პატიოსანი შიმშილობა და სააკაშვილის „შიმშილობა“

სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანაში ცრემლის და სისხლის ტბები დააყენა, 300 ათასი საქართველოს მოქალაქე სხვადასხვა ფორმით რეპრესიაში გამოატარა, ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და უფრო მეტი – დააინვალიდა; ათასობით ადამიანი ციხეში თუ ციხის გარეთ ენით ართქმული მეთოდებით აწამა – ახლა თავად არის პატიმარი და საპროტესტოდ შიმშილობაც გამოაცხადა, ოღონდ თვითონ არ იცის, რას აპროტესტებს! შიმშილობა კი გამოაცხადა, მაგრამ უმალ თაფლი და ხილის წვენები მოითხოვა. რანაირად შეიძლება ასეთ მდგომარეობას „შიმშილობა“ ეწოდოს – ცალკე საკითხია, ამასობაში კი, მის შიმშილობაზე დაყრდნობით კი, ქვეყანაში ახალ-ახალი სახელმწიფო გადატრიალების გეგმები  იწყებს ამოქმედებას.

შიმშილობა პატიმრის მხრიდან ლეგიტიმური პროტესტის ყველაზე მწვავე ფორმაა. პატიმარი წყვეტს კვებას, რითაც დღითიდღე საკუთარ თავს სიკვდილის საფრთხის წინაშე აყენებს, რაზე პასუხისმგებლობასაც ციხის ადმინისტრაციას ან ხელისუფლებას აკისრებს. მსოფლიოში უახლოეს წარსულში პატიმართა საპროტესტო შიმშილობის რამდენიმე კლასიკური მაგალითი არსებობს. მათ შორის ყველაზე ცნობილია 1981 წელს ირლანდიელ პატიმართა შიმშილობა, „სპეციალური კატეგორიის“ სტატუსის მინიჭების და ციხეში უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით, რომლებმაც სიკვდილის რისკის მიუხედავად არ შეწყვიტეს პროტესტი და 10 ტუსაღი ერთმანეთის მიყოლებით დაიღუპა.

შიმშილობის აქციის შედეგად დაღუპული ირლანდიელი პოლიტპატიმრები

მსოფლიო იცნობს მაჰათმა განდის შიმშილობას, რომელმაც ინდოეთის თავისუფლების მოთხოვნით, ჯამში 17-ჯერ მიმართა პროტესტის ამ ფორმას. განდისთან ერთად მაშინ მისი მხარდამჭერებიც შიმშილობდნენ.

     მაჰათმა განდი

116 დღის განმავლობაში (!) შიმშილობდა მისი მიმდევარი, ბაგატ სინგი. შიმშილობის დამთავრების მომენტში ის 54 კილოგრამს იწონიდა!

კლასიკური შიმშილობის მაგალითები ქართველმა პატიმრებმაც არაერთხელ აჩვენეს. 1984 წლის 28 ნოემბერს ციმბირის კოლონიაში გამოაცხადა უვადო შიმშილობა მერაბ კოსტავამ, რომელიც ცამეტნახევარი თვის (!) განმავლობაში გრძელდებოდა.

მერაბ კოსტავა

შიმშილით რომ არ მომკვდარიყო, დაუძლურებულ პატიმარს ციხის პერსონალი იძულებით კვებავდა. ამ პერიოდში მან სულის სიძლიერის არნახული მაგალითი უჩვენა.

2018 წლის მიწურულს ორ თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა სიმსივნით სნეული სამუდამო პატიმრის, თემურ (ბაჩო) შარაშენიძის შიმშილობა, რომელიც მკვლელობის ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ახალი გარემოებების საფუძველზე მისი საქმის სასამართლოში გადასინჯვას მოითხოვს.

თემურ (ბაჩო) შარაშენიძე

აქამდე ციხეში იმყოფება პოლიტპატიმარი ირაკლი დოკვაძეც. პატიმრობის 23 წლის განმავლობაში მან 29-ჯერ გამოაცხადა სასიკვდილო შიმშილობა! აი, როგორ აღწერს იგი თავისი შიმშილობის გარემოებას, „ასავალ-დასავათან“ სატელეფონო ინტერვიუში:

ირაკლი დოკვაძე:

– როდესაც სააკაშვილი შევარდნაძის რეჟიმის იუსტიციის მინისტრი იყო, პატიმრის მიერ შიმშილობის გამოცხადება ციხის რეჟიმის დარღვევად ითვლებოდა.

ირაკლი დოკვაძე

პატიმარი დაუყოვნებლივ გადაყავდათ კარცერში, რომელიც ციხის პირველი სართულის ქვეშ – სარდაფში იყო განთავსებული. 4 კვადრატული მეტრის საკანში მხოლოდ ერთი ასაკეცი რკინის ნარი იყო, რომელიც დილით იკეცებოდა, რათა მოშიმშილეს დაჯდომის ან წამოწოლის საშუალება არ ჰქონოდა. კარცერში იყო ერთი სველი წერტილი – ღია ტუალეტი, კუთხეში წვრილად მოწანწკარებდა წყალი. კარცერს არ ჰქონდა ფანჯარა, ამიტომ საკანში მუდმივად სიბნელე და აუტანელი ნესტი იყო. ახლა ეს ყველაფერი გამახსენდა და ძალიან ავნერვიულდი… წყლის გარდა მოშიმშილე ვერაფერს ვერ იღებდა. ლეიბი და „ადიალაც“ არ ეძლეოდა! რაც ეცვა, პატიმარი იმითვე თვლემდა. რა შეგრძნება აქვს ამ მდგომარეობაში მყოფ მოშიმშილეს? – პირველი სამი დღე გშია, მერე კი, ჭამა აღარც გინდა. არც კი ფიქრობ საკვებზე. გიხარია, რომ შენები ამ მდგომარეობაში ვერ გხედავენ! ხანგრძლივად ფეხზე დგომა გიჭირს, შიმშილისგან დაუძლურებულს, ამიტომ, გიწევს ნესტიან იატაკზე ჯდომა. დრო ძალიან ნელა გადის! მესამე დღიდან შემოდის ექიმი და წნევას გიზომავს, გთავაზობს შიმშილობის შეწყვეტას. ასე გადის კიდევ რამდენიმე დღე. მე-10 ან მე-12 დღეს ტუჩები გისკდება, პირში გრძნობ აცეტონის სუნს და გემოს. მე-14 დღეს ადმინისტრაცია გთავაზობს შიმშილობის შეწყვეტას. გეუბნება, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, განახორციელებს იძულებით კვებას! თუ მაინც უარს აცხადებ, შემოდის ექთანი და რამდენიმე თანამშრომელი. ხელებს უკან ხელბორკილებით გიკრავენ, შემოაქვთ შლანგი, რომლის ერთ ბოლოში ძაბრი უყენია, რასაც პირში გჩრიან, ორი ბადრაგი გაკავებს, ექთანი კი, ძაბრში კვერცხის და შაქრის თხელ, ერთმანეთში არეულ ფაფას ძალით გასხავს! თავიდან უძალიანდები. მერე თანხმდები, ეს ფაფა ალუმინის ჭიქით დაგალევინონ. სვამ რამდენიმე ყლუპს და თავს განებებენ. ასე გრძელდება ყოველდღე, მოთხოვნილების დაკმაყოფილებამდე. იძულებითი კვების გაპროტესტებაზე ადვოკატთან ან მნახველებთან – ლაპარაკიც ზედმეტია. კარცერიდან გამოსულს გადაადგილება გიჭირს, ციხის თანამშრომლები ხელს გაშველებენ, რომ არ წაიქცე. ამოდიხარ ამაყი – კიდევ ერთი მოგებული ბრძოლა! მოთხოვნები დაკმაყოფილდა! ჩემი, ჯამში – 23 წლიანი პატიმრობის განმავლობაში სხვადასხვა ვადით 29-ჯერ გამოვაცხადე შიმშილობა. აქედან, 27-ჯერ მოვიგე! შეგნებულად აღარ ვამბობ, სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში პატიმრებს როგორ ექცეოდნენ. მაშინ იყო სადიზმის უმაღლესი გამოვლინება – ამაზე ბევრჯერ ითქვა და დაიწერა კიდეც. სააკაშვილის ხელისუფლება შევარდნაძის ხელისუფლების „ღირსეული“ გამგრძელებელი იყო!

 

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როდესაც ის საკვების მიღებას წყვეტს? რამდენი ხანს გაძლებს ადამიანი საკვების გარეშე და რაზეა დამოკიდებული შიმშილობის ხანგრძლივობა? გვესაუბრება ექიმი, ფიზიოლოგი, მედიცინის აკადემიურ დოქტორი თინათინ გოცაძე:

ექიმი თინათინ გოცაძე

– შიმშილობა ადამიანისათვის მნიშვნელოვან სტრეს-ფაქტორს წარმოადგენს. ამ დროს ძლიერდება ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის, კატექოლამინების, გლუკაგონის, გლუკოკორტიკოიდებისა და ვაზოპრესინის სეკრეცია (გამოყოფა). ჩამოთვლილი ჰორმონები ააქტივებენ ლიპაზას-ცხიმების დამშლელ ფერმენტს და ხელს უწყობენ ცხიმოვანი ქსოვილიდან ცხიმების მობილიზებას. ამ დროს სისხლში ცხიმები გადადის ძირითადად თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების სახით, რომლებსაც შეუძლიათ ორგანიზმი საკმარისი ენერგიით უზრუნველყონ რამდენიმე კვირის განმავლობაში. ნორმალური წონის ადამიანს “ენერგეტიკული ცხიმის” დაახლოებით 9 კგ-მდე მარაგი აქვს.

შიმშილობისას ორგანიზმის  გადაწყობა ხდება „შინაგანი რესურსების“ მობილიზებაზე. პირველ ეტაპზე კანქვეშა ცხიმოვანი მარაგის დაშლა მიმდინარეობს, ეს იმას ნიშნავს, რომ   ენერგიის წყაროდ და საკვები ნივთიერებების სახით ცხიმოვანი ქსოვილი გამოიყენება, ცხიმოვანი მარაგის ამოწურვის შემდეგ  კი  კუნთოვანი ქსოვილის „მობილიზება-დაშლა“ იწყება.

შიმშილობის დროს სისხლში ქვეითდება გლუკოზის შემცველობა, რაც იწვევს ინსულინის გამოყოფის შემცირებას და გლუკაგონის სეკრეციის გაზრდას. გლუკაგონის გავლენით ღვიძლში გლიკოგენი გლუკოზის წარმოქმნით იშლება და როგორც ამბობენ “ცხიმები ნახშირწყლების ალში სრულად იწვის”.

შიმშილობის დროს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პერისტალტიკის (შეკუმშვითი მოძრაობების) დაქვეითება აღინიშნება. ეს უკანასკნელი შეკრულობის ერთ-ერთ მიზეზად გვევლინება. მოშიმშილე ადამიანის ზოგად ქცევაში სპონტანური აქტივობის დაქვეითება, აპათია (ემოციებისა გარეგანი გამოხატულების უქონლობა), ძილიანობა, გონებრივი შესაძლებლობების, მეხსიერებისა და ყურადღების დაქვეითება ფიქსირდება. ეს ყოველივე მეტაბოლიზმის პროცესთა და ცალკეულ რეაქციათა შენელება-შესუსტების შედეგია.

მცირდება სუნთქვის სიხშირე. შიმშილობის მეორე პერიოდში რესურების ეკონომია სითბოს გაბნევის შემცირებას განაპირობებს, ვითარდება კანის შედარებითი იშემია (სისხლნაკლებობა) და ეცემა როგორც კანის, ასევე მთლიანად სხეულის ტემპერატურა.

რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს წყლის და საკვების გარეშე გაძლება?

– ადამიანი წყლის გარეშე რამდენიმე დღეს ძლებს, მაშინ როცა, საკვების გარეშე შესაძლოა თვეზე მეტხანს გაძლოს. ზოგიერთი ექსპერტის მონაცემით, ჯანმრთელ  ადამიანს ორი თვის განმავლობაშიც კი (60 დღემდე) შეუძლია შიმშილობა, თუ, რა თქმა უნდა, წყალს  მიიღებს, რადგან გაუწყლოებით ადამიანის ორგანიზმი  გაცილებით ადრე, დაახლოებით ერთ კვირაში იღუპება.

ე.წ. შიმშილობის ვადა ინდივიდუალურია ყველა პირისთვის და სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული: სხეულის წონაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობაზე, ორგანიზმის  გამძლეობაზე, კლიმატურ პირობებზე, ნებისყოფაზე და სხვა.

რა ხდება ორგანიზმში შიმშილობის დასაწყისში და შემდგომ დღეებში?

– შიმშილობის პირველ დღე-ღამეს ნახშირწყლები ორგანიზმს ენერგიის 80%-ით უზრუნველყოფს და მხოლოდ 10-15%-ი მოდის ცხიმების მიერ უზრუნველყოფაზე. დაახლოებით 12-24 საათის შემდეგ ღვიძლსა და კუნთებში გლიკოგენის მარაგი ილევა და ამ დროის შემდეგ ღვიძლისა და კუნთების ენერგეტიკულ მოთხოვნილებას თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები უზრუნველყოფს. შიმშილობის მესამე დღე-ღამეს ორგანიზმი ენერგიის 30-40 % -ს ცხიმების დაჟანგვით იღებს, 40-60 %-ს კი _ ნახშირწყლების. ლიპოლიზის-ცხიმების დაჟანგვის პროცესი უმთავრესად შიმშილობის მე-2-მე-7 დღეებში დომინირებს. ტვინი ამ პერიოდში, ისევე როგორც შიმშილობამდე, ენერგეტიკული დანახარჯებისათვის ისევ გლუკოზას ან გლუკოგენურ ამინმჟავებს იყენებს.

თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების ღვიძლში მასიურად გადასვლისა და დაჟანგვის გამო  წარმოიქმნება დიდი რაოდენობით აცეტილ-კოენზიმ A. ამ უკანასკნელისაგან წარმოიქმნება კეტონური სხეულები: აცეტონი, აცეტოძმარმჟავა და სხვა. ვითარდება კომპენსირებული მეტაბოლური აციდოზი – მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევის ფორმა, რომელსაც ახასიათებს ანიონთა და კათიონთა თანაფარდობის გადახრა ანიონთა მატებისკენ. განვითარებული აციდოზის კომპენსირებას ცდილობს როგორც სასუნთქი სისტემა (ინტესიურად გამოიყოფა CO2), ასევე თირკმელები. ამ დროს ადამიანებს აღენიშნებათ თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა.

საყურადღებოა, რომ აციდოზი იზრდება შიმშილობის მე-6 და მე-10 დღეებს შორის, რის შემდეგადაც “აციდოზური კრიზი“ ვითარდება და ადამიანის მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება. “აციდოზური კრიზი” ფაქტიურად ორგანიზმის შინაგანი კვების რეჟიმზე გადასვლის შედეგია. ამ დროს გული და ტვინი “ერგება” (ეგუება) ენერგომოთხოვნილებათა მნიშვნელოვანი ნაწილის დაკმაყოფილებას კეტონური სხეულების დაჟანგვის ხარჯზე. აციდოზი მცირდება და ადამიანს ადვილად გადააქვს შიმშილობა.

დამტკიცებულია, რომ აციდოზი შიმშილობის დროს კომპენსირებული და გარკვეულწილად სასარგებლოცაა. “აციდოზური კრიზის“ შემდგომ პერიოდში მოშიმშილეთა სხეულის წონა ყოველდღიურად გაცილებით ნაკლებად მცირდება ვიდრე წინა პერიოდში.

შიმშილობის შედეგად უმჯობესდება ნუკლეინის მჟავების სინთეზი. ძირითად ნედლეულს ამ სინთეზისათვის წარმოადგენს ნახშირორჟანგი და კეტონური სხეულები, დამატებით ნედლეულს კი – პირველ რიგში პათოლოგიური ქსოვილის (ნაწიბურების, შეხორცებების, სიმსივნური წარმონაქმნების) “ბალასტური ცილები” და მხოლოდ ამის შემდეგ კუნთებისა და სხვა ორგანოების ცილები.

 – როდის დგება შიმშილობისას სიცოცხლისთვის სახიფათო მომენტი და კონკრეტულად, რა პრობლემა ქმნის სიკვდილის რისკს?

– შიმშილობის დროს დეკომპენსაციის ტერმინალური პერიოდი სხეულის მასის 40-50%-ის დაკარგვას შეესებამება. ამ დროს ცხიმის მარაგი თითქმის 100%-ით, შინაგან ორგანოთა ცხიმი კი 97 %-ითაა ამოწურული. დეკომპენსაციის პერიოდი ხასიათდება ვისცერალური, ანუ შინაგანი ორგანოების ქსოვილებში არსებული ცილების დაშლით. ამ დროს იზრდება აზოტის გამოყოფა. შარდთან ერთად იკარგება დიდი რაოდენობით ამინმჟავები, პეპტიდები, კალიუმი, ფოსფორი.

ცნობილია, რომ სხეულის მასის უსაფრთხო დანაკარგი სხეულის წონის 20-25 %-ით დაქვეითებას შეესაბამება. ასეთ დროს  ორგანიზმის ქსოვილებში არ ვითარდება შეუქცევადი პათოლოგიური ცვლილებები. 25-30 დღის განმავლობაში შიმშილობა სხეულის მასის დაახლოებით 12-18 %-ით (ანუ უსაფრთხო ნორმის ქვემოთ) შემცირებას იწვევს.

შიმშილობის კვალად, გარკვეულ ეტაპზე, მას შემდეგ, რაც ორგანიზმი სრულად გახარჯავს ცხიმოვან მარაგს  და გამოიყენებს კუნთოვან ქსოვილს, ვითარდება კომა (უგონო მდგომარეობა, რომელიც ღრმა ძილს მოგვაგონებს), გული და ღვიძლი მცირდება ზომაში, შინაგანი ორგანოები ატროფიას განიცდის და ვეღარ ასრულებს სათანადო ფუნქციებს, რაც საბოლოოდ სიკვდილს იწვევს. დადგენილია, რომ სიკვდილი შიმშილობის გამო მაშინ დგება, როდესაც სხეულის მასის 40-50 % (ზოგიერთი ავტორის მონაცემით 35-40 %) იკარგება, თუმცა, ყოველივე ინდივიდუალურია და ცხადია, გამონაკლისებიც არსებობს.

 – რა ხდება მოშიმშილეს ორგანიზმში, თუ ისშიმშილობის დროს სვამს ხილის წვენებს და თაფლიან წყალს?

– ამ მეთოდით შიმშილობისას ეფექტურად ხდება წონის კლება და ორგანიზმის გაჯანსაღება. წვენებისა და თაფლიანი წყლის გამოყენება ნაწლავის ლორწოვან გარსზე მატონიზებელ გავლენას ახდენს, დაზიანებული უჯრედების განახლებას (რეგენერაციას) განაპირობებს, ხელს უწყობს ორგანიზმიდან  წიდებისა და ტოქსინების გამოდევნას, საზოგადოდ უმჯობესებს გამომყოფი სისტემის ფუნქციობას.

პრაქტიკულად, შიმშილობის მდგომარეობიდან ეტაპობრივად გამოსვლა  სწორედ წვენებისა და თაფლიანი წყლის მიღებით არის რეკომენდებული. პირველ ეტაპზე სასურველია აღნიშნული სითხეების განზავებული სახით დალევა და მათი კონცენტრაციის თანდათანობით გაზრდა.

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები