რამაზ გახოკიძე: ნუ ენდობით ინტერნეტში შემოთავაზებულ გასახდომ და პოტენციის მასტიმულირებელ საშუალებებს!

სოციალურ ქსელებში თვალში ხშირად გვეჩხირება სხვადასხვა მედიკამენტის რეკლამა. ზოგი წონაში სწრაფად დაკლების გარანტიას იძლევა, სხვა – პოტენციის სტიმულაციას და ხანდაზმულ ასაკში კაზანოვას ტემპერამენტს პირდება თავბრუდახვეულ მომხმარებელას. ვენდოთ თუ არა ამ რეკლამას და ჯანმრთელობისთვის რამდენად უხიფათოა შემოთავაზებული პრეპარატები? ვესაუბრებით  ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრს, პროფესორ რამაზ გახოკიძეს.

 

– დავიწყოთ იქიდან, რომ პრეპარატები, რომელთა რეკლამებიც მუდმივად თვალში გვეჩხირებიან, ძირითადად უცხოეთში, არალიცენზირებულ საწარმოებში მზადდება. მათი მოქმედის მექანიზმი ბოლომდე გარკვეული არც არის. ზოგი კი, მიამიტი ადამიანებისთვის ფულის გამოძალვის თაღლითური გეგმის  ინსტრუმენტია, რადგან სოლიდური ღირებულების მიუხედავად, არანაირი ეფექტი არ გააჩნია.

ინტერნეტით შემოთავაზებული სწრაფად გახდომის საშუალებები აფერაა?

– ამ პრეპარატების გამოყენებით ადამიანი შეიძლება მართლაც სწრაფად გახდეს, მაგრამ გახდომის პროცესმა ჯანმრთელობა შეიწიროს.

მრავალ ქვეყანაში მსგავსი საშუალებები უკვე აკრძალულია, რადგან ისინი შეიცავენ მაზინდოლს, ფენფლურამინს, სიბუტრამინს და ფსევდოეფედრინს, რომლებიც, მართალია, სწრაფად აგდებენ ზედმეტ წონას, მაგრამ დაუნდობლად ანადგურებენ ორგანოებს, განსაკუთრებით ღვიძლს და თირკმლებს. ისინი მოქმედებენ უჯრედის დონეზე, იწვევენ ცრუ სიმაძღრის შეგრძნებას, რის გამოც ხდება უჯრედის გამოშრობა.

ამასთან, გააჩნიათ რიგი უკუჩვენებები, მაგალითად, სიბუმატრინის მიღება, რომელიც შედის პრეპარატებში: ,,ჟუიდემენი’’, ,,დიკოროსი’’, ,,მედისლიმი’’  და სხვა – დაუშვებელია გულის ქრონიკული უკმარისობით, გულსისხლძარღვთა სისტემით, არითმიით და ტაქიკარდიით, ინსულტით, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებით, სიმსივნეებით და გლაუკომათი დაავადებულებისთვის .

– რა მექანიზმით ხდება სწრაფი გახდომა?

– გასახდომი აბების უმრავლესობაში შედის მადის შესამცირებელი ნივთიერებები: ამფეტამინი, ფენტერმინი, სიბუტრამინი და სხვა. მართალია ისინი მადას აქვეითებენ, მაგრამ მოქმედებენ თავის ტვინის განსაზღვრულ ცენტრებზე, იწვევენ უძილობას, ჰიპერტენზიას, პირღებინებას კანის დაავადებებს. ასეთი აბები განაპირობებენშეჩვევას და სუიციდისადმი მიდრეკილებას; ფიტავენ ნერვულ სისტემას, იწვევენ ფსიქიკის შეუქცევად ცვლილებებს და გულსისხლძარღვთა დაავადებებს. იმ პრეპარატების უმრავლესობა, რასაც ქართველ მომხმარებელს  ინტერნეტში რეკლამებით სთავაზობენ,  აკრძალულია აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში. სახიფათოა სასაქმებელი საშუალებანი, რომელთაც იყენებენ ნაწლავების გასაწმენდად. მათი რეგულარულად გამოყენება იწვევს ორგანიზმში კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის დონის შემცირებას, არითმიას და პანკრეატიტს; შარდმდენი აბები კი, ელექტროლიტების მარაგის გამოფიტვით ორგანიზმის გაუწყლოებას განაპირობებნ. დაუშვებელია სინთეზური დამატკბობლების გამოყენება. ყველაზე გავრცელებულია ასპარტამი, რომელიც აზიანებს ტვინს და მხედველობას.

– ინტერნეტში შიმშილობის გზით გახდომასაც გვირჩევენ. ეს დასაშვებია?

შიმშილის დროს თავდაპირველად იკლებს არა ცხიმოვანი, არამედ კუნთოვანი მასა. ხანგრძლივი შიმშილობა ასუსტებს იმუნურ სისტემას და ხშირად გამოუსწორებელ ზიანს აყენებს სასაიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს. არსებობს მხოლოდ ერთი, გამოცდილი მეთოდი ჯანმრთელობის და მოხდენილი აგებულების შესანარჩუნებლად: დაიცავით ცხოვრების აქტიური წესი, მიირთვით იმდენი საკვები, რამდენი კალორიის დაწვაც შეგიძლიათ.

– ინტერნეტით შემოთავაზებული პოტენციის ასამაღლებელი პრეპარატებიც საშიშია?

ამ პრეპარატების მოხმარება დაუშვებელია მათთვის, ვინც საგულე საშუალებებს – ნიტროგლიცერინს, ნიტროკაპს, ტრინიტროლონგს და ა.შ. ღებულობს, რადგან ერთობლივი მიღება შესაძლებელია, წნევის მკვეთრი დაცემის მიზეზი გახდეს.

                                       

საერთოდ, გულით დაავადებულთათვის პოტენციის ასამაღლებელი პრეპარატების მიღება ექიმთან შეუთანხმებლად არ შეიძლება. ინტერნეტით შემოთავაზებული პრეპარატები ძირითადად, ყველაზე პოპულარული მასტიმულირებელი საშუალების – სილდენაფილის, ანუ ვიაგრას ნაირსახეობაა. აღსანიშნავია, რომ თავიდან, ვიაგრა შეიქმნა, როგორც გულის დაავადებათა სამკურნალო პრეპარატი, თუმცა მისმა გამოცდამ საწინააღმდეგო ეფექტი წარმოაჩინა. როცა მოხალისეებს პრეპარატის დაბრუნება მოთხოვეს, უმრავლესობამ იგი არ დააბრუნა. ვიაგრა ვიაგრამ იცის მიჩვევა და მამაკაცებს მის მიმართ ექმნებათ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება.           ვიაგრას მიღება კატეგორიულად არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აწუხებს სტენოკარდია, გულის უკმარისობა, ტვინის სისხლის მოძრაობის დარღვევა და თირკმლების უკმარისობა.

ვიაგრას ხშირი მოხმარება იწვევს მეხსიერების და გონებრივი აქტიურობის დაქვეითებას, მხედველობის დარღვევას, თავის ტკივილს. უტყუარი ინფორმაცია ორგანიზმზე ვიაგრას მავნე ზემოქმედენის შესახებ არ არსებობს, რადგან, შესაძლოა, პრეპარატის მწარმოებელი ფირმები, კომერციული მიზნების გამო, ხელს უშლიან ამ ინფორმაციის გავრცელებას. ვიაგრაზე გაცილებით ეფექტური მოქმედება ახასიათებს პრეპარატ სიალისს – ტადაფილს – თუმცა მის გვერდით მოვლენებზე ინფორმაცია მწირია.   ლიბიდოს დაკარგვის შემთხვევაში მამაკაცები ჰორმონალური თერაპიას აბების, ინექციების ან სალბუნების სახით იტარებენ, რათა ტესტოსტერონის დეფიციტი შეივსონ, მაგრამ ხელოვნურად მიღებულ სტეროიდებს მრავალი უკუჩვენება ახასიათებთ, ამიტომ მხოლოდ სტეროიდებით მკურნალობა არ შეიძლება. ძალიან საშიშია  ტესტოსტერონის რეგულარულად გამოყენება ორგანიზმის ტონუსის და სექსუალური ფუნქციის გასაძლიერებლად.

არსებობს თუ არა პოტენციის ასამაღლებელი ბუნებრივი საშუალებანი?   

– პოტენციის დაქვეითება დაკავშირებულია ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონის – ტესტოსტერონის კლებასთან. რაც უფრო მაღალია ჰორმონის შემცველობა, მით უფრო გამოხატულია სექსუალური ლტოლვა. ტესტოსტერონის ნაკლებობის გამო მამაკაცებში იზრდება  მიდრეკილება ქალურობისკენ. კარგ ეფექტს იძლევა ფიტოთერაპია და აპითერაპია – თაფლის და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებით მკურნალობა – ტყუილად კი არ უწოდებენ თანაცხოვრების პირველ თვეს თაფლობის თვეს. თაფლი და ყვავილის მტვერი დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოსტიმულატორებს, ჰორმონებს, ამინმჟავებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს, თანაც, ადვილად ასათვისებელი ფორმით.

სასარგებლოა თაფლის მიღება ზამთარში 2-3 სუფრის კოვზის რაოდენობით ყოველდღიურად, ხოლო ზაფხულში, როცა თაფლი ახალია – 2-ჯერ მეტი რაოდენობით.

ბევრად უსაფრთხოა მცენარეული წარმოშობის პრეპარატებით, ე.წ. აფროდიზიაკებით მკურნალობა. ასეთი საშუალებანი დაბალანსებული სახით შეიცავს მიკროელემენტებს და ვიტამინებს, რაც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას, მამაკაცური ჰორმონების გამომუშავებას და ზრდის სასქესო ორგანოებში სისხლის მიწოდებას.   ტესტოსტერონის დონის ამაღლება ბუნებრივადაც შესაძლებელია. მამაკაცური ჰორმონის მოლეკულების წარმოსაქმნელად აუცილებელია თუთია, რასაც უხვად შეიცავს ქატო, გოგრის და მზესუმზირას თესლები, ხორბლის გაღივებული მარცვალი, საქონლის ღვიძლი, თევზი, ზღვის პროდუქტები, კვერცხის გული, ნიორი, ხახვი, კარტოფილი, პამიდორი, მწვანე ჩაი, ქათმის და კურდღლის ხორცი, კაკალი, ოსპი, ბოლოკი, რძე, ქერის და შვრიის ფქვილი, ლობიო, ბარდა, ჭარხალი, ნიახური, შავი მოცხარი, ჟოლო, მრავალი ბოსტნეული. მამაკაცური პოტენციის აღდგენა და სექსუალური აქტიურობის გაძლიერება შესაძლებელია დაფნის ფოთოლის, როზმარინის, დარიჩინის, ნიახურის, ოხრახუშის, ქინძის, სალბის, ზაფრანას, შვრიის, მოცვის და მარწყვის ხშირად დაგემოვნებით.

 

 

კომენტარები