პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მირქმის დღესასწაულზე ლამპრობის ტრადიცია აღდგება

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მირქმის დღესასწაულზე ლამპრობის ტრადიცია აღდგება.

ლამპრით ანუ ანთებული სანთლით უფალთან მიგებება სიმბოლურად ნათელთან მიგებებას ნიშნავს.

ეს ტრადიცია საქართველოში მხოლოდ სვანეთს შემორჩა.

წელსაც მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით სვანეთში ლამპრობა გაიმართა. მოსახლეობა ამ დღეს საფლავებზე ცეცხლს ანთებს. ისინი ღმერთს მიცვალებულების იმქვეყნიურ კეთილდღეობას შესთხოვენ.

საქართველოს პირველი არხის ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე ლამპრობას მესტიაში დაესწრო.

სვანეთში ამ სახალხო დღესასწაულს წელიწადში სამჯერ აღნიშნავენ. ამ დღისთვის ოჯახებში არყის ხისგან საგანგებოდ ამზადებენ ლამპრებს. ოჯახიდან გარეთ იმდენი ლამპარი გამოაქვთ, რამდენი მამაკაციც არის ამ ოჯახში. მოსახლეობა სპეციალურად შერჩეულ ადგილზე იკრიბება და ლამპრებს თავს ერთად უყრის. ადგილზე ინთება კოცონიც. ტრადიციის მიხედვით, მოსახლეობა ერთობლივად ლოცულობს და ღმერთს შესთხოვს, რომ ოჯახში გვარის გამგრძელებლებმა იმრავლონ. შეკრების ადგილზე სპეციალურად გამომცხვარი სარიტუალო პური და სასმელი მიაქვთ, რომელიც ეკლესიაში იკურთხება.

 სვანეთში,  ამ დღეს მოსახლეობა ცეცხლს საფლავებზე ანთებს. ისინი ღმერთს მიცვალებულების იმქვეყნიურ კეთილდღეობას სთხოვენ.

კიდევ ერთი, ზეცის ლამპრობა თებერვლის ბოლოს იმართება. მისი მიზანი მოსავლიანობის გაზრდა, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვაა.

ლამპრობის შესახებ პირველი ცნობები „ქართლის ცხოვრებაშია“ აღწერილი. ივანე ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორიის“ თანახმად კი, ლამპრობა მთელ საქართველოში გავრცელებული ტრადიცია იყო, თუმცა რიტუალმა პირვანდელი სახე მხოლოდ სვანეთში შეინარჩუნა.

 

 

 

 

კომენტარები