
რამაზ ხეცურიანი: სიკვდილის შემდეგ ორგანიზმის გაცოცხლების ექსპერიმენტები მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს!
ბავშვობაში ყველას წაუკითხავს “პროფესორ დოუელის თავი.” მოკვეთილი თავის ცოცხლად შენარჩუნება და მისი გონებრივი რესურსით სარგებლობა ეთიკურად კვლავ მიუღებელია, თუმცა უკვე შესაძლებელი! ახდება თუ არა ოდესმე სხვა ფანტასტი მწერლების ცნობილი ფანტაზიები? შესაძლებელია თუ არა სასიკვდილოდ განწირული ადამიანის გაყინვა და შემდეგ გაცოცხლება იმ იმედით, რომ მომავალში მისი სენი დასაძლევი გახდება? ცაციობა ავადმყოფობაა თუ ნორმა? როგორ ცოცხლობენ ადამიანები, ვისაც გული სხეულის მარჯვენა მხარეს გააჩნიათ? ამ და სხვა უამრავ საინტერესო კითხვაზე პასუხების მისაღებად სამედიცინო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს, ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოს რამაზ ხეცურიანს მივმართე:
– ადამიანის ორგანიზმში ორგანოები და სისტემები ფუნქციური ასიმეტრიის პრინციპით არის განლაგებული. წყვილი ორგანოებიც კი არ არიან სიმეტრიულები, შესაბამისად მათი ფუნქციები ერთმანეთისგან ნაწილობრივ გამიჯნული და განსხვავებულია. ადამიანების 40 %-ს მარჯვენა ყურში უკეთესი სმენა აქვთ. მარცხენა თვალით ადამიანების 20 % უფრო კარგად ხედავს ვიდრე მარჯვენათი. განსხვავებულია თირკმელების ფუნქციური აქტივობის მაჩვენებლებიც, პლანეტის მოსახლეობის 10-14% კი, ცაციაა.
– ცაციობა ნორმაა თუ პათოლოგია?
– რაც გითხარით, ყველაფერი, მათ შორის, ცაციობაც ნორმაა, თუმცა ცაციები ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ხშირად ხდებოდნენ ჩაგვრის და დაცინვის ობიექტები. ძველ რომში ცაციობა ბოროტებასთან იყო ასოცირებული და მათ სიკვდილით სჯიდნენ, შუა საუკუნეებში ინკვიზიციის მსახურნი ცაციებს ეშმაკებთან და ჯადოქრებთან აიგივებდნენ და კოცონზე წვავდნენ. ძველ რუსეთში ცაციებს უკრძალავდნენ სასამართლოში ჩვენების მიცემას, ხოლო საბჭოთა პერიოდში ცაციობა არაეთიკურად ითვლებოდა და საგანმანათლებლო დაწესებულებები დაჟინებით ცდილობდნენ ცაციების მემარჯვენედ გადაკეთებას, რაც დიდ სულიერ და ფსიქიკურ ტრამვებთან იყო დაკავშირებული. ცაცია ბავშვები არასრულფასოვნად ითვლებოდნენ. XX საუკუნის მიწურულს გაერომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ფარგლებშიც, ცაციები ნორმალურ, ჯანმრთელ ადამიანებად აღიარეს და ცაციების საერთაშორისო დღეც კი (13 აგვისტო) დააწესეს. ცაციები ჩვეულებრივები, ხშირად კი, საკმაოდ წარმატებული ადამიანებიც არიან, მაგალითად, ცაციები იყვნენ ჩარლი ჩაპლინი, ლადო გუდიაშვილი, მიქელანჯელო, პოლ მაკარტნი, ჯორჯ მაიკლი, სილვესტერ სტალონე, ანჯელინა ჯოლი, ბილ გეიტსი და სხვები. მსოფლიოს 50 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის 20 ცაციაა. არა მხოლოდ ადამიანები, ძაღლები და კატებიც არიან ცაციები. თევზების ერთ-ერთი სახეობის – „ციხლიდების“ უმრავლესობაც ცაციაა – ისინი მხოლოდ მარცხენა მხრიდან ესხმიან მსხვერპლს. ცაცია წეროებიც არიან, რომლებიც მუდმივად მარცხენა ფეხზე დგანან. მაიმუნები კი, ორთავე კიდურს თანაბრად იყენებენ.
– რა განაპირობებს ცაციობას?
– პროფესორ ჰორმან გეშვინგის თეორიის მიხედვით ცაციობას განაპირობებს მუცლად ყოფნის დროს ნაყოფში ტესტოსტერონის მოჭარბებული რაოდენობა, რაც მარჯვენა ჰემისფეროს პრიორიტეტული განვითარების საფუძველი ხდება. რიგი მეცნიერებისა ამტკიცებენ, რომ ულტრასონოგრაფიული კვლევები გავლენას ახდენენ ცაციობის ჩამოყალიბებაზე. მეცნიერთა ერთი ნაწილი კი თვლის, რომ გენი LRTM-1 განაპირობებს ცაციებად დაბადებას, მაგრამ ეს საკითხი ჯერჯერობით, ისევ ბუნდოვანია. ცაციობა ვაჟებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე გოგონებში, ალბათ გეშვინგის თეორიის მიხედვით ამის საფუძველი მართლაც ტესტოსტერონია. ცაციობა ხერხემლის მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული. ადამიანების 84 %-ს ხერხემალი სხეულის შუა ხაზზე კი არა, ამ ხაზიდან ოდნავ მარცხნივ უდგას. ფიზიკას თუ გავიხსენებთ, რაც უფრო გრძელია “ძალის მხარი,” მით ადვილია სამუშაოს შესრულება. ხერხემლის მდებარეობის გამო ზედა კიდურებისათვის ძალის მხარი თანაბარი არ არის, მარჯვნივ უფრო გრძელია და სამუშაოს შესრულებაც, მარჯვენა კიდურით უფრო კომფორტულია. ადამიანების დანარჩენ, 10-13 %-ს კი, ვისაც ხერხემალი მარჯვნივ აქვს გადახრილი, მარცხენა ხელის მოხმარება ეადვილება. ნიშანდობლივია, რომ სხეულის საბოლოოდ ჩამოყალიბების პროცესში ტვინი ითვალისწინებს წინასწარ დასახულ პროგრამას და შესაბამისად განალაგებს ხერხემალს, მთავარ სტრუქტურას, რომელიც განსაზღვრავს როგორც ჩვენს შრომის უნარს, ასევე მის ეფექტურობას.
– სრულფასოვნად ითვლება თუ არა ადამიანი, რომელსაც გული მარჯვენა მხარეს აქვს?
– ადამიანის ორგანიზმში ყველა ორგანოს, მათ შორის გულსაც თავისი ადგილი აქვს განსაზღვრული, მისი ნორმალურად ფუნქციონირებისათვის მეზობელი ორგანოების – ფილტვის, შუასაყარის ორგანოების, გულმკერდის ღრუს ფორმებს და სიდიდეს, ასევე, მათთან ურთიერთობასაც გარკვეული მნიშვნელობა გააჩნია. არის შემთხვევები როდესაც ესა თუ ის ორგანო ტოვებს თავის ფიქსაციის ადგილს და გადანაცვლდება იმავე ან სხვა ღრუში (მაგალითად, თიაქარი). ყველა ეს შემთხვევა პათოლოგიაა, მაგრამ თუ მუცლის და გულმკერდის ღრუს ყველა ორგანოს ერთიანად შეცვლილი აქვთ განლაგების მხარე მარცხნიდან მარჯვნივ ან პირიქით, მაშინ პათოლოგია არ არის. ამას მორფოლოგები ორგანოთა ტრანსპოზიციას ვუწოდებთ. ანუ, სრულიად შესაძლებელია ორგანოების ასეთი განლაგება: გული და ელენთა – მარჯვნივ; ღვიძლი, კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი, ბრმა ნაწლავი – მარცხნივ… ორგანოთა სრული ტრანსპოზიცია პირველად 1643 წელს მარკ სევერინმა აღწერა.
– ასეთი შემთხვევები ხშირია?
– ასეთი განლაგება აქვს 10.000 ადამიანში მხოლოდ ერთს, თუმცა პათოლოგია მაინც არ არის, ვინაიდან, მიუხედავად პოზიციის შეცვლისა, ფიზიოლოგიური ფუნქციების შესასრულებლად ყოველი ორგანოსთვის ყველა პირობა დაცულია. უნდა ითქვას, რომ ორგანოთა ტრანსპოზიციის შემთხვევათა 25%-ს თან სდევს ე.წ. „კართაგენის სინდრომი“, რაც ლორწოვანი გარსის შოლტების, წამწამების პირველად დისკინეზიაში გამოიხატება. ეს ნიშნავს, რომ წამწამი, რომელიც ყოველ წამში 30-ჯერ უნდა ირხეოდეს, რხევას ვერ ახორციელებს და შესაბამისად ასეთ პიროვნებებს ხშირად აღენიშნებათ სასუნთქი გზების ანთებითი პროცესები, ასევე ხშირია ფილტვების ანთებითი დაავადებებები, რაც მასში სხვადასხვა მიკროორგანიზმების მოხვედრის შედეგია. „კართაგენის სინდრომის“ მქონე ვაჟებს უმოძრაო სპერმატოზოიდები წარმოექმნებათ. ასეთი მამაკაცები სპერმატოზოიდების შოლტების უმოძრაობის გამო განაყოფიერების უნარს მოკლებულნი არიან. დღეისათვის მეცნიერთათვის უცნობია, რა კავშირია „კართაგენის სინდრომსა“ და ორგანოთა ტრანსპოზიციას შორის, მაგრამ მეცნიერთა ერთი ნაწილი ორივე მდგომარეობას გენეტიკური საფუძვლით ხსნის.
– ნორმაზე მეტი ან ნაკლები ორგანოებით როგორღა არსებობენ ადამიანები?
– ყველა შემთხვევაში ორგანოთა რაოდენობის თანდაყოლილი ცვალებადობა ნორმიდან გადახრად, ანომალიად ითვლება. ადამიანს შეიძლება ქონდეს 6 კიდური, თოთოეულ კიდურზე 5-დან 10-მდე სხვადასხვა რაოდენობის თითები, ხერხემლის მალათა მოჭარბებული რაოდენობა, რომელიც კუდის სახით შეიძლება იყოს ფორმირებული, ასევე თირკმელთა რაოდენობა შეიძლება იყოს 1, 3, ან 4. ნორმიდან გადახრა ორგანოგენეზის დროს არსებული დარღვევის შედეგი უნდა იყოს.
– ვიცნობ ადამიანს, ვისაც აქვს 2 ელენთა. ეს კარგია თუ ცუდი?
– ელენთა უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულ სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს: ნაყოფის განვითარებისას ის სისხლმბადი ორგანოა, იქ ნაყოფის ერითროციტები წარმოიქმნებიან. დაბადების შემდეგ კი ელენთა გახლავთ ლიმფოციტების წარმოქმნის და არსებობის ადგილი, ჩვეულებრივი ფილტრი – მიკროორგანიზმებისა და სხვადასხვა ტოქსიური აგენტების მიმართ. ის ასევე ასრულებს სისხლის დეპოს ფუნქციებს, არის იმუნური სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ორგანო. შეიძლება ითქვას, რომ ელენთა ერთი დიდი ლიმფური კვანძია, რომლის ფუნქციონირებაზე ბევრად არის დამოკიდებული ლიმფური და იმუნური სისტემების მუშაობა. ჩვეულებრივად, ელენთა კენტი ორგანოა, მაგრამ შეიძლება იყოს 1-ზე მეტი. მაგალითად 6 წლის წინ რუსეთში, როვენსკის ოლქში 7 წლის გოგონას, რომელიც ციგიდან გადმოვარდა, გაუკეთეს ოპერაცია და აღმოაჩნდა 3 ელენთა, აქედან 2 დაზიანებული, რომელიც ამოუღეს, ხოლო ერთი, რომლის წონა 50 გრამი იყო – დატოვეს. ამოღებული ელენთებიდან ერთი 70 გრამს, ხოლო მეორე 50 გრამს იწონიდა. ელენთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუქნცია ის არის, რომ მასში ზრდასრული, „მოხუცი“ ერითროციტები იშლება და მათგან თავისუფლდება ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიური ნივთიერება – ჰემოგლობინი. ელენთის პათოლოგიებიდან აღსანიშნავია მისი მთლიანობის დარღვევა, ფეხზე შემოგრეხვა, ანთება, ინფარქტი და სიმსივნური გადაგვარება.
@@@
მახსენდება ესპანელი რეჟისორის, პედრო ლასაგას მიერ 1975 წელს გადაღებული ფილმი “ხანგრძლივი დაბრუნება.” ფილმის სიუჟეტი ასეთია: თაფლობის თვის შემდეგ არქიტექტორი დავითი იგებს, რომ მისი მეუღლე ანა განუკურნებელი სენით დაავადდა, მაგრამ არის იმედი, რომ მომავალში მისი განკურნებისთვის საჭირო მედიკამენტს გამოიგონებენ. ამ დრომდე ექიმები დავითს მეუღლის გაყინვას სთავაზობენ. დავითი უკვე ღრმად მოხუცია, როცა მისი გაყინული ახალგაზრდად დარჩენილი მეუღლე ცოცხლდება…
@@@
– ასეთი ფანტაზიის, ან თუნდაც, “პროფესორ დოუელის თავის” სიუჟეტის ცხოვრებაში განხორციელება ოდესმე შესაძლებელი გახდება?
– შემდგომი გადანერგვის მიზნით, ხანმოკლე დროის განმავლობაში ნამდვილად შეიძლება გარკვეული ქსოვილის ან ორგანოს გაყინულ მდგომარეობაში შენახვა, მაგრამ ცოცხალი ორგანიზმების მთლიანად გაყინვა წარმოუდგენელია. ანტიფრიზმა და თვით ყინულმაც ორგანიზმში შეიძლება შეუქცევადი ცვლილებები გამოიწვიოს. თითოეულ უჯრედში, სადაც 1000-მდე მიტოქონდრია (ენერგო გენერატორი) დღეისათვის ჩვენთვის უცნობი კავშირებით, მიმდევრობით არის ჩართული, ერთის გამოთიშვა ყველას გამოთიშვას იწვევს. გაყინვის შემდეგ გაცოცხლება შესაძლებელი რომც გახდეს, ტვინის, როგორც კოსმიური სირთულის ორგანოს, მის ნეირონთა შორის კავშირების აღდგენას – ალბათ, იმდენი დრო დასჭირდება, რამდენი წლისაც იყო გარდაცვლილი. სამაგიეროდ, სიკვდილის შემდეგ ორგანიზმთა გაცოცხლების ექსპერიმენტები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო. 50-იან წლებში ვლადიმერ დემიხოვმა დამოუკიდებელი სისხლის მიმოქცევის სისტემის შექმნით გააცოცხლა მოკვეთილი ძაღლის თავი, რომელიც თვალს ახელდა და გაღიზიანებებზე პასუხობდა. მანვე – პირველმა, შექმნა ორთავიანი ძაღლი – ერთ ძაღლს მეორე ძაღლის მოკვეთილი თავიც მიაკერა. ორივე თავი, რომლებსაც სისხლის მიმოქცევის საერთო სისტემა ჰქონდათ – გარკვეული დროით იცოცხლა. ამერიკელმა უაიტმა ორი მაიმუნს თავები გაუცვალა. მაიმუნებმა სიცოცხლე შეინარჩუნეს, მაგრამ ვერ მოძრაობდნენ, ვინაიდან ზურგის ტვინები ჰქონდათ გადაჭრილი.
მომავალში განკურნების იმედით გვამების გაყინვა-შენახვამ XX საუკუნის აშშ-ში ინტენსიური ხასიათი მიიღო. მიჩიგანის შტატში შეიქმნა „კრიონიკის“ ინსტიტუტი, სადაც გვამებს თხიერ აზოტში ინახავენ. ინსტიტუტის ამჟამინდელმა დირექტორმა დანიელ კოვალსკიმ განაცხადა, რომ პირველ მიცვალებულს უახლოეს 10 წელიწდში გააცოცხლებენ!
– როგორ ყინავენ ცხედარს?
– სიკვდილის დადგომისთანავე გვამს ათავსებენ აბაზანაში, სადაც ტემპერატურა თანდათანობით კლებულობს. 2-3 გრადუსზე გვამიდან მთლიანად გამოაქვთ სისხლი და მის ნაცვლად ასხამენ „ანტიფრიზს“, ეს უკანასკნელი საჭიროა, რათა ქსოვილის და უჯრედის დონეზე არ წარმოიქმნას ყინულის კრისტალები. ამის შემდეგ გვამს თხიერი აზოტის საცავში ჰერმეტულად ათავსებენ და ინახავენ იმ დრომდე, ვიდრე „გაცოცხლების“ ჟამი დადგება. ამჟამად ამ ინსტიტუტში გაყინვას ელოდება 2000-მდე ადამიანი, ხოლო 160 უკვე გაყინული ცხედარი სპეციალურ რეზერვუარებშია მოთავსებული. ინსტიტუტის დირექტორის, დანიელ კოვალსკის განცხადებით, სიკვდილის შემდეგ მისი ოჯახის ყველა წევრს გაყინავენ და შემდეგ გააცოცხლებენ.
მსგავსი პროცესი რუსეთშიც მიმდინარეობს – შექმნილია ფირმა “KRIORUS”-ი, რომელსაც 40 მდიდარი ადამიანის გვამი და 15 ცხოველი ჰყავს გაყინული. მდიდრები ფულს არ იშურებენ, რათა თავისი ძაღლი ან კატა ოდესმე კვლავ ცოცხალი იხილონ. პირველად, ერთი ცნობილი, მდიდარი კაცის ბებიის გვამი გაყინეს. გვამების გაცოცხლების საკითხი რუსეთში ჯერჯერობით, დღის წესრიგში არ დგას.
გარდაცვალებიდან 20-30 წლის შემდეგ, ურთულესი კოსმოსური კონსტრუქციის – ადამიანის გაყინული სხეულის ხელახლა ამუშავება ამ ეტაპზე კვლავ ფანტაზიის სფეროდ, ხოლო ცხედრების გაყინვა – მიამიტი მდიდრებისთვის ფულის გამოძალვის მექანიზმად რჩება. მარადიული სიცოცხლის მოსაპოვებლად ისინი თავად იხვეწებიან გაყინვას, ხოლო გაყინული ცხედრის შესანახად წელიწადში 50 ათას დოლარზე მეტს იხდიან.
ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: “ასავალ-დასავალი”
კომენტარები