რა ვიღონოთ, როცა თავს გვესხმის ტილი, რწყილი, ტკიპა და ბაღლინჯო

ისინი პარაზიტები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ორგანიზმის რესურსით საზრდოობენ. ადამიანებს მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნიან და მრავალი დაავადების წყაროდ ითვლებიან, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი ამ აბეზარ მწერებს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს. 21 საუკუნემ ჯერჯერობით, სისხლისმწოველი პარაზიტების პრობლემა ვერ გადაჭრა. რა უნდა ვიღონოთ მათთან გასამკლავებლად?

ტილები

ადამიანისა და ძუძუმწოვრების პარაზიტებია. სისხლს წოვენ. 1-5 მილიმეტრი სიგრძის უფრთო და ბრტყელ ოვალურ სხეულზე პატარა მკერდი და თავი, მათთან შედარებით დიდი მუცელი და ფეხები გააჩნიათ, რომელიც ბრჭყალებით თავდება, ხოლო პირი – მჩხვლეტავ-საწუწნი ორგანოებით არის წარმოდგენილი. ბინადრობის ადგილის მიხედვით არსებობს ტილების სამი სახეობა – თავის, ტანსაცმლის და ბოქვენის.

ტილი

ტილი შეიძლება გაუჩნდეს როგორც ბინძურ, ასევე ჰიგიების ზედმიწევნით დამცველ ადამიანს, რადგან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მყოფი არცერთი ბავშვი თუ მოზრდილი დატილიანებისგან დაზღვეული არ არის. დიაგნოზს სვამენ კლინიკური დათვალიერებისა და, საჭიროების შემთხვევაში, პარაზიტული გამოკვლევის შედეგად.
ტანსაცმლის ტილი პარაზიტობს იმ ადგილებში, სადაც ტანსაცმლის ნაოჭები კანს ეხება- მხრებზე, ბეჭებზე, იღლიებში, მუცელზე, წელზე, საზარდულის მიდამოში. ნაკბენის ადგილას ჩნდება სისხლძარღვოვანი ლაქა, შემდეგ- კვანძოვან-ურტიკარული გამონაყარი. აღინიშნება ძლიერი ქავილი, რის შედეგადაც შეიძლება გაჩნდეს ნაკაწრები და მეორეული ინფექცია ჩირქოვანი ანთების სახით.
ბოქვენის ტილის ნაკბენს არ ახასიათებს გამოკვეთილი ქავილი, ამიტომ იშვიათად ჩნდება ნაკაწრები და ჩირქოვანი პროცესები. ყველაზე ხშირი მაინც, თავის დატილიანებაა, რაც თავის მუდმივი ქავილით და ფხანით ვლინდება. დაკბენის შედეგად თავის კანზე წითელი გამონაყარი ჩნდება. თმის ძირებში მოჩანს ტილის კვერცხები – მოთეთრო კაფსულები, რომელიც გაუცნობერიებელ ადამიანს შეიძლება ქერტლში აერიოს. თავად ტილი შეიძლება ვერც კი შენიშნოთ, რადგან სწრაფად მოძრაობს და მხედველობის არედან სხლტება. საბედნიეროდ, ტილები რაიმე სერიოზულ დაავადებას არ იწვევენ, თუმცა მუდმივ დისკომფორტს განაპირობებენ. ქავილის შედეგად ღიზიანდება კანი და შეიძლება ანთებითი პროცესები განვიტარდეს. პათოლოგიური პროცესი ყურების უკანა კანზე, ყურებსა და კისერზე ვრცელდება. დიდდება ახლომდებარე ლიმფური კვანძები, მკურნალობის გარეშე პროცესი დიდი ხნით ჭიანურდება.მათ მოსაცილებლად არსებობს მრავალი, მათ შორის, ხალხური საშუალებებიც. როგორც წესი ტილი ახალ კვერცხს დებს თმის ძირში და მისი დანახვა თმის გაზრდამდე შეუძებელია.პირველ რიგში, პაციენტმა თავი კარგად უნდა დაიბანოს და დაივარცხნოს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის კვერცხებისგან გასათავისუფლებლად. არსებობს ტილების მოშორების რამდენიმე ვარიანტი: კრემები, სითხეები, კომბინირებული და ორალური პრეპარატები (აბები). ჟანგბადით მომარაგების შეწყვეტა ტილებისა და კვერცხებისთვის სასიკვდილოა. ამისთვის თმაზე ძალიან ცხიმიანი და ბლანტი მასა უნდა წაისვათ, მაგალითად ვაზელინი ან მაიონეზი. შემდეგ თმა ცელოფნით შეიფუთეთ და მთელი ღამით გაიჩერეთ. პროცედურა რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ. ცნობილია, რომ ტილები ნიორს გაურბიან, ამიტომ ეფექტურია დანაყილი რამდენიმე კბილი ნიორის თმაში შეზელა. ტიკების მოცილების თანამედროვე საშუალებები კი, მედიფოქსის, ნიტიფორის ხსნარის, პედილინის შამპუნის, ბენზილბენზოატის ემულსიის, პარა-პლუსის აეროზოლის და სხვა ნივთიერებების გამოყენებას გულისხმობს.

 

 

რწყილები
წვრილი, უფრთო მწერებია, რომლებიც ფრინველების და ძუძუმწოვრების სხეულზე პარაზიტობენ. აქვთ შებრტყელებული სხეული, წინიდან მომრგვალებული თავი, წყვილი მარტივი თვალი, მჩხვლეტავ-მწუწნავი პირის აპარატი, ძლიერ განვითარებული სახტუნავი უკანა ფეხები. სხეული დაფარულია ბეწვით ან ჯაგრით. მამალი დედალზე მომცროა. დედალი დებს 400-500 ცალ, 0,5 მმ ზომის თეთრ ოვალურ კვერცხს. მატლი უფეხოა, ჭიისმაგვარი, იკვებება ზრდასრული რწყილების გამონაყოფით, 3-ჯერ იცვლის კანს და შემდეგ ჭუპრდება. 8-14 დღის შემდეგ ჭუპრიდან გამოდის ზრდასრული ფორმა. მსოფლიოში ცნობილი რწყილების 1500-მდე სახეობიდან  საქართველოში 45-ია გავრცელებული.
ადამიანზე პარაზიტობს ადამიანის, ვირთაგვას, ტარბაგანის და სხვა რწყილები. ისინი ტილებისგან განსხვავებით, მძიმე დაავდებების, მათ შორის შავი ჭირის გადამტანები არიან მღრღნელებს შორის და ასევე მღრღნელებიდან ადამიანზე. ვირთაგვას და თაგვის რწყილებს გადააქვთ  დაავადება – რიკეტსიები. რწყილები კიტრის სოლიტერის შუამავალი მასპინძლებია. რწყილის ორგანიზმში დიდხანს ცოცხლობენ და არ კარგავენ ვირულენტობას ფსევდოტუბერკულოზის, ბრუცელოზის, ციმბირის წყლულისა და სხვა დაავადებათა გამომწვევები.

რწყილი

რწყილებს გადააქვთ ლენტისებრი ჭიები, ტულარემია და ტიფი, ავრცელებენ ზოგიერთი ჰემორაგიული ცხელებისა და ლიმფოციტური ქორიომენინგიტის გამომწვევ ვირუსებსაც.
საცხოვრებელ სახლებში რწყილების კვერცხები შეიძლება აღმოვაჩინოთ იატაკის ნაპრალებში ან ნოხის ქვეშ. ნესტიან სარდაფებში, სადაც ხშირად იმყოფებიან ძაღლები და კატები. რწყილები გვხვდებიან ნაგავში, აგრეთვე გაზონებზე, სადაც მათი მატლები, მზისაგან დაცულ ადგილებში იკვებებიან მცენარეული ან ცხოველური ნარჩენებით. რწყილები ადამიანის კანს იოლად ღრღნიან, შემდეგ კი, ფერმენტებისა და ანტიკოაგულანტების შემცველ ნერწყვს ასხურებენ. ვინაიდან ანტიკოაგულანტები სისხლის შედედებას აფერხებენ, რწყილებს სისხლის წოვა უადვილდებათ, მათ ნერწყვში არსებული ფერმენტები კი, ადამიანის ორგანიზმის ალერგიულ რეაქციას იწვევს. რწყილის ნაკბენი ვიზუალურად, წითელი ლაქის მსგავსია, რომელიც ზოგჯერ უმნიშვნელო გაღიზიანებასა და ქავილს იწვევს, ზოგჯერ კი ძლიერ შესივებას.
რწყილის ნაკბენი როგორც კი შეგვაწუხებს, მაშინვე დაკბენილი არე ანტისეპტიკური საპნით უნდა ჩამოვიბანოთ და ანთების [პროფილაქტიკის მიზნით მასზე ყინულის ტომარა დავიდოთ, შემდეგ კი ანტისეპტიკური ხსნარი და მალამოები გამოვიყენოთ.რწყილებისგან თავის დასაცავად მათი განადგურებაა აუცილებელი, რასაც დეზინსექცია ეწოდება. მათი გავრცელების არეალები მუშავდება მომენტალური და ხანგრძლივი ზემოქმედების პრეპარატებით.

 

ტკიპები
მშიერი ტკიპები ხანგძლივი ზამთრის შემდეგ, დათბობისთანავე აქტიურდებიან, მშიერი თავს ესხმიან მღრღნელებს, სხვა ცხოველებს და ადამიანებს. სისხლის მოწოვის შემდეგ მაძღარი მდედრი ტკიპი ჩამოვარდება მასპინძელი ცხოველიდან და იწყებს კვერცხების დადებისათვის ადგილის ძებნას. ასეთ ადგილებს წარმოადგენს მღრღნელების სოროები, ნიადაგის ნაპრალები, ჩაღრმავებები, მცენარეების ფესვების ქვეშა სივრცეები და სხვა. კვერცხების რაოდენობა დამოკიდებულია მდედრის მიერ მოწოვილი სისხლის რაოდენობაზე. ტკიპები სწრაფად მრავლდებიან, რადგან თითოეული მდედრი ათასობით კვერცხს დებს.

ტკიპებს საშიში დაავადებები – შავი ჭირი, ლისტერიოზი, ერიზიპელოიდი, ლაიმის ბორელიოზი, პიროპლაზმოზი (ცხოველებში), რიკეტსიული ინფექციები, ტკიპისმიერი ენცეფალიტი და სხვა მრავალი. ადამიანი ავადდება დასნებოვნებული ტკიპების კბენით, ტკიპების მოცლის მცდელობისას მათი გაჭყლეტით, კანის დაზიანებულ ადგილებში ტკიპის შიგთავსის შეზელვით, ცხვრის კრეჭვის, ცხოველის დაკვლის ან გატყავების დროს.
ტკიპი ადამიანს შეიძლება მიეკრას მიწაზე ჯდომის, საველე სამუშაოების შესრულების ან ბუნებაში ყოფნის დროს. სხეულზე ტკიპების აღმოჩენის შემთხვევაში მათ მოცილებას ზეთში დასველებული ტამპონის მეშვეობით შევძლებთ. ამ დროს ტკიპებს ეკვრებათ სუნთქვა, თვითონვე შლიან ხორთუმს და ქვემოთ ვარდებიან. ხელით მოცლის შემთხვევაში კი, მათი ხორთუმი რჩება კანში და ტკივილის გარდა იწვევს ანთებით პროცესს. პროფილაქტიკა გულისხმობს მღრღნელების და მწერების მოსპობას, იატაკის ნაპრალების დაგმანვას, ნაგვის დაწვას. ნივთიერებებით გავრცელების არეალის დამუშავებას უნდა ჰქონდეს პერიოდული ხასიათი იმისათვის, რომ მატლმა კვერცხიდან გამოჩეკვა ვერ მოასწროს.

ბაღლინჯო
საწოლის ბაღლინჯო ადამიანისა და ზოგი თბილსისხლიანი ცხოველის პარაზიტია. იკვებება მხოლოდ სისხლით. ის იკბინება ბასრი  ნისკარტის საშუალებით და  ძირითადად აქტიურდება ღამმით, როცა მსხვერპლს სძინავს. ადამიანი ძილში ვერ გრძნობს კბენით გამოწვეულ ტკივილს, რანდგან ბაღლინჯოს ნერწყვი შეიცავს ტკივილგამაყუჩებელ ნივთიერებას. დღისით ბაღლინჯოები იმალებიან კედლების, საწოლის ნახვრეტებსა თუ ბზარებში. ჭიანჭველების მსგავსად, მათ არ ახასიათებთ ბუდეში ცხოვრება, ბინადრობენ მსხვერპლთან ახლოს. ისინი შესაძლოა არსებობდნენ შენობაში კარგი სანიტარული მდგომარეობის მიუხედავად. საწოლის ბაღლინჯო სწრაფად მოძრავი მწერია, რომელსაც დიდი მანძილის გადალახვა შეუძლია. მისი ნაკბენი შეიძლება ჰგავდეს რწყილის, კოღოს ნაკბენსა თუ აკნეს გამონაყარს. ამასთან ყველა ადამიანის რეაქცია საწოლის ბაღლინჯოს ნერწყვზე განსხვავებულია, ამიტომ ნაკბენის დათვალიერებით ძნელია დასკვნის გამოტანა, რომ ნამდვილად ბაღლინჯოა მიზეზი. ნაკბენი ჩნდება კბენიდან რამდენიმე საათში და აღინიშნება 2-3 დღე, შემდეგ ნელ-ნელა ქრება, მაგრამ თუ ადამიანი ალერგიულია, გამონაყარი შეიძლება 1 კვირა და მეტიც დარჩეს სხეულზე.

ბაღლინჯო

ბაღლინჯო მიდრეკილია იკვებოს ერთსა და იმავე ადგილას რამოდენიმეჯერ, ამიტომ მრავლობით ნაკბენს ისეთი ფორმაა აქვს, თითქოს საკერავი მანქანით ხაზი გაატარეს. ნაკბენები ჩნდება ყოველ ღამე, სანამ ადამიანს სძინავს. ანთების შესამცირებლად, ნაკბენი უნდა დამუშავდეს თბილი წყლით, ქავილისა და ინფექციის თავიდან აცილებისათვის  რეკომენდებულია ანტისეპტიკური ლოსიონი ან მალამო, ანტიჰისტამინური პრეპარატები. პროფილაქტიკა გულისხმობს თეთრეულის ცხელ წყალში გარეცხვას. შესაბამისმა სამსახურებმა სპეციალური ხსნარებით უნდა დაამუშავონ საწოლის მატრასი და კედლებიც კი.

კომენტარები