„რაც ქუჩაში ხდება, ის პოლიტიკური აქტივობა, დააჩქარებს ჩვენთან პიკის მოსვლას, უფრო მძიმე სიტუაცია იქნება“– გიორგი გახარია

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა  მთავრობის მეთაურის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.

-„გადავდივართ ახალ ფაზაზე, დღეს უკვე კორონავირუსით ინფიცირების 2400-ზე მეტი ახალი შემთხვევა გვაქვს; იმ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, რაც ქუჩაში მიმდინარეობს და ევროპაში ვირუსის გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ზრდა გაგრძელდება, ეს ფაქტია, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური აქტივობა, რაც ქუჩაში ხდება, ძალზედ დააჩქარებს ჩვენთან პიკის მოსვლას. უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ველოდით, რადგან მობილობა, რომელსაც ქუჩის აქციები იწვევს, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია ინფიცირების სწრაფ ზრდასთან. საჭიროა აბსოლუტურად ყველა სამინისტროს და შესაბამისი უწყებების სრული მობილიზაცია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ადაპტაციის სტრატეგიას არ ვცვლით, მაგრამ ადაპტაციის პარალელურად ძალზედ ეფექტურად უნდა ვიფიქროთ, რა შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტური იქნება. არ ვსაუბრობთ ქვეყნის მასშტაბით სისტემურ შეზღუდვებზე, არამედ წერტილოვან შეზღუდვებზე.

ადამიანს პირველი სიმპტომი როცა უჩნდება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ტესტის დადებითი პასუხი ან მოასწრო თუ არა ტესტის აღება, მაშინვე უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, თვითიზოლაცია ამ ჯაჭვის გაწყვეტის ყველაზე კარგი და ეფექტური საშუალებაა. ბინაზე მკურნალობა, – ოჯახის ექიმები, ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეების მაქსიმალურად დიდ რაოდენობას ჰქონდეს საშუალება, წყნარად, მშვიდად, ბინაზე იმკურნალოს, რადგან ბინაზე მკურნალობა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი იმისთვის, ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს, არ დაგვრჩეს გარეთ ის ხალხი, რომელსაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება. გარდა ამისა, კოვიდ-სასტუმროებში, რომელზეც გუშინ ვისაუბრეთ, სასწრაფოდ, დღესვე უნდა შევიტანოთ ელემენტარული თერაპიული ელემენტები, ეს უნდა იყოს არა მხოლოდ კოვიდ-სასტუმროები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ, არამედ კოვიდ-სასტუმრო თერაპიული მართვის ელემენტებით და სამედიცინო მეთვალყურეობით და მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზება. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე დაწევა არის ერთადერთი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ჩვენ ეს კრიზისი უნდა გადაგვალახინოს. ჰოსპიტალიზაციის პროტოკოლებიდან დაწყებული, მანუალური მართვით დამთავრებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს 26% დავიყვანოთ 15%-მდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ისაუბრა ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გაფართოებული ტესტირების მნიშვნელობაზე.

-„ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გაფართოებული ტესტირება, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ ბინაზე მკურნალობა, კოვიდსასტუმრო და ჰოსპიტალიზაცია სწორად გვაქვს დალაგებული, ანტიგენის სწრაფი ტესტირებით, აღვჭურვავთ ადამიანს ცოდნით, რომ ის ინფიცირებულია, უკვე შექმნილია ინფრასტრუქტურა, რათა იმის მიხედვით, რა სიმძიმის არის, როგორ უმკურნალოს საკუთარ თავს. ეს არის ჩვენი კრიტიკული წერტილები, რომელიც უნდა გავიაროთ: პირველი, – რა თქმა უნდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე ჩამოწევა, ერთმნიშვნელოვნად; მეორე, – კოვიდ-სასტუმროებში თერაპიული მართვის ელემენტების შეტანა და ბინაზე მკურნალობა პირველადი ჯანდაცვის რგოლით; პირბადე, თვითიზოლაცია და ანტიგენის სწრაფი ტესტი – ეს არის ის ინსტრუმენტები, რომელიც უნდა დაგვეხმაროს, ეს კრიზისი, პიკი გადავიაროთ. კიდევ რა არის მთავარი – წერტილოვანი შეზღუდვებიდან, რომელზეც დღეს ვმსჯელობთ, გამოვყოთ რა არის მთავარი დღევანდელი მდგომარეობისთვის. სულ სხვა ვითარება იყო ერთი თვის წინ, დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა, რადგან სხვა აქტივობაა, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ვგულისხმობ, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვები ეფექტურობის თვალსაზრისით, ცოტა გადასახედი გვექნება. რასაც ვუყურებ, ევროპაშიც ძალიან მძიმდება სიტუაცია და ყველგან არის ერთადერთი კრიტერიუმი – არ მოხდეს ჰოსპიტალური სისტემის გადატვირთვა. იქ იწყება შემდეგ უმართავი პროცესები. ჰოსპიტალურ სისტემაზე გადის ახლა გამარჯვების ან დამარცხების ხაზი, ამიტომ, ეკა, ძალიან გთხოვთ, ეს გაითვალისწინეთ“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს.

საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველაზე მეტი თბილისში, შემდეგ კი იმერეთსი ფიქსირდება. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რეგიონებიდან აჭარას უკვე იმერეთმა გადაასწრო.

თბილისში – 976, აჭარაში – 328, იმერეთი – 368, ქვემო ქართლი – 61, შიდა ქართლი – 135, გურია – 62, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 280, კახეთი – 70, მცხეთა-მთიანეთი – 31, სამცხე-ჯავახეთი – 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 35.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 20 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 33 459-ს შეადგენს. გარდაიცვალა 401 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 3 004 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 355 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2 428-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები