რატომ ჯობია ვეგეტარიანული კვება?

ადამიანები ვეგეტარიანელები სხვადასხვა მიზეზის გამო ხდებიან –ჯანმრთელი ცხოვრება, დიდხანს სიცოცხლე, გარემოს დაბინძურების შემცირება, დედამიწის გადარჩენა, ცხოველების შეცოდება ან შესაძლოა, ყველა ეს მიზეზი ერთდროულად არსებობდეს.

ჩემთვის ეს ყველაფერი ერთად იყო. ყველანაირ საკვებს ვიღებდი ბავშვობიდან და ხორცი ყოველდღე შედიოდა ჩემი კვების რაციონში. პატარაობიდან ცოტა სუსტი ორგანიზმი მქონდა და ძალიან ხშირად ვიყავი ავად – გაციება, სიცხე, გრიპი. ძალიან ბევრ წამალს და C ვიტამინს ვიღებდი, თუმცა ამას კარგი არაფერი მოუტანია. ახლა უკვე თითქმის 9 წელია რაც ვეგეტარიანულად ვიკვებები, რამაც ჩემს ჯანმრთელობაზე ძალიან დადებითი გავლენა იქონია. ბევრად უფრო მეტი ენერგია მაქვს (რის ნაკლებობასაც განვიცდიდი) და ბევრად უფრო მსუბუქად ვგრძნობ თავს. გარდა ამისა მიხარია რომ ჩემს გამო ცხოველები არ იტანჯებიან და გარემოსაც ნაკლებ ზიანს ვაყენებ.

ზოგადად უკვე დიდი ხანია ცნობილი და დამტკიცებულია, რომ ვეგეტარიანელები უფრო დიდხანს ცოცხლობენ და უფრო ჯანმრთელები არიან. ყველა დაავადების 70% არასწორი კვებისგან მოდის, აქედან ერთ მესამედ შემთხვევაში არასწორი კვება ონკოლოგიური დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს.

ვეგეტარიანული კვება ბევრი დაავადების რისკს ამცირებს, მათ შორის – ჭარბწონიანობის, მაღალი წნევის, არტერიული დავადების, დიაბეტის და სხვადასხვა ორგანოების სიმსივნეების. არსებობს რამდენიმე ტიპის ვეგეტარიანული დიეტა, ამ შემთხვევაში განვიხილავ სტანდარტულ ვეგეტარიანულ კვებას, რაც მოიცავს – ბოსტენეულს, ხილს, რძის პროდუქტებს. მარტივად რომ ვთქვათ, ყველა საკვები გარდა ცხოველური ხორცისა და ზღვის პროდუქტებისა.

ასობით მიზეზი არსებობს რატომ ჯობია ვეგეტარიანული კვების სტილი. შევეცდება ჩამოვთვალო ძირითად მიზეები:

ამცირებს დაავადებების რისკს. ვეგეტარიანული დიეტა ბევრად უფრო ჯანმრთელი კვებაა, ვიდრე სტანდარტული ხორცით გაჯერებული კვება. ვეგეტარიანული კვება, რომელიც ნაკლებცხიმიანი პროდუქტების მიღებას გულისხმობს, ყველაზე ეფექტური გზაა შევამციროთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ძირითადად ასეთი კვება უკეთესია იმით, რომ ნაკლებ ცხიმებს და ქოლესტერინს შეიცავს, სანაცვლად უფრო მეტ ვიტამინს და მინერალს იღებს ორგანიზმი, რაც აძლიერებს იმუნინეტს, მაშინ როცა ხორცპროდუქტები პირიქით მოქმედებს.

ამცირებს წონას. არანაირ დიეტაზე აღარ მოგიწევთ ყოფნა, თუ სწორ კვებაზე გადახვალთ. ვეგეტარიანელებში ჭარბი წონის პრობლემა თითქმის არ არსებობს. თუ რა თქმა უნდა ზედმეტ ცომს არ ვიღებთ.

ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ცხოველური დიეტა “აბინძურებს” არტერიებს, აქვეითებს იმუნურ სისტემას და ხორცის მონელებას მიაქვს ბევრად მეტი ენერგია. მაგალითად, ამერიკაში კვლევის შედეგად ცნობილი გახდა რომ, ვეგეტარიანელები 13 წლით უფრო მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვინც ხორც-პროდუქტებით იკვებებიან. ყველაზე დიდხანს მცხოვრები ადამიანები იაპონიის ერთ-ერთ დასახლებაში, ვეგეტარიანულ დიეტას მისდევენ.

მატებს ენერგიას. ბევრი ცხოველური ცხიმის მიღება იწვევს იმას, რომ ორგანიზმის არტერიები არ იხსნება კარგად და კუნთებს საკმარისი დოზით ჟანგბადი არ მიეწოდება, შედეგად ვიღებთ დაღლილობას. უმი ბოსტნეული და ხილი კი პირიქით მოქმედებს, უფრო მეტ ენერგიას აძლევს ორგანიზმის.

ორგანიზმს თავიდან აცილებს ტოქსიკურ ნივთიერებებს. ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს წყაროზე დაყრდნობით, პესტიციდების (ქიმიური ნივთირებები, რომელსაც იყენებენ პროდუქტების “შესაწამლად”) 95% ნალექი საკვებში მოდის ხორცზე, თევზზე და რძის პროდუქტებზე (ვფიქრობ საქართველოში დამზადებული რძის პროდუქტი ნაკლებად საშიში უნდა იყოს). თევზი მაგალითად, შეიძლება შეიცავდეს კარცენოგენებს და მძიმე მეტალებს (მერკური, კადმიუმი, დარიშხანი), რომელიც არ შორდება გაყინვით და გაცხელებით. ხორცი ასევე შეიძლება გაჯერებული იყოს სტეროიდებით და ჰორმონებით, რაც გამოიყენება იმისთვის, რომ ცხოველი მალე გაზარდოს და არაბუნებრივად გასუქდეს.

უფრთხილდება ცხოველების სიცოცხლეს. ბევრისთვის ეს მიზეზი შეიძლება მთავარი იყოს, ბევრს კი შეიძლება საერთოდ არ აღელვებს ეს თემა, რადგან მიაჩნათ რომ ცხოველი ადამიანის საჭმელად არის გაჩენილი. ცხოველები ამ პლანეტის ისეთივე ბინადრები არიან, როგორც ადამიანები. წელიწადში საკვებად ათობით მილიარდი ცხოველი იკვლება. ისინი ცხოვრობენ თავიანთი სხეულის ზომის გალიებში, სადაც მათ სპეციალურ საჭმელს ძალადობრივად აჭმევენ, რომ მალე გასუქდნენ. ასე აწვალებენ, ტანჯავენ მთელი ცხოვრება, და ბოლოს კლავენ, ზოგ შემთხვევაში წამებითაც კი (ამის ბევრი საზარელი ვიდეო მტკიეცებულება არსებობს). ეს ნატანჯი ორგანიზმი შემდეგ ხდება ჩვენი სხეულის ნაწილი. ისინი მხოლოდ ერთი საფეხურით დაბლა არიან ადამიანებზე (ევოლუციურ განვითარებაში), სხვა ყველაფერი საერთო აქვთ. მათ ისევე სტკივათ და ისევე უხარიათ, როგორც ადამიანებს. ძაღლიც ცხოველია, კატაც, ძროხაც, ღორიც და ქათამიც. ზოგს ვეფერებით, ზოგს კი საკვებში ვიყენებთ. პრობლემა ის არის რომ, რადგან დაბადებიდანვე ჩვენ არჩევანი აქ გვქონია, ეს ფაქტი სტანდარტულად მივიღეთ და არც არასდროს დავფიქრებულვართ, რომ ასეთი დამოკიდებულება შეიძლება არა ეთიკური იყოს.

ამცირებს გარემოს დაბინძურებას. ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხორცის მასობრივ წარმოებიდან მიღებულ ქიმიური ნივთიერებებს და ნარჩენებს დაბინძურებული აქვს 276,000 კილომეტრი მდინარეები და წყალსაცავები. ხორცის მასობრივი წარმოება აბინძურებს ჰაერს, აქრობს ტყეებს და არღვევს პლანეტის კლიმატს. იმისათვის, რომ გამოკვებონ ათი მილიარდი ცხოველი წელიწადში, ამაზონის ჯუნგლებში ანადგურებენ ტყეებს, სადაც ხეების გარდა ათასობით სხვა ორგანიზმი ცხოვრობს და თესავენ სოიოს პლანტაციებს. შედეგად ვიღებთ მსუყე ბურგერს ან შაურმას, რომელიც აბერებს და აზიანებს ჩვენს ორგანიზმს და ვსუნთქავთ დაბინძურებულ ჰაერს. ამაზონის ტყეების განადგურება, ზოგადად ხეებისაც, იწვევს კლიმატის ცვლილებას (გლობალურ დათბობას). უკანასკნელ 40 წელიწადში ანტარქტიკის 40% ყინული გადნა, რაც უკვე სავალალოდ აისახება პლანეტის კლიმატის ცვლილებაზე. გლობალური დათბობა მთებში მარად თეთრი თოვლის დნობის მიმზეზი გახდება, რაც მდინარეების დაშრობას გამოიწვევს. ამაზე დაახლოებით 30%-ით, პასუხისმგებელია ხორცის მასობრივი წარმოება. ის უფრო მეტ ზიანს აყენებს პლანეტას, ვიდრე ყველა ავტომობილი მსოფლიოში ერთად აღებული.

ამცირებს ხარჯებს. ფინანსურად ბევრად უფრო მოგებული რჩებით.

კიდევ ერთი მიზეზი არსებობს, რომელიც არ ვიცი რამდენად მეცნიერულად დამტკიცებულია, თუმცა ბევრმა ბუნებასთან და სამყაროსთან ახლოს მყოფმა ხალხმა იცოდა, რომ ცხოველი არა მარტო სხეულს, არამედ გონებასაც აბინძურებს. საქმე იმაშია, რომ როცა ცხოველი დასაკლევად მიყავთ, იგი ამას გრძნობს და სიკვდილის მომენტში მის ორგანიზმში ბევრი ადრენალინი გამოიყოფა, რომელიც რჩება ხორცში, შემდეგ ეს გადადის ადამიანის სხეულში და გონებაში, რაც მას უფრო აგრესიულს ხდის. ადრე სხვადასხვა წარმომავლობის ხალხში ისეთი კულტურაც იყო დამკვიდრებული, რომ ცხოველს დაკვლამდე ეფერებოდნენ და თავს ევლებოდნენ, რომ შეშინებული არ მოეკლათ.

ბევრს სჯერა რომ ვეგეტარიანელები ვერ ან არ იღებენ იმდენ ცილას რაც ორგანიზმს სჭირდება, რაც არ არის სწორი. თუ ცილის შემცველ პროდუქტებს მიიღებთ, როგორიც არის – ბროკოლი, კომბოსტო, ისპანახი, ლობიო, ბარდა, მიწის თხილი, თხილი, ნიგოზი… ეს პროდუქტები გაჯერებულია ცილებით, თუმცა ცოტა რაოდენობით ცილა ძალიან ბევრ პროდუქტში შედის, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი ითვლება ხორცის შემცვლელ პროდუქტებად, რადგან იმდენივე ცილებს შეიცავს. ასევე რძის პროდუქტები: კვერცხი, ყველი – მდიდარია ცილებით.

მსოფლიოში დაახლოებით ნახევარი მილიარდი ადამიანი ვეგეტარიანელია. აქედან უმეტესობა ინდოელია, რაც მათი კულტურის ნაწილია. განვითარებულ ქვეყნებში ვეგეტარიანელების რაოდენობა სწრაფად იზრდება. დღესდღეობით სურათი ასეთია – იტალია -10%, გერმანია – 8%, დიდი ბრიტანეთი – 6%, კანადა 4%, აშშ – 3.2%.

თუ ვეგეტარიანული კვების კონცეფცია თქვენთვის ძალიან ახალია, მოგწონთ, მაგრამ ჯერ არ ხართ დარწმუნებული, შეგიძლიათ ნებიჯ-ნაბიჯ დაიწყოთ და ნელ-ნელა უფრო ჯანმრთელ კვებაზე გადახვიდეთ.

პირველ რიგში მოერიდეთ კომერციულ ხორც- პროდუქტებს – ძეხვეული, სოსისები, გაყინული ხორცი, გაყინული ქათმები, კონსერვები და მსგავსი. ეს პროდუქტები ძალიან ბევრ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის ყველაზე სახიფათო არის სოსისებსა და ძეხვეულში შემავალი წითელი ფერის მიმცემი ნივთიერება, რომლის მოხმარებაც 50%-ზე მეტ შემთხვევაში იწვევს სიმსივნეს. ხორც-პროდუქტებიდან ყველაზე ნაკლებად მძიმე ხორცი არის თევზის, თუ მარტო თევზი არ არის საკმარისი, შემდეგია ქათმის. საქონლის და ღორის ხორცზე კარგს ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ თევზიც და ქათამიც უმჯობესია ქართული იყოს და არა გადამუშავებული, ან გაყინული.

კიდევ ერთი ვარიანტია, მაგალითად ხორცის მირთმევა მხოლოდ კვირაში ორჯერ. შემდეგ კვირაში ერთხელ, შემდეგ თვეში ერთხელ და შემდეგ შესაძლოა საერთოდ აღარც მოგინდეთ. თქვენ თავად მალევე ნახავთ, რამდენად უკეთესია უხორცო კვება და რამდენად უფრო ჯანმრთელად გრძნობთ თავს.

პ.ს. ვეგეტარიანელობა არ არის რელიგია, ან რაიმე მიმდევრობა. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. სხვათა შორის რელიგიური მარხვის მიზანი არის გონების და სხეული გაწმენდა. ჯანსაღი სხეულითა და სუფთა გონებით ცხოვრება კი, ბევრად სასიამოვნოა.

წყარო: www.planta.ge

კომენტარები