მიმართვიანობა და უკვე დაიწყო ნელ-ნელა. ძალიან კარგია, თუ ასე წავალთ.

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, – სასიხარულო არ არის, რომ მოიმატა ოჯახში
ძალადობის მაჩვენებელმა, თუმცა მომართვიანობამ რომ მოიმატა, ეს არის ძალიან
კარგი და ერთხელ და სამუდამოდ ალბათ ეს კონტროლს ქვეშ იქნება“– განაცხადა
ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები