პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი სამუშია უკრაინამ საქართველოს გადმოსცა

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი სამუშია უკრაინამ საქართველოს გადმოსცა. ეს ინფორმაცია გენერალურ პროკურატურაში დაადასტურეს.
გიორგი სამუშია უკრაინაში 31 მაისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკრაინას გიორგი სამუშიას საქართველოში ექსტრადიციისთვის მიმართა.
გიორგი სამუშია 2015 წელს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. მეგის ქარდავას დავალებით, გიორგი სამუშიამ, სხვა პირებთან ერთად, აიძულა მოქალაქე, ზუგდიდში ტერორისტული აქტის მოწყობა ეღიარებინა. ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებაზე უარის თქმის შემდეგ, დაკავებული ავტომანქანით თბილისში გადაიყვანეს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აწამეს. გიორგი სამუშიასთან ერთად ბრალდებულები არიან დათა ახალაია, გიგი კალანდაძე და რომან შამათავა.
გიორგი სამუშიას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. სასამართლოს მიერ პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩამორთმევის მიუხედავად, გიორგი სამუშიამ საქართველოდან გასვლა მოახერხა. მასზე ინტერპოლის მეშვეობით წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა.

გიორგი სამუშია ბოლოს ბელგიის ქალაქ ლიეჟში გამოჩნდა. იგი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.

კომენტარები