ჟურნალისტის მკვლელობისთვის გასამართლებულმა დანიელმა გამომგონებელმა ციხიდან გაქცევა სცადა

დანიელმა ინჟინერმა პიტერ მადსენმა, რომელიც სასჯელს შვედი ჟურნალისტის, კიმ ვაალის მკვლელობისთვის იხდის, ციხიდან გაქცევა სცადა. ამის შესახებ BBC  წერს

გამოცემის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კოპენჰაგენში, ციხესთან ახლოს კაცი დააკავეს და შემდეგ დაადასტურეს, რომ ეს მადსენი იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებისას მადსენმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ ბომბი აქვს. ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ მადსენს ასაფეთქებელი ნივთიერება არ ჰქონდა, რის შემდეგაც პოლიციამ პატიმარი ციხეში დააბრუნა.

კიმ ვაალი 2017 წლის აგვისტოში გაუჩინარდა. უკანასკნელად ის მადსენის მიერ გამოგონილ წყალქვეშა ნავზე ნახეს, სადაც ის ინტერვიუს ჩასაწერად მივიდა. რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთ სანაპიროზე ცხედრის ფრაგმენტები აღმოაჩინეს რომელთა დნმ-იც ჟურნალისტისას დაემთხვა. ეჭვიმატანილად საქმეში მადსენი დასახელდა, თუმცა ის დანაშაულს დღემდე არ აღიარებდა. 2018 წელს სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2020 წლის სექმტემბერში მადსენმა ჟურნალისტის მკვლელობა აღიარა.

კომენტარები