რა ეფექტი აქვს მონოკლონურ ანტისხეულებს კორონავირუსთან ბრძოლაში და რატომ შეიძინა გერმანიამ პრეპარატი, რომლითაც დონალდ ტრამპი COVID-19-ისგან განიკურნა

 

 

გერმანია, კორონავირუსთან ბრძოლაში მალე დაიწყებს იმ პრეპარატის გამოყენებას, რომლითაც დონალდ ტრამპი COVID-19-ისგან განიკურნა. მან განსაკუთრებული  ყურადღება მიაქცია კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდს, რომელიც აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტთან – დონალდ ტრამპთან გამოიყენეს და ევროკავშირის ქვეყნებს შორის პირველმა შეისყიდა ეს პრეპარატი. ამის თაობაზე გაზეთ  Bild am Sonntag–თან ინტერვიუში განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა – იენს შპანმა.

 

უწყების პირველი პირი განმარტავს, რომ ბერლინმა შეიძინა 200 ათასი დოზა პრეპარატისა, რომელიც მონოკლონურ ანტისხეულებს ეფუძნება. მისი შეძენა ქვეყანას 400 მილიონი ევრო დაუჯდა.

 

შპანმა ისიც დაამატა, რომ პრეპარატს, უპირველესად, საუნივერსიტეტო კლინიკები მიიღებენ და რომ ამ ანტისხეულების შეყვანა რისკის ჯგუფის პაციენტებთან ადრეულ სტადიაზევე გამორიცხავს დაავადების რთულად მიმდინარეობას.

 

მინისტრმა არ დაასახელა პრეპარატის მწარმოებელი, თუმცა, Bild am Sonntag–ის ჟურნალისტები მიხვდნენ, რომ საუბარი იყო ტრამპის განმკურნებელ საშუალებაზე.

 

ისიც ცნობილია, რომ ყოფილი პრეზიდენტის მკურნალი ექიმები იყენებდნენ კომპანია Regeneron-ის მიერ შექმნილ მედიკამენტს, რომელიც თავისი არსით მონოკლონური ანტისხეულების “კოქტეილია”.

 

2020 წლის ნოემბერში აშშ-ში დაუშვეს ზოგიერთი პაციენტის მკურნალობა ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანიის Regeneron Pharmaceuticals-ის მიერ შექმნილი REGN-COV2 ანტისხეულების შემცველი “კოქტეილით”. სწორედ ამ პრეპარატით იმკურნალა დონალდ ტრამპმა.

 

 

 

ეს საშუალება გამოიყენება ექსტრემალურ შემთხვევებში ბავშვთა და მოზრდილთა სამკურნალოდ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადებისას. პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ ჟანგბადოვანი თერაპია ან კიდევ ჰოსპიტალიზებულნი არიან, აღნიშნულ “კოქტეილს” არ მიიღებენ.

 

 

მოკლედ იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს, საზოგადოდ,

მონოკლონური ანტისხეულები

ორგანიზმის იმუნური სისტემა, ჩვეულებრივ, უცხო აგენტების, (ბაქტერია, ვირუსი, ტოქსინი) შებოჭვა-განეიტრალებისთვის გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც ებრძვიან  ამ ე.წ ანტიგენებს, გენეტიკურად უცხო აგენტებს (ძირითადად ცილოვან კომპონენტებს). ანტისხეულებს ბუნებრივად გამოიმუშავებენ  B ლიმფოციტები, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ორგანიზმის იმუნურ დაცვაში.

მონოკლონური ანტისხეულები კი ლაბორატორიაში შექმნილი ანტისხეულებია, მოლეკულები (იმუნოგლობულინები), რომლებიც  პაციენტის ორგანიზმში  სპეციალიზებული თერაპიისთვის შეიყვანება, კონკრეტულ აგენტთან მიზანმიმართული ბრძოლისათვის,   უცხო აგენტზე ორგანიზმის დამიზნებითი  საპასუხო რეაქციის მისაღებად. ამგვარად, მონოკლონურ ანტისხეულებს  ანტიგენების შებოჭვის  მაღალი სპეციფიკურობა ახასიათებთ, რაც ოპტიმალურ თერაპიულ ეფექტს უზრუნველყოფს.

 

მონოკლონური ანტისხეულები ერთი უჯრედიდან წარმოიქმნება, მათ  იდენტური თვისებები  (ამინმჟავური მიმდევრობა და აქტივობა) და ოპტიმიზებული ეფექტი  (ანუ ანტიგენის შეკავშირება-შებოჭვის გამოხატული უნარი) აქვთ.

სადღეისოდ  მსოფლიოში 75–ზე მეტი მონოკლონური ანტისხეულია  დარეგისტრირებული სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, როგორც ავთვისებიანი სიმსივნეების, ასევე ანთებითი, დეგენერაციული და ნევროლოგიური პათოლოგიების.

აქტიურად განიხილება  მონოკლონური ანტისხეულების  როლი SARS-CoV-2  ვირუსთან ბრძოლაშიც!

 

არის თუ არა მონოკლონური ანტისხეულები ეფექტური COVID-19-ის წინააღმდეგ – უახლესი მტკიცებულებები

 

კომპანია Regeneron-მა ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა, რომ მონოკლონური ანტისხეულები, ანუ იმუნური სისტემის მიერ წარმოებული ცილების სინთეტური ვერსიები, შესაძლოა მოგვევლინოს კორონავირუსით დაინფიცირებულთა სამკურნალო საშუალებად, განსაკუთრებით იმ პირებისათვის, ვინც ჯერ არ არის მძიმედ დაავადებული.

Regeneron Pharmaceuticals შეიმუშავა კოქტეილი ორი მონოკლონური ანტისხეულისაგან, რომლებიც ემაგრება (უერთდება) SARS-CoV-2 ცილის ზედაპირს და ხელს უშლის ორგანიზმის უჯრედთა დაინფიცირებას. ამის შესახებ კომპანიამ პირველი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გამოცემა Science-ში გააკეთა განცხადება.

 

პირველ ეტაპზე კომპანიამ თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა 275 პაციენტის შესახებ ინფორმაცია. ეს პაციენტები დაყოფილნი იყვნენ ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფში გაერთიანებულნი იყვნენ ის პირები, რომლებსაც აღმოაჩნდათ ანტისხეულები SARS-CoV-2 -ის მიმართ, ხოლო მეორეში ისინი, ვისაც ეს ანტისხეულები არ გააჩნდა (ე.წ სერონეგატიური ჯგუფი).

 

მონოკლონურმა კოქტეილმა უმნიშვნელო ზეგავლენა იქონია იმ პირებზე, რომლებსაც უკვე აღენიშნებოდათ ანტისხეულები კორონავირუსის მიმართ. მაშინ როცა, სერონეგატიურ პაციენტებს ის აშკარად დაეხმარა, საგრძნობლად შეამცირა ცხვირ-ხახაში ვირუსის პოპულაცია და სწრაფად გაანეიტრალა სიმპტომები.

 

SARS-CoV-2 -ის ყველაზე საგრძნობი პოპულაციური ვარდნა დაფიქსირდა იმ პაციენტებთან, რომლებსაც კვლევის დასაწყისში კორონავირუსის ყველაზე მაღალი დონე გამოუვლინდათ.

 

მონოკლონური ანტისხეულები SARS-CoV-2 მიმართ ყველაზე მძლავრი ანტისხეულების კლონებია, რომლებმაც ვირუსის განადგურება შეძლეს ლაბორატორიული კვლევებისას. მეცნიერებმა ამ ანტისხეულების გენები აუღეს როგორც COVID-გამოჯანმრთელებულებს, ასევე კორონავირუსით დაინფიცირებულ ვირთაგვებს.

მოგვიანებით ფარმაცევტულმა კომპანიამ Eli Lilly წარადგინა LY-CoV555-ანტისხეულების კვლევის შუალედური შედეგები (მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებთან). გამოცდილი (ტესტირებული) დოზებიდან ერთ-ერთმა ორგანიზმზე ვირუსის დატვირთვის სწრაფი ვარდნა აჩვენა. რაც მეტად მნიშვნელოვანი შედეგია.

ცნობისათვის, პრეპარატი  REGN-COV2, აშშ-ში 21 ოქტომბერს დარეგისტრირდა. მისი შემუშავებისთვის ამერიკის ხელისუფლებამ 500 მილიონი დოლარი გამოყო. პრეპარატმა რეგისტრაცია გაიარა 799 ზრდასრულ მოხალისეზე ჩატარებული კლინიკური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.

 

თინათინ გოცაძე

 

 

კომენტარები