პუტინის 5 ტყუილი

ზვიად კვაჭანტირაძე:

ვლადიმერ პუტინის ხუთი ტყუილი საქართველოს შესახებ

ტყუილი N1. “1774 წელს სამხრეთ ოსეთი ცალკე შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.”

ტყუილია წინადადების თითოეული სიტყვა თარიღიანად. სამხრეთ ოსეთი ტერმინადაც კი არ არსებობდა იმ დროს, როდესაც 1783 წელს ერეკლე მეორემ გეორგიევსკის ტრაქტატი გააფორმა რუსეთის იმპერიასთან და 1801 წელს რუსეთის იმპერიამ შეიერთა აღმოსავლეთ ქართული ქართლ-კახეთის სამეფო. რასაც დღეს სამხრეთ ოსეთს უწოდებენ, ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორია იყო. ტერმინი „სამხრეთი ოსეთი“ ჩნდება რუსეთის იმპერიის დროს მე-19 საუკუნის 30-იან წლებში. 1843 წელს თავად რუსებმა შექმნეს ოსეთის ოკრუგი ტფილისის გუბერნიაში და 1859 წელს ისევ გააუქმეს. დღევანდელი ფორმით სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი კი 1922 წლის აპრილში შექმნეს ბოლშევიკებმა დაპყრობილ საქართველოში.

ტყუილი N2. “აფხაზეთი 1810 წელს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო შევიდა რუსეთის შემადგენლობაში. რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, 1918 წელს საქართველომ გერმანიის დახმარებით დაიპყრო აფხაზეთი და სასტიკად ექცეოდა მას.”

აფხაზეთის სამთავრო ნამდვილად ცალკე, თავად შერვაშიძეების მეთაურობით შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, თუმცა ეს მოხდა იმიტომ, რომ საქართველოს ერთიანი სახელმწიფო იყო დაშლილი. აფხაზეთის მაგვარად ცალკე შევიდნენ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველოს სხვა რეგიონები – ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, სვანეთი. მანამდე, აფხაზეთი, მთელი შუა საუკუნეების მანძილზე უწყვეტად იყო დაკავშირებული ქართულ კულტურულ და პოლიტიკურ სივრცესთან.
რაც შეეხება 1918 წელს, გერმანიის და საქართველოს გაერთიანებულმა შენაერთებმა კი არ დაიპყრეს აფხაზეთი, არამედ ჩაახშეს ბოლშევიკური აჯანყება, ხოლო იმავე წლის 11 ივნისს აფხაზეთის ეროვნული საბჭოს თანხმობით აფხაზეთი შევიდა საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სახით. ეს ფაქტი საბჭოთა რუსეთმა ოფიციალურად ცნო 1920 წლის 7 მაისს საქართველოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

ტყუილი N3. “1919-1920 წლებში საქართველო უსასტიკესად ექცეოდა სამხრეთ ოსეთს, რაც დღევანდელი ტერმინოლოგიით გენოციდად შეიძლება შეფასდეს.”

საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ოსურ მოსახლეობაში ბოლშევიკებს ჰქონდათ სერიოზული გავლენა და არაერთი აჯანყება მოაწყეს თბილისის წინააღმდეგ. რეაგირება იყო ისეთი, როგორც ნებისმიერი ქვეყანა მოიქცეოდა შეიარაღებული აჯანყების დროს – მკაცრი, მაგრამ არაფერი საერთო გენოციდთან ამას არ ჰქონდა. მთავრობის ექსპედიციები რეგიონში მიმართული იყო ბოლშევიკური გამოსვლების ჩასახშობად და არა ეთნიკური ოსების წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლება ერთნაირი სიმკაცრით ებრძოდა ბოლშევიკურ გამოსვლებს განურჩევლად ეროვნებისა – იქნებოდა ის ოსების, აფხაზების, ქართველების თუ ნებისმიერი სხვის მიერ ორგანიზებული. იმ დროს ქართველების ოსების გენოციდში დადანაშაულება ძალიან ჰგავს 2008 წლის ომის რუსულ პროპაგანდას, როდესაც რუსეთის სახელმწიფო არხები ასევე გენოციდსა და ათასობით ოსის განადგურებაში ადანაშაულებდნენ ქართველებს, მაშინ როდესაც მოგვიანებით, მათივე ოფიციალური მონაცემებით, დაღუპული ოსების რაოდენობა ასს არ აღემატებოდა.

ტყუილი N4. “აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო შევიდა საბჭოთა კავშირში და სტალინმა დაუბრუნა ის საქართველოს. სტალინი და ბერია უმკაცრეს ზომებს ატარებდნენ ეთნიკური აფხაზების წინააღმდეგ.”

საქართველოს დაპყრობის შემდეგ, 1921 წლის მარტიდან 1931 წლის თებერვლამდე, საბჭოთა ხელისუფლებამ აფხაზეთი ჩამოაცილა საქართველოს რესპუბლიკას და ფორმალურად, ცალკე რესპუბლიკის სახით შეიყვანა სსრკ-ს შემადგენლობაში. თუმცა იმ პერიოდის დოკუმენტებიდან ჩანს, რომ თავად ბოლშევიკურ წრეებში აფხაზეთი ვითომდამოუკიდებლობის წლებშიც საქართველოს ავტონომიურ რეგიონად მოიაზრებოდა და გადაწყვეტილებები ძირითადად თბილისთან თანხმდებოდა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია თავად საბჭოთა კავშირის 1924 წლის კონსტიტუცია, სადაც აფხაზეთი და აჭარა საქართველოს ავტონომიურ რეგიონებად არიან მოხსენიებული. აფხაზეთის დამოუკიდებელ სტატუსს 1931 წელს მოეღო ბოლო, როდესაც ოფიციალურადაც, თავის ბუნებრივ, ავტონომიურ ფორმას დაუბრუნდა საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში.
რაც შეეხება აფხაზების წინააღმდეგ წარმოებულ რეპრესიებს, აფხაზეთში ლავრენტი ბერიას მიერ გატარებული რეპრესიები არაფრით იყო უკეთესი ან უარესი საქართველოს სხვა კუთხეებში ჩატარებულ რეპრესიებზე. ვერავინ იტყვის, რომ ბერიამ მუსრი გაავლო აფხაზებს და დაინდო ქართველები. სტალინური ტერორის დროს ეროვნებას არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა და პრეზიდენტ პუტინის მიერ სტალინის და ბერიას ქართულ წარმომავლობაზე მინიშნება არასამართლიანია. ორივე მათგანი იყო საბჭოთა რუსი პოლიტიკოსი და ძალიან არასწორია, სადაც რუსეთს სჭირდება მათი რუსებად წარმოჩენა (მაგალითად ნაციზმის დამარცხებაში), ხოლო სადაც არა (დიდი ტერორი), მათი ქართველებად გასაღება.

ტყუილი N5. “ზვიად გამსახურდიამ გააუქმა ყველა ავტონომია საქართველოში, მათ შორის აჭარის და აფხაზეთის.”

ეს ყველაზე მარტივი ტყუილია პრეზიდენტ პუტინის ტყუილებს შორის. არც ზვიად გამსახურდიას და არც სხვა რომელიმე ქართველ პოლიტიკოსს ხელი არ უხლია არც აფხაზეთის და არც აჭარის ავტონომიებისთვის. ქართული კანონმდებლობით ორივე რეგიონი არის ავტონომიური რესპუბლიკა დღესაც.
რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ სტატუსს, 1989 წლის 10 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საბჭომ მიიღო კანონი ავტონომიური ოლქის ავტონომიურ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ, ხოლო 1990 წლის 20 სექტემბერს, იმავე სახალხო დეპუტატთა საბჭომ, შიშით რომ საქართველო დატოვებდა საბჭოთა კავშირს, მიიღო კანონი სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის სსრკ-ის შემადგენლობაში დარჩენის და მის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შეჩერების შესახებ, რაც უკანონო ქმედება იყო. ამის პასუხად, საქართველოს უმაღლესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, მთლიანად გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში 1990 წლის 11 დეკემბერს.

გ.ასტამაძე, კარლსრუეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, ისტორიკოსი.
____________
ჩემი P.S.
აი, სერიოზული და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდა მეცნიერის სამაგალითო გამოხმაურება. ასეთს მიბაძეთ, ზოგიერთებმა, თუ მხოლოდ უარგუმენტო ყბედობაში და ლანძღვაში არ ხართ მაგრები.

კომენტარები