პაატა იმნაძე: „სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეების ნაწილს მიავიწყდა კორონა – მოქალაქეთა ნაწილმა რეკომენდაციები არ დაიცვა“

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას დაავადებადა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან ეს ქვეყანაში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

-`სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეების ნაწილს მიავიწყდა კორონა. ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებას რეკომენდაციების შეუსრულებლობას უკავშირებს.

ელემენტარული რეკომენდაციები რომ ყოფილიყო დაცული, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ, – ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ნიღაბი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეებში, დისტანცია დავიცვათ… ქართველები ვართ, ყველა ვყოფილვართ ქორწილში. კი, დისტანციას ვერ დაიცავს, მაგრამ არ არის აუცილებელი იყოს 300-კაციანი. შედეგებს ახლა ვიმკით ამისას.

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, თუმცა იმის გამო, რომ მოქალაქეთა ნაწილმა რეკომენდაციები არ დაიცვა, ინფიცირებულების რაოდენობა უფრო გაიზარდა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

-„კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 8 პაციენტის წყარო უცნობია. 57 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ: 5 ინფიცირების წყარო არის „დონა“, 14 პაციენტის წყარო გახლავთ ქალაქი ბათუმი, 18 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 4 პაციენტის წყარო აჭარაში მოგზაურობის ისტორიაა, სამი შემოტანილი შემთხვევაა,  მათგან ორი სატვირთოს მძღოლია, 5 სამედიცინო პერსონალია, 8 პაციენტზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტებისა და ინფიცირების წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1830 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1334-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები