„რაც შეეხება გირაოს არ მიღებას, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, რაღაც ბავშვური თამაში“-ირაკლი კობახიძე მელიაზე

. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

-„პარლამენტი მიიღებს ამნისტიის კანონს, როგორც ეს იმ შეთანხმების დოკუმენტით არის გათვალისწინებული, რომელსაც ჩვენ ყველამ მოვაწერეთ ხელი.

რაც შეეხება გირაოს არ მიღებას, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, რაღაც ბავშვური თამაში. როდესაც შენ არ იღებ და არ ეთანხმები ევროკავშირის მიერ გადახდილ გირაოს, მაშინ როგორ უნდა დაეთანხმო „ქართული ოცნების“ მხრიდან შეწყალებას. ეს არის გაუგებარი. ამნისტიის კანონი ნიშნავს, –  „ქართული ოცნება“ პატიობს ნიკანორ მელიას მის მიერ ჩადენილ ძალიან მძიმე დანაშაულს. ეს არის ერთგვარი შეწყალების აქტი.

როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ მივიღებთ ამნისტიის კანონს იმ ვადებში, რაც არის გათვალისწინებული პარლამენტის რეგლამენტით. დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება ამ პროცედურას“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გირაოზე კვლავ უარი თქვა.

20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

  • ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
  • სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
  • რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
  • გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
  • გირჩი – მეტი თავისუფლებამ [ზურაბ ჯაფარიძე];
  • მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];

ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ.

ხელისუფლების მხრიდან – პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები