„პრორუსი ოლიგარქია, რომელიც მარიონეტული მთავრობის საშუალებით მართავს ქვეყანას“-დავით არახამია

უკრაინული ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების პროცესში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით არახამი აშშ-ისა და ევროკავშირის მთავრობებს მიმართავს მოთხოვნით,  – პერსონალური სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს.

არახამიას განცხადება პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას უკავშირდება, სადაც ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არახამია აქტიურად მართავდა შეხვედრებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან და მათგან დაჟინებებით ითხოვდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

-„ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, ის იმ „ფეიკ“ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ახორციელებენ“, – ამბობს არახამია.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი პრორუსი ოლიგარქია, რომელიც მარიონეტული მთავრობის საშუალებით მართავს ქვეყანას.

-„ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა მასშტაბურმა აქციამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენა, – საქართველო ევროპის ნაწილია, – მოსახლეობას სურს ევროკავშირის წევრობა. უკრაინა და მისი ხელისუფლება მაქსიმალურად დაეხმარება საქართველოს, რათა ის ევროკავშირის წევრი გახდეს“, – დასძინა მან.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

-„საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ამის შესახებ მომავალში სულ უფრო მეტი ინფორმაცია გავრცელდება, რომელიც გამოააშკარავებს ივანიშვილის, მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და რუსეთის მთავრობას შორის არსებულ კავშირებს. უკრაინელების სიკვდილით ფულის შოვნას არავის არ შევარჩენთ“, – წერს არახამია.

კომენტარები