პაატა იმნაძე – „მიუ“ შტამს აქვს მახასიათებლები, რამაც შესაძლოა შემაშფოთებელი გახადოს, – წინასწარ ნუ წავიყრით ნაცარს თავზე“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში – „360 გრადუსი“ განაცხადა:

-„მიუ“ შტამს აქვს ის მახასიათებლები, რამაც ის შესაძლოა შემაშფოთებელი გახადოს, მაგრამ ჯერ არ გამხდარა. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, წინასწარ ნუ წავიყრით ნაცარს თავზე. საქართველოში „მიუ“ შტამი არ დაფიქსირებულა. ქვეყანაში ახლა პრობლემას „დელტა“ და „დელტა +“-ის შტამები წარმოადგენს. მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა იყოს აცრილი, რათა რამენაირად თავიდან ავირიდოთ რეანიმაცია და სიკვდილიანობა.
კოლუმბიაში წარმოიქმნა ამ წლის დასაწყისში, შეერთებულ შტატებში ჯერჯერობით 0,01%-ია, ჩვენთან საერთოდ არ აღმოჩენილა, თურქეთში ორი შტამი თურქებმა აღმოაჩინეს. მას ჯერ ფართო გავრცელება არ მიუღია, ის ინტერესის სფერო სწორედ იმიტო, რომ აქვს გარკვეული მუტაციები, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდეს სახიფათო. ჯერჯერობით დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. მუტაციები სულ იქნება, „მიუ“ იქნება თუ ახლა უკვე სხვა შტამებიც არის ინტერესის სფერო ბერძნული ანბანის სხვადასხვა სახელით, მაგრამ ჩვენ დღეს იმაზე ვიფიქროთ, რაც გვაქვს აქ და რაც პრობლემაა. ჩვენთან გავრცელებულია „დელტა“, მათ შორის, „დელტა +“, რომელიც უკვე დაახლოებით 20%-ია და ამაზე ვიფიქროთ ჩვენ, –  როგორ დავიცვათ თავი ამისაგან. მაქსიმალურად მეტი ადამიანი უნდა იყოს აცრილი, რამენაირად თავიდან რომ ავირიდოთ რეანიმაცია, სიკვდილიანობა და შემდგომ პირველი და ძირითადი რეკომენდაცია რჩება პირბადე და სოციალური დისტანცია, რითაც შეგვიძლია თავი დავიცვათ“.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ აცხადებს, რომ ის Covid-19-ის ახალ, მიუ ვარიანტს აკვირდება.

ორგანიზაციის განმარტებით, ვარიანტს აქვს მუტაციები, რომლებიც ვაქცინებისადმი რეზისტენტობის გამოვლენის რისკზე მიუთითებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად საჭიროა კვლევების ჩატარება.

შტამი, კოდით B.1.621, პირველად კოლუმბიაში 2021 წლის იანვარში დაფიქსირდა. WHO-მ “საინტერესო ვარიანტების” (VOI) სიაში ის 30 აგვისტოს შეიტანა.

კოლუმბიაში აღმოჩენის შემდეგ, მიუ შტამი დაფიქსირდა სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებსა და ევროპაში.

კოლუმბიაში მიუ ვარიანტი გამოვლენილი შემთხვევების 39%-ს შეადგენს, თუმცა, გლობალურად მისი გავრცელება 0.1%-მდე შემცირდა.

ყველა ვირუსი, მათ შორის SARS-CoV-2, რომელიც Covid-19 იწვევს, დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის. ახალი მუტაციების უმეტესობა ვირუსის თვისებებზე გავლენას არ ახდენს, ან მათი გავლენა მცირეა. თუმცა შესაძლოა, ზოგიერთმა მუტაციამ ვირუსის თვისებებზე და მისი გავრცელების სისწრაფეზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.

ვირუსის მუტაციას გლობალურად “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია” აკვირდება და ვარიანტებს შესაბამის სტატუსს ანიჭებს. მიუს ჩათვლით, ამჟამად ორგანიზაციას ახალი კორონავირუსის “საინტერესო ვარიანტების” (VOI) სიაში ხუთი ვარიანტი აქვს. ესენია: ეტა, იოტა, კაპა, ლამბდა.

WHO-ს მიერ „საყურადღებო ვარიანტად’’ (VOC) ამ დრომდე მიჩნეულია ალფა, ბეტა, გამა და დელტა.

კომენტარები