რაგბში საქართველო – რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

საქართველოს რაგბის კავშირი ინფორმაციას ავრცელებს:

„რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები რუსეთთან მაყურებლის გარეშე გამართავს. გადაწყვეტილება ახალ კორონავირუსს უკავშირდება.

ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე. ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად.

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის“.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.  დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კრონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.

 

კომენტარები