პროექტი „ჩვენი ჯარი“ განახლდა. შეხვედრა თბილისის 75-ე საჯარო სკოლაში გაიმართა
პროექტი „ჩვენი ჯარი“ განახლდა.
მეოთხე ეტაპის პირველი შეხვედრა თბილისის 75-ე საჯარო სკოლაში გაიმართა.
ამჯერად „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით 427 სკოლას მოიცავს და მიზნად საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობაში ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს.
პროექტის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები მოსწავლეებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, ჯარისკაცის პროფესიის, საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტებისა და მიზნების, თანამედროვე გამოწვევების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიან.
75-ე საჯარო სკოლაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე იმყოფებოდნენ. მათ სკოლის მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობა გააცნეს და ბავშვებს სამხედრო განათლებაზე, კარიერული წინსვლის შესაძლებლობებზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ასევე, საერთაშორისო მისიებსა და მრავალეროვნულ სწავლებებზე ესაუბრნენ.
მოსწავლეებს თემატური ვიდეორგოლების ნახვის, სამხედრო მოსამსახურეების პირადი ისტორიების გაცნობისა და საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობაც ჰქონდათ.