პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, მათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიმართა, –  ქარტიამ, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რეაგირება მოახდინოს ტელეკომპანია „მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიერ, 2020 წლის 11 დეკემბერს, Facebook-ის პირად გვერდზე, პრეზიდენტის მიმართ გამოქვეყნებულ „შეურაცხმყოფელ და ყოვლად მიუღებელ” პოსტთან დაკავშირებით.

ქარტიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან წერილი 16 დეკემბერს მიიღო.

-„საბჭომ იმსჯელა საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაზე და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო:

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არის მედიის თვითრეგულირების ორგანო, რომელიც დადგენილი სტანდარტებით აფასებს მედიაპროდუქტის ეთიკურობას. სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი მოსაზრება მედიაპროდუქტს არ წარმოადგენს. შესაბამისად, ქარტიის საბჭო ვერ შეაფასებს ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთ-ერთი მფლობელისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სტატუსს, რომელიც Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში დაცული იყოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. აუცილებელია, შევინარჩუნოთ გამოხატვის თავისუფლების ის მაღალი სტანდარტი, რომელსაც ადგენს “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი“, – აცხადებენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში.

კომენტარები