„რაც შეეხება მსხვილ ჰიდროსადგურებს, დიდ, წყალსაცავიან, ე.წ. მარეგულირებელ წყალსაცავებს, მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკისრება“-ნათია თურნავა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა:
-„ძალიან ბევრი ევროპული მაღალგანვითარებული სახელმწიფოა, რომელსაც საქართველოს მსგავსად ჰიდრორესურსი აქვს, -შვეიცარია, ავსტრია, იტალია, ნორვეგია, რომელიც საკუთარი ენერგეტიკას ჰიდროენერგეტიკაზე ამყარებს. რა თქმა უნდა, მცირე ჰესებიც მნიშვნელოვანია – მწვანეა, დასაქმებას ქმნის, მაგრამ რაც შეეხება მსხვილ ჰიდროსადგურებს, დიდ, წყალსაცავიან, ე.წ. მარეგულირებელ წყალსაცავებს, მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკისრება, იმიტომ რომ ეს არის შესაძლებლობა, შევინახოთ ძვირფასი რესურსი – წყალი და გამოვიმუშაოთ არა მაშინ, როცა ამის საშუალებას ბუნება გვაძლევს, არამედ ზუსტად მაშინ, როდესაც ეს მომხმარებელს ყველაზე მეტად სჭირდება“.
„ენგურჰესზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 43 მილიონ ევროს შეადგენს, აქედან 7 მილიონი ევროს გრანტი სახელმწიფომ ევროკომისიიდან მიიღო, დანარჩენი კი EBRD-ის ბანკმა სესხის სახით გამოყო. რეაბილიტაციის პროცესი იანვარში დაიწყო და მაისის ბოლოს დასრულდება.