პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა – რა ცვლილებებს გულისხმობს

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კანდიდატის შეფასებისას წერილობით ასაბუთებს თითოეულ ქულას. კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა, ქულების დასაბუთება და შეფასება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვინაობის მითითების გარეშე, ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

კენჭისყრა  ახალი ცვლილებით ღიაა, გულისხმობს, ინფორმაცია იმის შესახებ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელმა წევრმა რომელ კანდიდატს დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი, ცნობილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრებისა და საბჭოს მდივნის მიერ უფლებამოსილი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებისთვის. ამ ინფორმაციის სხვისთვის გამჟღავნება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ხმები დახურულ სხდომაზე ითვლება. პროექტში წერია, – „კენჭისყრის პროცედურის დასრულებისთანავე ყუთი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანდასწრებით იხსნება და ხმები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ ითვლება საბჭოს დახურულ სხდომაზე“.

კანონს ემატება გასაჩივრების მექანიზმიც. პროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატს მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, თუ მიაჩნია, რომ:

  • ა) კანდიდატების შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიკერძოებული იყო;
  • ბ) კანდიდატების შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიდგომა დისკრიმინაციული იყო;
  • გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა გადაამეტა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა კანდიდატის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას;
  • დ) ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, არსებითად მცდარია, რის დასადასტურებლადაც კანდიდატმა შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა;
  • ე) კანდიდატების შერჩევის პროცესი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით ჩატარდა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საბოლოო შედეგზე.

საჩივარი წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც მიღებულ საჩივარს დაუყოვნებლივ გადასცემს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას. საჩივრის საკვალიფიკაციო პალატისთვის წარდგენის შემთხვევაში პროცედურა საკვალიფიკაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ჩერდება.

არ საჩივრებდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენაზე უარის თქმის შესახებ განმეორებით მიღებული გადაწყვეტილება.

უზენაესი სასამართლოს საკვლაიფიკაციო პალატის მიერ საჩივრის განხილვის დასრულებისა და გადაწყვეტილების მიღებამდე დაუშვებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატის/კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენა.

კომენტარები