„რადგან არც კარავი გამაჩნდა და არც სხვა რამ საძილე საშუალება, იძულებული ვიყავი ღამე რომელიმე“-დავით კაკაბაძის წერილის ბოლო ნაწილი, რომელიც მისწერა ძმას მაღაროსკარიდან

დავით კაკაბაძის წერილის ბოლო ნაწილი, რომელიც მისწერა ძმას მაღაროსკარიდან:
„ …..რადგან არც კარავი გამაჩნდა და არც სხვა რამ საძილე საშუალება, იძულებული ვიყავი ღამე რომელიმე სოფელში გამეთია. ერთხელ, როდესაც უკვე ღამდებოდა, სოფელი კი არსად ჩანდა, დავინახე ვიღაც კაცი, რომელიც ბალახს თიბავდა და ვთხოვე, ჩემთვის ღამე გაეთენებინა, რაზედაც იგი სიამოვნებით დამთანხმდა. ეს კაცი აღმოჩნდა ვინმე ხირჩლა ჭინჭარაული, დაახლოებით ორმოცი წლისა.
ჩემმა მასპინძელმა ბალახის თიბვა მიატოვა და წინ გამიძღვა. ავიარეთ ფერდობი, ავედით ერთ მოშიშვლებულ მთაზე და გამოჩნდა ფუნის უზარმაზარი გროვა, ხოლო იმ გროვას რომ შემოვუარეთ, დავინახე მიწური სახლი, რომლის წინაც, მოტიტვლებულ ეზოში, 5 თუ 6 ბავშვი თამაშობდა. ჩემს დანახვაზე ისინი დაფრთხნენ და გაიქცნენ. შევედით მიწურში, სადაც დაგვხვდა მასპინძლის ცოლი – ნაადრევად დაბერებული, მაგრამ ჯერ კიდევ საკმაოდ ლამაზი ქალი.დიასახლისმა დაგვსხა ტახტზე, წინ დაგვიდგა პატარა ტაბლა და შეუდგა ვახშმის სამზადისს. მე ინტერესით ვათვალიერებდი ოთახს: გაშავებულ, პატარა ბუხარს, მის თავზე შემოდებულ, გამურულ ფანდურს, წყლის რამდენიმე თუნგს და ხის დერგებს, სადაც ჩემი მასპინძლები ყველსა და ერბოს ინახავდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი დამავიწყა ერთმა საკვირველმა თექამ, რომელიც მოპირდაპირე კედელზე იყო გაკრული.
ყოველი ნაწარმოების სიკარგე, ეს იქნება რეალისტური თუ აბსტრაქტული ხელოვნება, ან ორნამენტი, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც გამოსახულია ზედაპირზე, დამოკიდებულია იმაზე, იძლევა თუ არა იგი მაყურებელზე სივრცის განცდის შთაბეჭდილებას. სივრცის განცდა არის ერთი მთავარი მახასიათებელი ხელოვნებისა. თუ ხელოვნების ნაწარმოები ვერ იძლევა სივრცის განცდას, ის არც არის ხელოვნების ნაწარმოები. ცნობილია, რომ გეომეტრიული ანუ ხაზოვანი პერსპექტივა იტალიურმა რენესანსმა აღმოაჩინა და აქედან მოყოლებული ევროპულ მხატვრობაში სიბრტყეზე სამგანზომილებიანი სივრცის ილუზია სწორედ ამ ხაზოვანი პესპექტივით მიიღწევა. მაგრამ ხევსურულ მიწურში ნანახმა თექამ მე დამარწმუნა, რომ სივრცის გადმოცემა ხაზების სისტემის გარეშე, მარტო ფერების საშუალებითაც ყოფილა შესაძლებელი.
ეს იყო ფანტასტიური აღმოჩენა!
მე ამ აღმოჩენამ იმდენად შემძრა, რომ დამავიწყდა სად ვიყავი და ვინ ვიყავი. გონს რომ მოვეგე, უკვე ფეხზე ვიდექი და ჩემი გაოცებული მასპინძლების თვალწინ იმ საკვირველ თექას ხელით ვსინჯავდი.ის არ ჰგავდა ჩვეულებრივ აბსტრაქტულ ნამუშევრებს – არც ფერით, არც კომპოზიციით და არც, მითუმეტეს, სიუჟეტით, მაგრამ მასში მე ვრძნობდი საქართველოს მიწა-წყალს, ზეცას, ჰაერსა და მის გამაოგნებელ კოლორიტს.
უნდა გითხრა, რომ ჩვენი წარსული ხელოვნების ფორმები ჯერ კიდევ შეუსწავლელია: ვერსად ნახავ დამაჯერებელ აზრს მათი ესთეტიური ღირებულების შესახებ. ჩვენში ყველანაირ სიძველეს ერთნაირ მნიშვნელობას აძლევენ და ხელოვნების ფორმის დაფასება მარტო იმით ისაზღვრება, რომ ის ძველია.ეს ფარდაგიც ძველი იყო, მაგრამ მთელი ჩემი პარიზში ყოფნის დროს ასეთი ახალი და ორიგინალური არაფერი მენახა. თანდათანობით ვრწმუნდებოდი, რომ მისი ადგილი აქ არ იყო, ეს თექა ლუვრის საუკეთესო დარბაზში უნდა გამოეფინათ, რათა მისი ხილვით დატკბობის საშუალება მილიონობით ადამიანს მისცემოდა.
ამ ფიქრებიდან მასპინძლის ხმამ გამომიყვანა, რომელიც სუფრასთან მეპატიჟებოდა. ტახტზე ჩამოვჯექი თუ არა, ხირჩლამ ჟიპიტაურით სავსე პატარა ყანწი მომაწოდა და მე, როგორც აქ არის მიღებული, დავლოცე მისი ჯალაბი და საქონელი, შემდეგ კი ფრთხილად შევაპარე, რომ თექა ძალიან მომეწონა და რასაც დამიფასებდა, უყოყმანოდ გადავუხდიდი.მან თავი გააქნია და მთხოვა, რომ ამ საკითხზე აღარ გვესაუბრა.
დავლიეთ კიდევ რამდენიმე ყანწი და ამასობაში დაღამდა კიდეც. არ ვიცი, სასმელის ბრალი იყო თუ კედელში ჩამაგრებული ჭრაქის მოლიცლიცე შუქისა – ხელოვნების იმ ნაწარმოებმა სულ სხვა, იდუმალი ფერი მიიღო და ჩემს თვალწინ სრულიად ახალი ღირსებებით წარმოსდგა.
ქალმა ბავშვები დააწვინა და მალე ჩვენც დასაძინებლად მოვეწყეთ, მაგრამ თითქმის მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, სულ იმ თექაზე ვფიქრობდი და ვგრძნობდი, რომ მის გარეშე აქედან წასვლა ჩემს ძალ-ღონეს აღემატებოდა. გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ეს შედევრი ხელში ჩემეგდო, რისთვისაც, მთელი ღამის განმავლობაში, საკმაოდ მარჯვე და ეშმაკური გეგმა მოვიფიქრე.მეორე დილით ადრე ავდექით. დიასახლისმა სუფრა გაგვიშალა. ჩვენ დავსხედით და დავიწყეთ იმ საზიზღარი ჟიპიტაურის სმა.სამ-სამი ყანწი რომ დავლიეთ, მე ისევ თექაზე ჩამოვაგდე ლაპარაკი. მასპინძელმა მითხრა, რომ ის მისი ბებიის დედის, ვინმე გულქან არაბულის ნახელავი იყო.
ჩემის მხრივ მე ვუამბე საკუთარი თავგადასავალი – ვუთხარი, რომ მხატვარი ვიყავი და ამ საქმეს საფრანგეთში ცხრა წლის განმავლობაში ვსწავლობდი. ველაპარაკებოდი, რა თქმა უნდა, მისთვის სრულიად გაუგებარ თემაზე: პარიზის ხელოვნების დღევანდელ მდგომარეობაზე, იქ არსებულ ორ უმთავრეს დაჯგუფებაზე, რომელთაგან ერთი განაგძობს კუბიზმის მონაპოვართა გაღრმავებას, მის ორგანიზაციას, სინთეზს, ახალი პირობების მიხედვით ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას (პიკასოდან დაწყებული ანდრე ლოტამდე), ხოლო მეორე ჯგუფი ან სარგებლობს უკვე მოცემული მხატვრული ფორმულებით (Andre Derain, Risling, Favori, Suzane Valadon, Marie Laurensin, Frie, Waroquier ) ან ფიქრობს ბუნების უშუალო გადმოცემაზე (Dunoger de Segonsas, Gromaire, Van Dongen, Vlamich, Grosz). ამასთან, არ დავუმალე, რომ ეს თექა ძირეულად განსხვავდება ამ ორივე ჯგუფის მიერ შემუშავებული კონცეფციისაგან და წარმოადგენს სრულიად ახალ, ჯერ კიდევ უცნობ მიმდინარეობას, რომელმაც, შესაძლებელია, რევოლუციური გარდატეხა შეიტანოს თანამედროვე ევროპის მხატვრულ რეალობაში. დასკვნის სახით კი ვუთხარი, რომ ჩვენი ვალია, ეს ნამუშევარი უსათუოდ გავაცნოთ ევროპელ მხატვრებს, რაც ორმხრივ სასარგებლო საქმე იქნება – ჯერ ერთი, რომ ისინი სულ სხვა თვალით შეხედავენ არა მხოლოდ საკუთარ შემოქმედებას, არამედ, თვალნათლივ დაინახავენ მხატვრობის განვითარების პერსპექტივებს და მეორეც, ჩვენი პატარა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი და საამაყო იქნება ის, რომ ამ პერსპექტივას გენიალური ქართველი შემოქმედი, ანუ მისი დიდი ბებია დაუდებს სათავეს.
ჩემი საწყალი მასპინძელი მთელი ყურადღებით მისმენდა, მაგრამ ვეჭვობ, ჩემი ამ გრძელი ტირადიდან ნიშანდობლივ რაიმე გაეგოს, ამიტომ არც ვაციე, არც ვაცხელე და პირდაპირ ვუთხარი, თექა უნდა მომყიდო-მეთქი.არაო, – მიპასუხა, – გუშინაც ხო გითხარი, რო ვერ გავყიდიო.მაშინ, მაჩუქე-მეთქი!ეს მზაკვრული ხერხი წინასწარ მოვიფიქრე და ჩემი გეგმის კულმინაციად დავსახე, რადგან ვიცოდი, რომ მთიელი კაცი სტუმარს ასეთ თხოვნაზე უარს ვერაფრის დიდებით ვერ ეტყოდა. მართლაც, ჩემს სიტყვებზე ძალიან მოიწყინა, სახე ხელისგულებში ჩამალა და დიდხანს, ძალიან დიდხანს იჯდა ეგრე. მე ვხვდებოდი, რომ მის არსებაში ორი გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს: ვერც თექას ელეოდა და არც სტუმრის წყენინება უნდოდა, რის გამოც, ცოტა არ იყოს, სინდისის ქენჯნამ შემაწუხა, მაგრამ ოღონდაც ის დაუძლეველი სურვილი ამესრულებინა და იმ წუთში ყველაფრისთვის მზად ვიყავი.ბოლოს, როდის, როდის თავი აიღო და შემომხედა. შევცბი: თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. მერე არაყი დაისხა, დალია და დაახლოებით ასეთი რამ მითხრა: “მე ადრე დავვობლდი. ექვსი წლისას დედა მომიკვდა, რვისას – მამა. ბებია მზრდიდა, მაგრამ თორმეტისა რო შევსრულდი, ისიც მომიკვდა. დავრჩი მარტო. საქონელს ვუვლიდი, თივას ვამზადებდი, ტყიდან შეშას ვეზიდებოდი. აქ მკაცრი ზამთარი იცის – თოვლი, ყინვა, ზვავები. კარგად რომ მოვიზარდე, ეს ჩემსავით ობოლი, ბოგანო ქალი შევირთე და ოჯახი კომლად ვაქციე. ექვსი ბალღი გვეყოლა, სულ ერთმანეთის მიმდევნოები. მამლის ყივილზე ვდგები, ვწვალობ, ვშრომობ, წელებზე ფეხს ვიდგამ, რომ ჯალაბი როგორმე გამოვკვებო, მაგრამ მაინც მშივრები და შიშველ-ტიტვლები ვყრივართ. ზოგჯერ ისე შემჯავრდება ყველაფერი, რო თავის მოკვლა მინდება. მოვალ დაღლილ-დაქანცული და ტახტზე მივეგდები – არ ვიცი, თოფი დავიცე თუ ხანჯალზე დავეგო, მაგრამ ამ თექას რო შევხედავ, გულში ნათელი მიდგება, ყველაფერი მავიწყდება, ისევ კაცი მგონია ჩემი თავი, – ერთხანს იყუჩა, მერე ყანწი ისევ შეავსო და თქვა, – ეხლა, როგორც შენ იტყვი, თუ ეგრე გულით გინდა, ადექი, ჩამოხსენი და წაიღე”.მე ვეღარაფერი ვაწამე, ერთხანს გაოგნებული ვიჯექი, მერე ავდექი, გადავეხვიე, ორთავ მხარზე ვაკოცე, დავემშვიდობე და წამოვედი.ახლა მაღაროსკარის ფოსტაში ვზივარ და ამ წერილს გწერ. სრულიად არ ვნანობ, რომ ის თექა არ წამოვიღე. ალბათ, ისევ იმ გამურულ კედელზე ჰკიდია და მის პატრონს, ერთ უბრალო ხევსურს, ცხოვრების ამაოებისაგან აწეწილ სულს უმშვიდებს. ხელოვნების უმთავრესი დანიშნულებაც ხომ ეს არის.

მარად შენი მოყვარული ძმა“.

4 აგვისტო. 1928 წელი

კომენტარები