„პენსიების გაზრდა, ასევე პედაგოგებისა და სამედიცინო მუშაკების ხელფასების გაზრდა საქართველოს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტია“

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქალაქ გორში მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა.

გიორგი გახარიამ განაცხადა:

„პენსიების გაზრდა, ასევე პედაგოგებისა და სამედიცინო მუშაკების ხელფასების გაზრდა საქართველოს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 5 ნოემბერს წარადგენს 2020 წლის საქართველოს ბიუჯეტის შესწორებულ პროექტს, რომელმაც ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია. ისინი ვარაუდობენ, რომ ხელფასებისა და პენსიების ზრდა უკავშირდება ქვეყანაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, ვისაც სახელმწიფოს დახმარება სჭირდება.

„ბოლო პერიოდში ძალიან გვაკრიტიკებენ ბიუჯეტის შედგენის გამო, სადაც ძალიან მკაფიოდ განვსაზღვრეთ რამდენიმე ფუნდამენტური პრიორიტეტი. ეს პრიორიტეტი არის პირველ რიგში ბავშვები, ახალგაზრდა თაობა, ასევე ჩვენი პენსიონერები, რომლებიც ძალიან ღვაწლმოსილი ადამიანები არიან. სახელმწიფო აპარატი, რომელიც ამ სოციალურ ჯგუფებს ემსახურება, რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს არიან მასწავლებლები, მეორე რიგში ჩვენი მედიკოსები და რა თქმა უნდა ყველაფერს ამას კრავს პოლიცია.

ამ შეხვედრებს არ აქვს მიზანი გარდა იმისა, რომ უკეთესად და პირდაპირ თქვენგან შევიგრძნოთ რა ხდება რეგიონში. როგორ მუშაობენ ბატონები, რა სპეციფიური პრობლემები არის ამ დარგში, ამ რეგიონში“.

ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტით, 2020 წლის 1 იანვრიდან პენსია 20 ლარით იზრდება,  2020 წლის 1 ივლისიდან 30 ლარით 70 წლის ზემოდ პირთა პენსია გაიზრება.

1 ივლისიდან 100 ლარით გაიზრდება სასწრაფო დახმარების ექიმების და სოფლის ექიმების ხელფასი.

კომენტარები