პანდემიის გამო, საქართველოში ყველის სკოლის გახსნა გაურკვეველი ვადით გადაიდო

„ბიზნესპარტნიორი“ ინფორმაციას  ავრცელებს:

ყველის პირველი სკოლის გახსნის შესახებ ინფორმაცია 2020 წელს გავრცელდა. ყველის სკოლა 2020 წლის შემოდგომაზე, კახეთში უნდა გახსნილიყო,  პანდემიის გამო  ეს პროექტიც დაპაუზდა.

სასწავლებლის შექმნის იდეა “საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის” თავმჯდომარეს ეკუთვნის.

-„პანდემიის გამო, საქართველოში ყველის სკოლის გახსნა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ყველის წარმოების სწავლება დისტანციურ რეჟიმში შეუძლებელია,  სკოლა ფუნქციონირებას მას შემდეგ დაიწყებს, რაც ქვეყანაში კოვიდვითარება დასტაბილურდება“, – განაცხადა „ყველის სახლის” მფლობელმა, ანა მიქაძე.

2020 წლის ზაფხულში ანა მიქაძე ამბობდა:

-„ჩემს სკოლაში ვასწავლით, რაც კი მისწავლია ყველა ყველის რეცეპტს თავისი ტექნოლოგიით. ჩემი მოვალეობაა დავაახლოვო ტრადიცია და სურსათის უვნებლობის მოთხოვნები. სკოლაში სურსათის უვნებლობის თემასაც შევასწავლით. ახლა რაჭაში ვიყავი, სიახლე ჩამოვიტანე, ყველი წყალდასხმულა, რომელზეც მხოლოდ ორი სოფელი მუშაობდა – ღები და გლოლა. გემოთი გავს დამბალხაჭოს და ნარჩვს. კეთდება ხაჭოს ბაზაზე და ძველდება, როგორც ნარჩვი. სვანეთი და რაჭა-ლეჩხუმი ერთი გასტრონომიული ზონაა და არც ველოდი, რომ წყალდასხმულას განსხვავებული შენახვის მეთოდი ექნებოდა. სკოლაში ქართული ყველის გარდა, ყველა იმ ევროპული ყველის ტექნოლოგიას შევასწავლით, რომელიც ქართული ყველის გემოს არის მიმსგავსებული. ქართველ ტექნოლოგებთან, პედაგოგებად ერთად, უცხოელებსაც მოვიწვევთ. ქართული ყველის პროფესიონალმა უცხოურის ტექნოლოგია არ იცის. ამიტომ ქართულ ყველზე რომ ჩაატარებს ლექციას, მერე შეეძლება ევროპულ ყველზე ჩატარებულ ლექციას თვითონ დაესწროს. გავცემთ სერთიფიკატს დასაქმების პერსპექტივით. ბევრი საწარმო ითხოვს პროფესიონალს“.

კომენტარები