პაატა იმნაძე: „შეიძლება თუ არა, უფრო ადრე გახსნა? სიტუაცია სტაბილურობისკენ მიდის და მთავარია“

-„წინა კვირის მონაცემებს, თუ შევაჯამებთ, სიტუაცია საკმაოდ დასტაბილურდა, მოიკლო შემთხვევებმა, დაახლოებით 4%-ზე ცოტა მეტია დადებითობის მაჩვენებელი.  ახლა სიტუაცია ნამდვილად სტაბილურობისკენ მიდის. ახლა მთავარია,  ხიბლში არ ჩავვარდეთ. მოგეხსენებათ, ბიზნესებიც გაიხსნა, სწავლაც დაიწყო, ბათუმსა და აჭარაში სარესტორნო ბიზნესიც გაიხსნა, აქ მთავარი იცით რა არის?! არ დაგვემართოს იმავე, რაც დაგვემართა აგვისტოსა და სექტემბერში. ამ დაავადებას ძალიან ცოტა დროს სჭირდება, სადღაც ერთი თვე სჭირდება, შემთხვევების რიცხვი რომ გაოთხმაგდეს. რა თქმა უნდა, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უნდა აღდგეს, მაგრამ დანის წვერზე უნდა გავიაროთ. იმისათვის, რომ, ერთის მხრივ, ქვეყანა მთლიანად ამუშავდეს, მეორეს მხრივ, არ დაგვემართოს, რაც ნოემბერში დაგვემართა.

ძალიან ბევრი რამე გაიხსნა ქვეყანაში, ერთი კვირა დავაკვირდებით, როგორი იქნება ეს მონაცემები. შემდეგ შეიძლება ვთქვათ, შეიძლება თუ არა რაღაცების გადმოტანა და უფრო ადრე გახსნა, ვიდრე ეს დაგეგმილია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

კომენტარები