რატომ ვითარდება თრომბები AstraZeneca-თი ვაქცინაციის შემდეგ?

The Wall Street Journal-ის მონაცემებით, გერმანელმა და ნორვეგიელმა მეცნიერებმა  ერთმანეთისგან დამოუკიდებლად  გაარკვიეს, რომ კორონავირუსის  საწინააღმდეგო   AstraZeneca-ს ვაქცინას შეუძლია ორგანიზმში აუტოიმუნური რეაქციების  პროვოცირება, ეს მექანიზმები კი თავის მხრივ,  განაპირობებს ტვინში  სისხლის შედედებას.

გერმანელი და ნორვეგიელი მკვლევარების აზრით,  თავის ტვინში (AstraZeneca-ს ვაქცინით გამოწვეული)   სისხლის შედედების რამდენიმე შემთხვევის უკან დგას   აუტოიმუნური რეაქცია.

როგორც ცნობილია, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ დროებით შეაჩერა  ამ ვაქცინით მოსახლეობის აცრის პროცესი იმის გამო, რომ 30-ზე მეტ რეციპიენტს თავის ტვინის ვენური სინუსის თრომბოზი (CVST) განუვითარდა. დაზარალებულთა უმრავლესობას  55 წლამდე ასაკის ქალები შეადგენენ.

თუმცა, როგორც ევროპის მედიკამენტების მარეგულირებელი მიიჩნევს, ეს პრობლემა აცრილთა უმცირეს ნაწილს შეეხო და  ვაქცინის სარგებელი მაინც აღემატება მის პოტენციურ რისკებს. აქედან გამომდინარე, მან რეკომენდაცია გაუწია  ვაქცინაციის  პროცესის  განახლებას.

ზოგიერთმა ქვეყანამ – გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ განაახლეს AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციის პროცესი დამატებითი გაფრთხილებით, რომ აცრა  შესაძლოა სისხლის შედედებასთან იყოს კავშირში.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელმაც ვაქცინაციასთან დაკავშირებული თრომბოზის (CVST) სამი შემთხვევა დააფიქსირა, მთავრობას ურჩია AstraZeneca-ს ვაქცინით  მხოლოდ  55 წელს  გადაცილებულები აცრან.

მეცნიერთა განცხადებით – მათი აღმოჩენა  ნათლად ხსნის ევროპაში  განვითარებულ  რამდენიმე ლეტალურ  შემთხვევას.

გრაიფსვალდის  საუნივერსიტეტო კლინიკის დოქტორი ანდრეას  გრაინახერი  აღნიშნავს, რომ  დასახელებული გართულება  ადამიანთა მცირე პროცენტს შეიძლება განუვითარდეს.  „მთავარია,  ახლა  ჩვენ  ვიცით მიზეზი  და ის, თუ  როგორ   ვუმკურნალოთ  პაციენტებს!“   – აცხადებს გრაინახერი.

თინათინ გოცაძე

წყარო:

https://www.wsj.com/articles/scientists-say-they-found-cause-of-blood-clotting-linked-to-astrazeneca-vaccine-11616169108

კომენტარები