“პატივი მივაგოთ პუტჩის მსხვერპლთა შეუდრეკელ სულებს!” – 22 დეკემბერს პარლამენტის წინ თავყრილობა იგეგმება:

ფეისბუქზე მიმართვა ვრცელდება: 
– “ეროვნულგანმანთავისუფლებელი მოძრაობის წევრების მიმართვა
1991 წლის 21 დეკემბერს ალმა-ატაში დაფუძნდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირი (მოდერნიზებული სსრ კავშირი), აზერბაიჯანის, სასომხეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, მოლდავეთის, უკრაინის რესპუბლიკებისა და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობით. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და მისმა ეროვნულმა ხელისუფლებამ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე უარი განაცხადეს და ალმა-ატის შეხვედრაზე მხოლოდ დამკვირვებლი წარგზავნეს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბორის ელცინის მიერ, 1991 წლის 21 დეკემბერს, ეროვნულ ხელისუფლებას დსთ-ს ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად 22 დეკემბრის დილის 8 საათამდე მიეცა ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს ხელისუფლების დამხობით დაემუქრა. ვადის ამოწურვისთანავე, 22 დეკემბერს, უთენია, რუსეთის სპეციალურმა სამხედრო შენაერთებმა და მათმა მოკავშირე ქართველმა პუტჩისტებმა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ალყაში მოაქციეს და ზუსტად 08:00 საათზე ეროვნულ ხელისუფლებაზე შეიარაღებული შტურმი დაიწყეს და უზენაესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მშვიდობიან მოქალაქეთაგან რამდენიმე სასიკვდილოდ დაჭრეს. 1991-92 წლების პუტჩის პირველი მსხვერპლნი იყვნენ წმინდა ილია მართალის საზოგადოების წევრები: წმინდა ილია მართალის საზოგადოების გამგეობის წევრი არჩილ რამიშვილი (1946-1991), რომელმაც ერთ-ერთი დაჭრილის დახმარება და მთავრობის სახლში შეყვანა სცადა, სწორედ ამ დროს, ის უზენაესი საბჭოს სვეტებთან პუტჩისტებმა დაცხრილეს; მეორე მოკლული იყო წმინდა ილია მართალის საზოგადოების თბილისის ფილიალის წევრი ციცინო ქევხიშვილი (1946-1991), მესამე მსხვერპლი გახლდათ დისიდენტი, ყოფილი პოლიტიკური პატიმარი, წმინდა ილია მართალის საზოგადოების გაგრის ფილიალის თავმჯდომარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, აფხაზეთში ქართველთა ქომაგად წოდებული არკადი მარკოზია (1930-1991), რომელიც ეროვნულ ხელისუფლებაზე შეიარაღებული იერიშის დაწყების დროს თავისუფლების მოედნის მხარეს მდგარმა პუტჩისტთა პიკეტმა მანქანაში, რომელიც მას როგორც დეპუტატს ემსახურებოდა, გამიზნულად ჩაცხრილა. არკადი მარკოზია უზენაესი საბჭოს შენობაში უნდა შესულიყო.
1991 წლის დეკემბერის დასაწყისში, ეროვნულ ხელისუფლებაზე შეიარაღებული შეტევის დაწყებამდე, შავნაბადაზე დაბანაკებულ თავდაცვის განდგომილ მინისტრ თენგიზ კიტოვანთან და ეროვნული გვარდიის იმ ნაწილთან, რომელიც კონსტიტუციურ ხელისუფლებას არ ემორჩილებოდა, ოფიცერი, სამაჩაბლოში ოსი სეპარატისტების 30-ზე მეტ ტყვიას გადარჩენილი ნუგზარ შანავა გია ესებუასთან – რომელიც პუტჩისტებმა უზენაესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე 1991 წლის 23 მოკლეს – ერთად მოსალაპარაკებლად მივიდა. შანავამ შესასვლელში იარაღი მიწაზე დადო და ხელები მაღლა ასწია ნიშნად იმისა, რომ ქართველს ტყვიას არ ესროდა და დალაპარაკება ითხოვა. სწორედ ამ დროს, განდგომილთა მხრიდან ტყვია გავარდა და ნუგზარ შანავას, კაცს, რომელსაც თანამოძმეთა სისხლის დაღვრა არ სურდა, სიცოცხლე მოუსწრაფა.
მანამდე, 1991 წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს რუსთაველის გამზირის მხრიდან თავს დაესხა შეიარაღებული ოპოზიცია, ე.წ. ეროვნული კონგრესის წევრები და მისი მხარდამჭერები. რომლთაც უზენაესი საბჭოს წინ მდგარი 4 მშვიდობიანი მოქალაქე ტყვიამფრქვევით მძიმედ დაჭრეს. დაჭრილთაგან ერთ-ერთი, წმინდა ილია მართალის საზოგადოების წევრი გია ტეტელაშვილი ( – 1991)
ადგილზე გარდაიცვალა.
მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ეროვნული ხელისუფლების დამხობა და ქვეყნიდან განდევნა პუტჩია და არა სამოქალაქო დაპირისპირება, როგორც ამას პუტჩის იდეოლოგები და მისი მხარდამჭერები დღემდე ურცხვად მუსირებენ, ვისთვისაც დამოუკიდებელ საქართველოზე შეიარაღებული იერიშის მიტანა ეროვნული ტრაგედიაა, რომლის შედეგსაც საქართველო დღემდე იკის, ვისთვისაც ძვირფასია ყველა ის ადამიანი, ვინც არ შეშინდა, არ დაიმალა და არ მიატოვა ეროვნული ხელისუფლება შეიარაღებული იერიშისას, ვინც უიარაღოდ თუ იარაღით, გულით შეცადა ახლადფეხადგმული ქართული სახელმწიფოებრიობის დაცვას, 2020წლის 22 დეკემბერს, დღის 14საათზე, მობრძანდეთ უზენაესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ერთად გლოვით ავღნიშნოთ ეს ავადსახსენებელი დღე და პატივი მივაგოთ პუტჩის მსხვერპლთა შეუდრეკელ სულებს.გადაუხდით სულიოსახსენიებელ პანაშვიდს.
გთხოვთ ყველას გაავრცელეთ გაზიარეთ ჩვენთან არს ღმერთი.
2020წლის 15დეკემბერი.”
– წერია მიმართვაში
კომენტარები