„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები გაყინულია. ინციდენტების პრევენციის მექანიზმი ძალიან იშვიათ შემთხვევაშია წარმატებული“

თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:

„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები გაყინულია. ინციდენტების პრევენციის მექანიზმი ძალიან იშვიათ შემთხვევაშია წარმატებული ტექნიკური საკითხების მოგვარებაში.

ორივე ფორმატის მოლაპარაკებები, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, მუდმივად იშლება.

მიმდინარე ზაფხულმა, 20 ივნისის მოვლენებმა – საქართველოს მოსახლეობის სპონტანურმა რეაქციამ და მისი უფრო ღრმა და ფართო გაღიზიანების გამოხატულებამ, აჩვენა ამ სტატუსქვოს ლიმიტი.

საზოგადოების არც ერთი ნაწილი, რ უნდა შეეგუოს ამ გაყინულ ვითარებასა და ჩვენი მოქალაქეების გამყოფ ხაზს, რაც ჩვენთვის განუკურნებელ ღია ჭრილობას წარმოადგენს.

მდგომარეობა უფრო და უფრო მყიფე ხდება – მეტი პროვოკაცია, მეტი მძევლები, მეტი ინციდენტი ეს სიტუაცია ნებისმიერ დროს შესაძლოა კიდევ გამწვავდეს. ჩვენი პასუხისმგებლობა, ვითარების გამწვავებისა და პროვოკაციების აცილებაა. საქართველოს პასუხი პროვოკაციებზე ორმხრივია.

ჩვენ გვჭირდება, რომ გავაგრძელოთ ვითარების მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძებნა და ამ მიმართულებით საქართველოს პოლიტიკა თავშეკავებულობის პოლიტიკაა. დამატებითი ფორმატების განხილვა უნდა მოხდეს.  მაგალითად,  აშშ-ს ან ევროკავშირის წარმომადგენლების ჩართვა საქართველოს კონფლიქტების საკითხებში, როგორც უკრაინაშია:

რატომ არ შეიძლება ჰყავდეს აშშ-ს, ან ევროკავშირს წარმომადგენელი საქართველოს კონფლიქტების საკითხებში, ისევე როგორც ესაა უკრაინის შემთხვევაში….

უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, შევქმნათ დინამიკა, თავიდან გავაჩინოთ პერსპექტივა, რათა არ დავუშვათ, რომ უკრაინის უახლესმა კონფლიქტმა გადაფაროს, ნაკლებად აქტუალური გახადოს და გარკვეულწილად, დღის წესრიგიდან ამოაგდოს საქართველოს საკითხი”.

 

კომენტარები