პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ასლან ვაშაყმაძე დააკავეს – რამდენიმე დღის წინ პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფით იმუქრებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი, 1984 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მან მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდა პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ. სოციალური ქსელი “facebook”-ის საშუალებით განხორციელებულ Live-ჩართვაში ა.ვ. აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება მიაყენონ. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 239-ე პრიმა მუხლით და დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ფოთში შეხვდნენ ა.ვ.-ს, რა დროსაც ის თავს დაესხა სამართალდამცველებს და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები.

ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით და 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

კომენტარები