პროკურორი: საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიხეილ კალანდიას მხრიდან, ბასრი საგნის გამოყენებას ადასტურებს

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის თანამონაწილეობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები მიხეილ კალანდიას მხრიდან ბასრი საგნის გამოყენებას ადასტურებს.
პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები, ძირითადად, მოპოვებულია გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში 2018 წელს, ხოლო ბრალის წარდგენის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.
„საქმეში არის შემთხვევის ადგილზე მყოფ მოწმეთა ჩვენებები, ასევე, იმ პირთა ჩვენებები, რომლებსაც ბრალდებულ მ.კ.-ს შეხვდა შემთხვევის ადგილიდან გამოსვლის შემდეგ, ასევე, ექპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ერთობლიობაში ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მიხეილ კალანდიამ ჩაიდინა დანაშაული. მტკიცებულებების უმრავლესობა, რომელიც საფუძვლად დაედო ბრალდების დადგენილებას, მოპოვებული იქნა გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2018 წელს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც მნიშვნელოვანი იყო ბრალდებისთვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დანაშაული ჩადენილ იქნა ჯგუფურად გ.ჯ-ს მიერ დაუდგენელ პირთან ერთად, შესაბამისად, ის კვალიფიკაცია, რომ დანაშაული ჩადენილ იქნა ჯგუფურად, სწორედ ერთ-ერთი საფუძველი გახდა იმისა, რომ მიხეილ კალანდიას წარედგინა ბრალი. საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს კალანდიას მხრიდან ბასრი საგნის გამოყენებას. მეტი დაკონკრეტება არ შემიძლია“, – განაცხადა მირიან მეგრელიშვილმა.
მიხეილ კალანდიას სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა დღეს შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 11 ივლისს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარები